The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი თოთიბაძე

გიორგი თოთიბაძე
Date of birth:28 August, 1967  (56 years)
Category:Painter

Biography

მხატვარი და ილუსტრატორი გიორგი თოთიბაძე (გეორგი ჯორჯევიჩი) დაიბადა 1967 წლის 28 აგვისტოს, თბილისში. მისი მამა - მხატვარი გიორგი (გოგი) კონსტანტინეს ძე თოთიბაძე 1972-1982 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი. თავად სამხატვრო აკადემია კი მისი ბაბუის, ფერმწერ-ბატალისტის აპოლონ ქუთათელაძის სახელს ატარებს. მხატვრები არიან გიორგის დედა, ნანა და ბიძები - გურამი და ყარამანი, ხოლო, მესამე ბიძა, ტარიელ ქუთათელაძე, არქიტექტორია.  

ცხოვრების პირველი წლები გიორგიმ, ძმასთან კონსტანტინესთან და დასთან, მარიასთან ერთად თბილისში გაატარა.

1977 წელს, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ნანა ქუთათელაძე სამი  შვილით მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. დაბინავდნენ მხატვართა დასახლებაში, სადაც  აპოლონ ქუთათელაძეს 1920-იანი წლებიდან (1929-1941) ჰქონდა სახელოსნო და საცხოვრებელი.

ბავშვები ხელოვანთა გარემოცვაში გაიზარდნენ. ორივე ვაჟი ფერმწერი გახდა. მათი და, მარია კი დიზაინერია. ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში.

გიორგი ადრეულ პერიოდში გაიტაცა ისტორიული სიუჟეტების ხატვამ, რომლებიც შთაგონებული იყო ბერძნული მითოლოგიით. შეიძლება მასზე გავლენა მოახდინა ბაბუის, აპოლონ ქუთათელაძის შემოქმედებამ, რომელიც ბატალური ჟანრის მხატვარი  იყო.

დამწყები ფერმწერის შემდგომ შემოქმედებით ცხოვრებაზე გავლენა მოახდინეს მეზობლად მცხოვრებმა მხატვრებმა - ალექსანდრე ტაშლერმა, სიმბოლისტმა-ილუსტრატორმა და დიმიტრი ხამინმა, რომელიც გახდა გოგის ხატვის პირადი მასწავლებელი.

1982 წელს გიორგი თოთიბაძე ჩაირიცხა მოსკოვის (1905 წლის ხსოვნის სახელობის) სახელმწიფო აკადემიურ სამხატვრო სასწავლებელში (МАХУ), რომელიც 1986 წელს დაამთავრა სცენოგრაფის დიპლომით და სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც დაჰყო 1991 წლამდე. მისი მასწავლებლები იყვნენ - გოგი თოთიბაძე და გიორგი ალექსი-მესხიშვილი.

1993 წლიდან 1994 წლამდე გიორგი თოთიბაძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში, სადაც მისი ხატვის სტილი უფრო ლირიკული გახდა. ამ პერიოდს მიეკუთვნება პორტრეტების სერია.

1996 წელს, ჰონგ კონგში ცხოვრების პერიოდში შექმნა ნახატების სერია, რომელიც მოგვიანებით იყიდეს კერძო კოლექციონერებმა - იაპონური დიასპორის წევრებმა.
1997-დან-1998 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სან-ფრანცისკოში, სადაც ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა.

2000 წლიდან მოყოლებული მხატვრის ნამუშევრებმა ახალი ელფერი შეიძინეს. მისი ურბანული თუ სოფლის პეიზაჟები თითქოს მაღლიდან არის დანახული, ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან.

2007 წლიდან მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტის («Стрелка») სახელოსნოში.

გიორგი თოთიბაძის ნამუშევრები მონაწილეობდნენ სამხატვრო გამოფენებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - რუსეთი, აშშ, ავსტრია, საფრანგეთი, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა სახელმწიფო მუზეუმში (1996); მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (2012); თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის ბიენალეზე (2017) და სხვა.

მისი ნახატები დაცულია მოსკოვში - აღმოსავლეთის ხალხთა სახელმწიფო და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების კოლექციებში.

გიორგი თოთიბაძე იყო პაველ ბარდინის ფილმ რუსეთი 88-ის მსახიობთა შემადგენლობაში.

2016 წლის 28 იანვარს, გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეებმა, კინორეჟისორმა მარინა წურწუმიამ და გიორგი ტაშკერმა მოსკოვის თანამედროვე  ხელოვნების ცენტრში (ვინზავოდში) გახსნეს სამხატვრო გალერეა „Totibadzé Gallery“.

გალერეაში, მისი არსებობის განმავლობაში წარმოდგენილ იქნა ათეულობით მხატვრის ნამუშევრები. მათ შორის: ალიონა კირცოვა, ოლგა და ალექსანდრე ფლორენსკები, ალექსანდრე ზახაროვი, რუბენ მონახოვი, სერგეი ზუევი, მიურიელ რუსო, ანდრეი სარაბიანოვი და სხვ.

გიორგი თოთიბაძე არის რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი.

მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. ხშირად ყიდის თავის ნახატებს თანხების მოსაზიდად ბავშვთა სახლებისთვის და უპოვართა დასახმარებლად. დაეხმარა 1915 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულებსაც.

გიორგი თოთიბაძე რამდენიმე საერთაშორისო აუქციონის სახლის რეგულარული პრეტენდენტია -  Phillips,  Sotheby's,  Christie's.

კონსტანტინე და გიორგი თოთიბაძეები ხატვის გარდა სხვა პროექტებითაც არიან დაკავებულნი. 2008 წელს გამოსცეს კულინარიული რეცეპტების წიგნი ''საქართველო. პირველი, მეორე, მესამე''. ტექსტებისა და ილუსტრაციების ავტორები თავადვე არიან. ასევე გამოსცეს ''იტალიის კულინარიული მეგზური'', თანაავტორ იტალიელ შეფმზარეულთან ერთად.

ძმები თოთიბაძეები რეცეპტებს დღესაც მთელ მსოფლიოში აგროვებენ. გარდა ამისა, სხვა ცხოვრებისეული გატაცებაც აქვთ, ისიც საერთო - დიდი ხანია, სერიოზულად ვარჯიშობენ კარატეში, შეჯიბრებებში მონაწილეობენ და საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებსაც ატარებენ.

გიორგი 11 წლის ასაკიდან ვარჯიშობს კარატეს ერთ-ერთ ვარიანტში - შიტო-რუიში. მან მოიპოვა 5 ვერცხლის მედალი რუსეთის ჩემპიონატზე, ერთი ვერცხლის მედალი იაპონიის ჩემპიონატზე და ორი ბრინჯაოს მედალი მსოფლიო შიტო-რიუს ჩემპიონატზე.

აზიური კულტურებისადმი გიორგის სიყვარული აისახება მის ნამუშევრებშიც.

თოთიბაძეები მოსკოვში ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ. მათ სახლში 13 ადამიანი ცხოვრობს. კონსტანტინე, მისი მეუღლე და ექვსი შვილი და გიორგი მეუღლესა და შვილებთან ერთად.

გიორგი თოთიბაძე მოსკოვის სამხატვრო სკოლაში სწავლის პერიოდში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს ირინა საველიევნა კოზლოვას, მხატვარს და ილუსტრატორს. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ - ნანა, მანანა და ვარვარა თოთიბაძეები. 

წყარო:

1. https://en.wikipedia.org/wiki/Georgy_Georgevich_Totibadze

2. https://gum-red-line.ru/artists/georgij-totibadze.htm


Share: