The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე თოთიბაძე

კონსტანტინე თოთიბაძე
Other name:კოსტია  (Acronym)
Date of birth:8 September, 1969  (54 years)
Category:Painter

Biography

ქართული წარმოშობის რუსი მხატვარი და ილუსტრატორი კონსტანტინე (კოსტია) თოთიბაძე დაიბადა 1969 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მხატვრების ოჯახში.

მამა - გიორგი (გოგი) კონსტანტინეს ძე თოთიბაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო 10 წლის განმავლობაში (1972-1982 წწ). დედა - ნანა ქუთათელაძეც მხატვარი.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია კონსტანტინეს ბაბუის, ფერმწერ-ბატალისტის აპოლონ ქუთათელაძის სახელს ატარებს. მხატვრები არიან  მისი ვაჟებიც - გურამ და ყარამან ქუთათელაძეები, ხოლო ტარიელი - არქიტექტორია.

1977 წელს, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ნანა ქუთათელაძე სამ შვილთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. აპოლონ ქუთათელაძე 1929-1941 წლებში მოსკოვში,  მხატვრების დასახლებაში ცხოვრობდა. ჰქონდა სახელოსნო და საცხოვრებელი, სადაც ოჯახი დაბინავდა.

ბავშვები ხელოვანთა გარემოცვაში გაიზარდნენ. უფროსი ვაჟი, გიორგი, ისევე როგორც კონსტანტინე, ფერმწერი გახდა. მათი და, მარია კი დიზაინერია. ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში.

1985 წელს კონსტანტინე თოთიბაძე ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო აკადემიურ სამხატვრო სასწავლებელში (МАХУ). მისი პირველი მასწავლებელი ფერწერაში იყო დიმიტრი ივანეს ძე ხამინი.
1988 წელს მან ხელოვნების შესწავლა განაგრძო თბილისში, ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში.

1989-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გიორგი ალექსი-მესხიშვილის, ფარნაოზ ლაპიაშვილისა და გიორგი (გოგი) თოთიბაძის სახელოსნოებში. ამ პერიოდში მის მიერ შექმნილი თბილისის პეიზაჟების სერია შესრულებულია თავისუფალი ექსპრესიული მანერით.

1992 წელს კონსტანტინე დაქორწინდა ოლგა ნიკოლაევნა შესტერიკოვაზე.

1994 წლიდან 1995 წლამდე ცხოვრობდა პარიზში, სადაც დაიწყო მუშაობა ნატურმორტების სერიაზე, რაც შემდგომში იქცა მხატვრის შემოქმედების მთავარ ჟანრად და თემად.
1996 წელს, ჰონგ კონგში ცხოვრების პერიოდში შექმნა ნახატების სერია, რომელიც მოგვიანებით შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა - იაპონური დიასპორის წარმომადგენლებმა.
1997-1998 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სან-ფრანცისკოში.

2000 წლის შემდგომი პერიოდის ნატურმორტების ახალ სერიაში ჩანს მისი უნარი გამოკვეთოს კონტრასტი მის მიერ შერჩეულ ირონიულ სიუჟეტებსა და ხატვის ნეოკლასიკურ სტილს შორის.

2007 წლიდან მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე სახელოსნოში.

2016 წლის 28 იანვარს, კონსტანტინემ, მისმა ძმამ, გიორგიმ, კინორეჟისორმა მარინა წურწუმიამ და გიორგი ტაშკერმა მოსკოვის თანამედროვე  ხელოვნების ცენტრში (ვინზავოდში) გახსნეს სამხატვრო გალერეა „Totibadzé Gallery“.

გალერეაში, მისი არსებობის განმავლობაში წარმოდგენილ იქნა ათეულობით მხატვრის ნამუშევრები. მათ შორის: ალიონა კირცოვა, ოლგა და ალექსანდრე ფლორენსკები, ალექსანდრე ზახაროვი, რუბენ მონახოვი, სერგეი ზუევი, მიურიელ რუსო, ანდრეი სარაბიანოვი და სხვ.

კონსტანტინე თოთიბაძე არის რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი.

მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. ხშირად ყიდის თავის ნახატებს თანხების მოსაზიდად ბავშვთა სახლებისთვის და უპოვართა დასახმარებლად. დაეხმარა 1915 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულებსაც.
კონსტანტინე თოთიბაძის ნამუშევრები წარმოდგენილია რამდენიმე ხელოვნების მუზეუმსა და გალერეაში. მათ შორის: მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და აღმოსავლური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებში. მაგ. როგორიცაა: "პეიზაჟი" (MMoMA, მოსკოვი), თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის ბიენალე (მოსკოვი), "რუსი მხატვრების გამოფენა", გალერეა "დიანა" (ვაშინგტონი, აშშ). ასევე ჰქონდა პერსონალური გამოფენა გალერეაში "კინგი" (ბერკლი, აშშ) და ა.შ.
2012 წლიდან კონსტანტინე თოთიბაძე საერთაშორისო აუქციონის სახლის ფილიპსის რეგულარული პრეტენდენტია. 

კონსტანტინე და გიორგი თოთიბაძეები ხატვის გარდა სხვა პროექტებითაც არიან დაკავებულნი. 2008 წელს გამოსცეს კულინარიული რეცეპტების წიგნი ''საქართველო. პირველი, მეორე, მესამე''. ტექსტებისა და ილუსტრაციების ავტორები თავადვე არიან.
წიგნისთვის თავიანთი ახლობელი ქალბატონებისგან ჩაიწერეს რეცეპტები - დიდი გოგი თოთიბაძის მეუღლისა და ცნობილი საოპერო მომღერლის ცისანა ტატიშვილის საფირმო ხარჩო, ნანა ზანდუკელის საცივი...
ასევე გამოსცეს ''იტალიის კულინარიული მეგზური'', თანაავტორ იტალიელ შეფმზარეულთან ერთად.

ძმები თოთიბაძეები რეცეპტებს დღესაც მთელ მსოფლიოში აგროვებენ. გარდა ამისა, სხვა ცხოვრებისეული გატაცებაც აქვთ, ისიც საერთო - დიდი ხანია, სერიოზულად ვარჯიშობენ კარატეში.
კონსტანტინე ბავშვობიდან ვარჯიშობს კარატეს ერთ-ერთ ვარიანტში - შიტო-რუიში. ის რუსეთის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია.

თოთიბაძეები მოსკოვში ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ. მათ სახლში 13 ადამიანი ცხოვრობს. გიორგი და მისი მეუღლე სამი ქალიშვილით და კონსტანტინე და მისი მეუღლე, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავთ - სამი გოგო და სამი ბიჭი: ანტონი (1993), მარია (მუსია, 1996), ნინო (2002), თამარი (2005), დავითი (2007), გიორგი (2009).

წყარო

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Тотибадзе,_Константин_Георгиевич

2. https://m.facebook.com/media/set/?set=a.1818727864951910&type=3&comment_id=1818801868277843 

3. https://en.wikipedia.org/wiki/Konstantin_Totibadze

 


Share: