The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ ბებუთოვი

ვასილ ბებუთოვი
Legal name:ვასილ ბებუთასვილი
Date of birth:1 January, 1791
Date of death:7 April, 1858  (at 67 years)
Burial location:სურბ-გევორქის სომხური ეკლესიის ტერიტორია, თბილისი
Category:Military Person

Biography

ინფანტერიის გენერალი (06.01.1857) ვასილ ბებუთოვი (ბებუთაშვილი) დაიბადა თბილისში, 1791 წლის 1 იანვარს. თავადის მამა, იოსები, იყო იულონ ბატონიშვილის მოლარეთუხუცესი. 1805 წელს იგი დააჯილდოვეს რუსული სამსახურის პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით. ვასილის ძმა -დავითი (1793-1867), გენერალ-ლეიტენანტი, მსახურობდა ვარშავის კომენდანტად.

ბებუთაშვილები (ბებუთოვები) საქართველოში, ქართლში, დასახლდნენ XVI ს-ში. მოვიდნენ სომხეთიდან, ყარაბაღიდან. XVII ს-ში მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს-ის შუა წლებში თეიმურაზ II-მ ბებუთოვების გვარს აზნაურობა უბოძა, ხოლო 1783 წელს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის სიგელის თანახმად მათ გვარს თავადის წოდება მიენიჭა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელიქ-მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. 

ვასილ ბებუთოვი აღიზარდა პეტერბურგის I კადეტთა კორპუსში (1807-1809), სადაც მისი პორტრეტი, როგორც ფრიადოსანი კადეტისა ეკიდა სამკითხველოში.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1809 წელს, პრაპორშჩიკად, ხერსონის გრენადერთა პოლკში, რომელიც განლაგებული იყო საქართველოში.

1809–1811წწ. მსახურობდა საქართველოს მთავარმართებელთან.

გენერალ ტორმასოვის ადიუტანტად ყოფნის დროს მონაწილეობდა ოსმალეთის კამპანიაში და ახალციხის ბრძოლაში (1810).

1811 წელს პოდპორუჩიკი გახდა.

1812 წელს, როგორც მარკიზ პაულუჩის ადიუტანტმა, მონაწილეობა მიიღო მაკდონალდის ჯარების დევნაში, რიგიდან მემელამდე.

1813 წელს გადაყვანილ იქნა ლაიბ-გვარდიის სემიონოვსკის პოლკში. ამავე წელს მიენიჭა პორუჩიკის წოდება.

მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში.

1816 წელს დაბრუნდა კავკასიაში და დაინიშნა მხარის ახალი უფროსის, გენერალ ა. ერმოლოვის ადიუტანტად. ევალებოდა, როგორც სამხედრო ისე ადმინისტრაციული სამსახური.

1816 წლის 29 აგვისტოს შტაბს-კაპიტანი გახდა.

1817 წელს თან ახლდა ა. ერმოლოვს ირანში ელჩობის დროს. დიპლომატიური მისიის მსვლელობისას ასრულებდა სამხედრო ატაშეს მოვალეობას. იმყოფებოდა ქ. თავრიზსა და თეირანში. გაეცნო თავდაცვითი გამაგრებების სისტემას.

ვასილ ბებუთოვი ბრწყინვალედ ფლობდა თურქულ, სპარსულ, სომხურ, ფრანგულ, ქართულ და რუსულ ენებს.

1819 წლის 14 მარტს კაპიტნად დააწინაურეს.

იმავე წელს იმყოფებოდა დაღესტნის ორ ექსპედიციაში: 1819 წელს მონაწილეობდა კაჩელიკელებისა და აკუშელების (სოფლები დაღესტანში) დარბევაში, ხოლო 1820 წელს კი ყაზი-ყუმუხის სახანოს დამორჩილებაში.

1821 წლის 4 იანვარს ბებუთოვი ჩარიცხულ იქნა ლაიბ-გვარდიის მოსკოვის პოლკის სიებში.

1821 წლის 14 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. იმავე წელს გადაყვანილ იქნა კარაბინერთა მე-7 პოლკში, ხოლო 23 ივლისს დაინიშნა მინგრელსკის ეგერთა პოლკის მეთაურად.

1825 წლის 25 სექტემბერს სათავეში ჩაუდგა 22-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადას. იმავდროულად, დაინიშნა იმერეთის მმართველად და იმერეთში განლაგებული ჯარების სარდლად.

ოსმალეთთან კამპანიის დაწყების წინ, 1828 წლის 25 მარტს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და გადაყვანილ იქნა 22-ე ქვეითი დივიზიის უფროსის განკარგულებაში.

ამავე წელს გენერალ ი. პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ახალციხის აღებაში.

1830 წლის 13 თებერვალს დაინიშნა ახლად შემოერთებულ სომხეთის ოლქის უფროსად, რომელსაც იგი მართავდა რვა წლის განმავლობაში - ჩამოაყალიბა ადმინისტრაცია, სწორად მოაწყო სახაზინო შემოსავლების გადანაწილება და საერთოდ შეძლო ოლქის მართვისათვის შემოეღო დროებითი წესები. სხვათა შორის, ვასილ ბებუთოვმა დაასრულა სპარსეთთან რუსეთის იმპერიის სამფლობელოების საბოლოოო საზღვრების დადგენა.

1830 წლის 17 აგვისტოს გაამწესეს ახალციხის პაშალიკის უფროსად. ეს იმით  იყო განპირობებული, რომ იგი კარგად იცნობდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ყოფას. მან შესძლო ახლადშემოერთებულ მხარეში სიმშვიდის დამკვიდრება.  

1838 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრად, ხოლო 1840 წლის 2 მაისს გადაყვანილ იქნა პოლონეთის სამეფში, სადაც იმყოფებოდა მოქმედი არმიის მთავარი შტაბის განკარგულებაში. 1842 წელს დაინიშნა ზამოსტიეს ციხესიმაგრის კომენდანტად.

1843 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა ,,გენერალ-ლეიტენანტის,, სამხედრო წოდება. იმავე წლის 5 დეკემბერს იყო მიწერილი კავკასიის ცალკე კორპუსთან. 1844 წლის 13 თებერვალს მიავლინეს ჯარების სარდლად ჩრდილოეთ და მთიან დაღესტანში.

1845 წელს ბებუთოვმა მიიღო მონაწილეობა შამილის მიურიდების წინააღმდეგ ლაშქრობაში, გაწმინდა მათგან აულები ანდი და გუმბეთი, მოაწყო იქ მაღაზია და ამარაგებდა ექსპედიციის ჯარებს სურსათ-სანოვაგით.

1846 წლის შემოდგომაზე, შამილმა დრო იხელთა და შემოიჭრა დარგოს ოლქში, მაგრამ თავადმა ბებუთოვმა არ მისცა მას დრო არც აჯანყების განვითარებისა და არც დაკავებულ ადგილზე გამაგრებისთვის. 13 ოქტომბერს ბებუთოვმა შტურმით აიღო აული აიმიაკი, რომელიც მიემხრო შამილს, და იმავე დღეს გაანადგურა თვით შამილი სოფელ კუტიშისთან.

1847-1853 წწ. იყო ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს უფროსი და თავმჯდომარე.

1853-1856 წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში. დავალებული ჰქონდა განსაკუთრებული კორპუსის მეთაურობა, რომელიც განლაგებული იყო ოსმალეთის საზღვარზე ახალქალაქიდან ერევნის ჩათვლით.

მისი მეთაურობით რუსეთის ჯარებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს ოსმალებზე ბაშკადიკლარის (1853 წლის 19 ნოემბერი) და ქურუქ-დარის (1854 წლის 24 ივლისი) ბრძოლებში.

ბრძოლა სოფელ ქურუქ-დარასთან, სადაც მან 18-ათასიანი რაზმით გაანადგურა თურქების 60-ათასიანი ჯარი, მუშირ ზარიფ მუსტაფა ფაშას სარდლობით, ვასილ ბებუთოვის სამხედრო კარიერის უმაღლეს მწვერვალად უნდა ჩაითვალოს. ამ წარმატებული სამხედრო ოპერაციისთვის ის დაჯილდოვდა რუსეთის უმაღლესი ჯილდოთი - წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით (ეს იყო განსაკუთრებული ჯილდო გენერალ-ლეიტენანტის წოდებაში მყოფი პირისათვის).

1854 წლის 29 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა და მთავარსარდალმა  ნ. მურავიოვმა თავად ბებუთოვს დააკისრა იმ ჯარების სამოქალაქო ნაწილის მმართველობა, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი კორპუსის შემადგენლობაში.

1857 წელს სამსახურიდან გადადგა.

სიკვდილამდე ორიოდე თვით ადრე დაინიშნა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრად.

ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა (კუჭის კიბოთი) 1858 წლის 7 აპრილს. მას მთელი კვირა ეთხოვებოდა თბილისის მოსახლეობა.

დაკრძალული იყო თბილისის ვანქის ტაძრის სასაფლაოზე, ბებუთოვების საგვარეულო აკლდამაში. 1936 წელს ტაძრის დემონტაჟთან დაკავშირებით, მისი ცხედარი გადაასვენეს თბილისის სურბ-გევორქის სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე, სადაც განისვენებს დღემდე (მისი საფლავი დაცულია სახელმწიფოს მიერ).

ვასილ ბებუთოვი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცეპრეზიდენტი და რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების თავმჯდომარე.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. ვლადიმირისა და წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ოქროს ხმლით (წარწერით „მამაცობისათვის“, ბრილიანტებით, 1829); „თეთრი არწივის“(1847); „წმ. ალექსანდრე ნეველის“(1849) ორდენებით; წარჩინების ნიშნებით 25-წლიანი (1835) და 40- წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის (1852); მიღებული ჰქონდა უცხოეთის ჯილდოები: სპარსეთის „ლომისა და მზის“, მე-II (1817) და I-ი ხარისხის (ალმას.-1835); სპარსეთის შაჰის, შაჰ ნასრედინის პორტრეტი (ალმასებით, მკერდზე სატარებლად, 1851) და სხვა.

ვასილ იოსების ძე დაქორწინებული იყო მარია სოლომონის ასულ არგუტინსკაია-დოლგორუკოვაზე. მათ ორი ვაჟი ჰყავდათ: იოსები და ნიკოლოზი (1839-1904, გენერალ-მაიორი).

წყარო

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.386

2. გოგიტიძე, მამუკა. ვასილ იოსების ძე (ოსიპის) ძე ბებუთოვი // სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან)/ მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2014. - გვ. 50-54

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ვასილ_ბებუთოვი 

 


Share: