Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დავით იოსების ძე ბებუთოვი![]()
Biographyბებუთაშვილები (ბებუთოვები) საქართველოში, ქართლში, დასახლდნენ XVI ს-ში. მოვიდნენ სომხეთიდან, ყარაბაღიდან. XVII ს-ში მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII საუკუნის შუა წლებში თეიმურაზ II აზნაურობა უბოძა, 1783 წელს ერეკლე II — თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელიქ-მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. გენერალ-ლეიტენანტი დავით იოსების ძე ბებუთოვი (ბებუთაშვილი) დაიბადა 1793 წლის 11 იანვარს თბილისში, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკის ოჯახში. მისი უფროსი ძმა, ვასილ ბებუთოვი (1791-1858) ინფანტერიის გენერალი იყო. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1811 წელს დავითი ჩაირიცხა იუნკრად ნარვის დრაგუნთა პოლკში, რომელიც მაშინ მოქმედებდა კახეთის მთიელთა წინააღმდეგ. 1812 წლის 4 დეკემბერს ოფიცრის თანამდებობაზე დააწინაურეს. 1813-1814 წლებში მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. 1819 წელს მონაწილეობა მიიღო დაღესტნის ექსპედიციაში. 1820 წელს უკვე ესკადრონს მეთაურობდა. მონაწილეობდა ყაზი-ყუმიხის სახანოს დამორჩილებაში და ქ. ხოზრეკის შტურმში. 1825 წელს მეთაურობდა 22-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადას. 1829 წლიდან კავკასიაში მსახურობდა. 1828-1829 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს იყო ახალციხის შტურმის მონაწილე. ცალკე კავკასიური კორპუსის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 1830 წლის ლაშქრობებში ჭარ-ბელაქნელ ლეკთა და ოსთა წინააღმდეგ. 1832 წელს მონაწილეობდა ჩაჩნეთის სამხედრო ექსპედიციაში. 1833 წელს ასრულებდა ჭარ-ბელაქნის ოლქის უფროსისა და ახალ ზაქათალას ციხე-სიმაგრის კომენდანტის თანამდებობას, 1834 წელს ფელდმარშალ ივანე პასკევიჩის (ერივანსკი) ხელქვეით მყოფი კავკასიის პოლკების ნაკრებთან ერთად გაემგზავრა პოლონეთში. პასკევიჩმა მას დაავალა მუსლიმ ცხენოსანთა პოლკის ფორმირება და მათი გადაყვანა პოლონეთის სამეფოში. ბებუთოვმა დავალებას თავი წარმატებით გაართვა. მან ბევრი გააკეთა თავისი პოლკის ფორმირებისა და სათანადო დონეზე აყვანის საქმეში. პოლონეთში იგი მსახურობდა მოქმედი არმიის შტაბში, იყო ზამოსტიეს ციხე-სიმაგრის კომენდანტი. 1835 წლის 2 მარტს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1846 წლის თებერვალში თავის პოლკთან ერთად დაიძრა კრაკოვისკენ, გრაფ რიდიგერის რაზმების დასახმარებლად, რომელიც მოქმედებდა პოლონელების წინააღმდეგ. იმავე წლის 19 თებერვალს დავით ბებუთოვი შევიდა ქალაქში, შემდეგ კი, თავად ბარიატისკისთან ერთად, დაედევნა აჯანყებულ პოლონელებს და სდია მათ პრუსიის საზღვრამდე, სადაც ისინი დანებდნენ, და დაყარეს იარაღი. 1846 წლის 17 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დატოვებულ იქნა თავისი პოლკის მეთაურად. 1849 წლის უნგრეთის კამპანიის პერიოდში, მონაწილეობდა ვაიცენისა და დებრეცენის ბრძოლებში. თავი ისახელა 1853–1856 წწ. ყირიმის ომში. 1856 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი უბოძეს. პასკევიჩის სიკვდილისა და მუსლიმთა პოლკის კავკასიაში დაბრუნების შემდე, დავით ბებუთოვი დატოვებულ იქნა ვარშავაში I-ი არმიის მთავარსარდლის დაქვემდებარებაში. 1861-1867 წლებში იყო ვარშავის სამხედრო კომენდანტი. გარდაიცვალა 1867 წლის 11 მარტს, ვარშავაში. დაკრძალულია იქვე, ვოლსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის დ. ბებუთოვი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებთან ერთად დაჯილდოებული იყო: ოქროს ხმლით (წარწერით „მამაცობისათვის“, ბრილიანტებით, 1854); „თეთრი არწივის“(1862); „წმ. ალექსანდრე ნეველის“(1865) ორდენებით; მიღებული ჰქონდა უცხოეთის ჯილდოები: პრუსიის „წითელი არწივის“ (1851 და1864); ავსტრო-უნგრეთის „წმ. ლეოპოლდის“ (1850) და სხვ. დაჯილდოებული იყო, აგრეთვე, ოქროს სათამბაქოთი იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვენზელით (1856). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.386 https://ru.wikipedia.org/wiki//Бебутов,_Давид_Осипович გოგიტიძე, მამუკა. დავით იოსების ძე (ოსიპის) ძე ბებუთოვი // სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან)/ მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2014. - გვ. 55-57
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |