The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ჩიკოიძე

მიხეილ ჩიკოიძე
Date of birth:1851
Date of death:1897  (at 46 years)
Category:Politician

Biography

მიხეილ ნიკოლოზის ძე ჩიკოიძე 1851 წელს დაიბადა გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. ჯერ სწავლობდა კავკასიის პირველ მესანგრეთა ბატალიონის სამხედრო სკოლაში, ხოლო 1869 წ. შევიდა თბილისის მიწათმომწყობთა სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1872 წელს. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა თბილისის გიმნაზიის მოსწავლეთა რევოლუციურ წრეში.

1872 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც მიატოვა 1873 წელს და სწავლის გასაგრძელებლად ივანე ჯაბადართან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. ცხოვრობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში.

მიხეილ ჩიკოიძე შვეიცარიაში დაუახლოვდა საზოგადოება „უღელის“ ხალხოსნურ ფრთას და „ფრიჩებს“ (რუსი სტუდენტი ქალიშვილების რევოლუციურ-ხალხოსნური წრე).

რუსეთში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციური ორგანიზაციის“ საქმიანობაში.

თანამედროვეთა დახასიათებით იყო მგზნებარე რევოლუციონერი. ცნობილი იყო მეტსახელით „თევდორე“. პროპაგანდას ეწეოდა ძმები ტიულიავების ქარხანაში. კავშირი ჰქონდა ქართველ ხალხოსნებთან. ეხმარებოდა მათ რჩევა-დარიგებით, ამარაგებდა საჭირო ლიტერატურით და სხვა.

1874-1875 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, გაზეთ „ვპერიოდის“ რწმუნებულის (აგენტი) რანგში.

დააპატიმრეს მოსკოვში 1875 წლის 4 აპრილს.

„სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციური ორგანიზაციის“ წევრთა ერთი ნაწილი, რომელთა წინააღმდეგაც ჟანდარმერიამ შეძლო საკმარისი ოდენობის საბრალდებო მასალის შეგროვება, 1877 წელს გაასამართლეს ცნობილ „50-ის პროცესზე“. მათ შორის აღმოჩნდა მიხეილ ჩიკოიძეც.

მას მიესაჯა სამუდამო გადასახლება ციმბირში. გაგზავნეს ირკუტსკის მივარდნილ ქალაქ კირეენსკში, საიდანაც 1881 წელს გამოიქცა და ნაროდოვოლცებთან ერთად განაგრძო რევოლუციური საქმიანობა.

1882 წლის აპრილში კვლავ დააპატიმრეს და უკანვე გააგზავნეს აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში.

გადასახლებიდან გამოქცევისთვის მიესაჯა 3 წლით საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ 10 წლით ციმბირში გადასახლება.

საკატორღო ვადის დამთავრების შემდეგ, 1886 წლის მარტში ხელისუფლების განკარგულებით იაკუტიის ოლქში დასახლდა. აქ მან ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას და ადგილობრივ მოსახლეობასაც ეხმარებოდა კულტურული მიწათმოქმედების განვითარების საქმეში.

1892 წლის გაზაფხულზე მას ნება დართეს გადასულიყო გლეხთა კატეგორიაში, მაგრამ მხოლოდ 1900 წელს, ე. ი. დაპატიმრებიდან 25 წლის გასვლის შემდეგ მიიღებდა რუსეთის იმპერიის სხვა მხარეში ცხოვრების უფლებას.

დათქმულ ვადამდე მიხეილ ჩიკოიძემ ვერ მიაღწია. ტუბერკულიოზით დაავადებული 1897 წელს გარდაიცვალა შორეულ ციმბირში.

წყარო:

1. ფერაძე ვახტანგ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობ ისტორიის ნარკვევები (X-XXI სს ) /. ფერაძე; . მუმლაძე. - თბ., 2008. - გვ. 177 

2. შველიძე ზაქარია. მიხეილ ნიკოლოზის ძე ჩიკოიძე. ამიერკავკასიელები "სრულიად რუსეთის სოფიალურ-რევოლუციური ორგანიზიციაში (1874-1876 წწ.) / ზაქარია შველიძე. - თბილისი, 1974. - გვ. 114-119


Share: