The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი

დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი
Date of birth:1856
Date of death:26 June, 1909  (at 53 years)
Category:Military Person

Biography

რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი (1897) დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი დაიბადა 1856 წელს, თბილისში. მისი ბიძა გახლდათ გენერალ-ადიუტანტი და სახელმწიფო საბჭოს წევრი, ლევან ივანეს-ძე მელიქიშვილი.

იურიდიული განათლება დავით ზაქარიას-ძეს პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. თანამედროვენი მას ახასიათებენ, როგორც უაღრესად განათლებულ ადამიანს, კარგ ორატორს და უდიდეს პატრიოტს.

კარიერის დასაწყისში დავით მელიქიშვილი იყო კამერ-იუნკერი, შემდეგ სასახლის კარის ეგერმაისტერი, კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში ის გახლდათ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. 1903 წელს ამ თანამდებობიდან გადადგა კავკასიის მეფისნაცვალ გრიგოლ გოლიცინთან უთანხმოების  გამო.

1902 წელს, ნიკო ცხვედაძისა და ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციით, დავით მელიქიშვილი გახდა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში. 

დავითი და ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ენათესავებოდნენ. ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილი, დავითის მეუღლის რუსუდან დიმიტრი-ასულ სტაროსელსკის (1870-1958) დეიდა გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამ ნათესაური კავშირისა, ისინი ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს რუსეთის საკითხებში. დავითს გულწრფელად სჯეროდა, რომ თუ რუსეთს ერთგულებას დავუმტკიცებდით, ხელმწიფე იმპერატორი საქართველოსთვის ბევრ სასიკეთო რამეს გამოიმეტებდა. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ 1901 წელს, საქართველოს რუსეთთან შეერთების ზეიმზე, ქვეყანა რუსეთისგან წყალობას მიიღებდა: დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას და ბევრ სხვა სიკეთეს, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რამაც ძალიან აღაშფოთა. დავითმა საჯაროდ განაცხადა, რომ დროა რუსეთის ხელმწიფეს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავისი ნებით გაუღო რუსეთს დარიალის კარი და ამრიგად, მას საშუალება მისცა აღმოსავლეთში ფეხი მოეკიდა. ამასთან საქართველოს სამაგიეროდ არაფერი არ მიუღია და დღეს, ამ ყველაფრის გამო, გადაგვარების გზას ადგიაო. ამ განცხადებას, იმ პერიოდში, დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ჰქონდა.

დავითისა და რუსუდან სტაროსელსკის ქალიშვილი ეკატერინე (ინა) მელიქიშვილი (1903-1990) ცოლად გაჰყვა ალექსანდრე  (შურა) მაკინსკის (1900-1988), რომელიც წარმოშობით ირანის ხანის შთამომავალი იყო და მისი წინაპრები რუსეთის იმპერიის სამსახურში იყვნენ.

ალექსანდრე მაკინსკის დედა პოლონელი გახლდათ. საქართველოს გასაბჭოების მერე ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ძირითადად ცხოვრობდნენ პარიზში. ალექსანდრე მაკინსკი იყო კოკა-კოლას ექსპორტის წარმომადგენელი ევროპაში და 1960-იან წლებში რამდენჯერმე ჩამოვიდა მოსკოვსა და ლენინგრადში. მეუღლის ნათესავების მოსანახულებლად თბილისშიც ჩამოდიოდა. შემდგომში საბჭოთა სპეცსამსახურებმა მას აუკრძალეს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა, რადგან ამერიკის მოქალაქე იყო და ამერიკის სადაზვერვო სამსახურში მსახურობდა. საბჭოთა პრესაში მისი სადაზვევრვო საქმიანობის მამხილებელი მასალები დაიბეჭდა სათაურით „იმპერიალიზმის ფარული ომი“.

ეკატერინე მელიქიშვილი დედასთან და მეუღლესთან ერთად  დასაფლავებულია პარიზში სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.

დავით მელიქიშვილი 1909 წლის 26 ივნისს, თბილისში გარდაიცვალა.

წყარო:

1 https://mematiane.ge/product-details.php?id=1364&lang=ru


Share: