The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იაკობ ალხაზიშვილი

იაკობ ალხაზიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1826
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1896  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზიშვილი (ალხაზოვი) დაიბადა 1826 წლის 1 იანვარს გორის მაზრის ერთ-ერთ სოფელში, დიდგვაროვან ოჯახში.

1844 წელს საუკეთესო შედეგით დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა მე-2 კორპუსი. მისი სახელი დატანილია სასწავლებლის მარმარილოს დაფაზე,

იმავე წლის 10 აგვისტოს, პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა ლეიბ-გვარდიის ფინეთის პოლკში, სადაც თითქმის 20 წელი იმსახურა.

1848 წლის 11 აპრილს პოდპორუჩიკის ჩინი მიიღო, ხოლო, 1849 წლის 3 აპრილს პორუჩიკობა ებოძა.

მონაწილეობდა რუსეთის არმიის თითქმის ყველა იმდროინდელ ლაშქრობასა და სამხედრო ოპერაციაში: 1849 წელს, ფინეთის პოლკის შემადგენლობაში იბრძოდა უნგრეთში; 1853-1856 წწ. - ყირიმის ომში.

1953 წლის 6 დეკემბრიდან უკვე შტაბს-კაპიტანია.

1854 წელს ის იყო იმ ჯარების შემადგენლობაში, რომლებიც იცავდნენ პეტერბურგისა და ვიბორგის გუბერნიების სანაპიროებს მოკავშირე ანგლო-ფრანგული ფლოტის დესანტისგან.

1855 წელს დანიშნეს როტის მეთაურად, რომელსაც 8 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა.

1860 წლის 30 აგვისტოს კაპიტნად დააწინაურეს.

1863-1864 წწ. მსახურობდა პოლონეთში.

1874 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა კავკასიის ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 

თავი გამოიჩინა 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომში.

1877 წლის 13 ივნისს იაკობ ალხაზიშვილმა გურიის, იმერეთისა და ენგურის რაზმებით ილორთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალთა დიდი დესანტი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა დასავლეთ საქართველოს. 15 ივნისს ოჩამჩირის მახლობლად მან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უკუქცეულ მტერს და 20 აგვისტოს ბრძოლით დაიკავა სოხუმი.

1877 წლის 6 სექტემბერს აფხაზეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისთვის მე-2 ბრიგადის მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაური იაკობ ალხაზიშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით

1878 წ. მონაწილეობდა ალაჯის ბრძოლაში. რუსეთის არმიის მიერ ყარსის ციხესიმაგრის გარემოცვის დროს იერიშით აიღო ორი ფორტი და ქუთაისის  ქვეითი ათასეულით ქალაქში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის 1878 წ. გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიენიჭა.

მის პატივსაცემად ყარსში ერთ-ერთ ქუჩას „ალხაზოვსკაია“ უწოდეს.

1878 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა კავკასიის 41-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად; 1883 წლიდან ხელმძღვანელობდა კავკასიის გრენადერთა დივიზიას, ხოლო 1885 წლიდან კავკასიის არმიის  მე-3 კორპუსს.

1891 წელს მიენიჭა ინფანტერიის გენერლის წოდება.

1894 წლიდან სიკვდილამდე იყო რუსეთის სამხედრო საბჭოს წევრი და საბჭოსთან შექმნილი  ყაზარმების მოწყობის კომისიის თავმჯდომარე.

რუსეთის იმპერიის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის იაკობ ალხაზოვს მიღებული ჰქონდა: ბრილიანტის ბეჭედი იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვენზელით (1868 და 1871 წწ.); წითელი არწივის პრუსიის მეორე ხარისხის ორდენი (1878); მონტენეგროს მედალი (1878); თეთრი არწივის ორდენი (1882); წმ. ალექსანდრე ნევსკი (1889, ამ ორდენისთვის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები მიენიჭა 1894 წელს); განმასხვავებელი ნიშანი „XL წლის უმწიკვლო სამსახურისთვის“ (1886) და სხვა.

დაქორწინებული იყო ეკატერინე ტერ-მიქელოვზე, ასტრახანელი ვაჭრის ასულზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი ნინა (1875-1922) და ვაჟი გიორგი (1878-1924).

1880-1885 წლებში იაკობ ალხაზიშვილი თბილისში ცხოვრობდა. 1888 წლის მარტიდან ახალ სამსახურებრივ დანიშვნასთან დაკავშირებით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც, 1896 წლის 3 ნოემბერს.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.345-346 

https://ru.wikipedia.org/wiki/ Алхазов,_Яков_Кайхосрович

https://ka.wikipedia.org/wiki/იაკობ_ალხაზიშვილი


გააზიარე: