The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მელიტონ ბალანჩივაძე

მელიტონ ბალანჩივაძე
Date of birth:5 January, 1863
Date of death:21 December, 1937  (at 74 years)
Burial location:მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ქუთაისი
Category:Composer

Biography

ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში. 

ბალანჩივაძეების წინაპრები „წმ. გიორგის გლეხებად“ ითვლებოდნენ, ვინაიდან ბატონყმობის დროს ირიცხებოდნენ „საეკლესიო გლეხებად“.

მელიტონის მამა და ბაბუაც მღვდლები იყვნენ. ბაბუას, ანდრია ბალანჩივაძეს საუცხოო ხმა ჰქონდა და გალობდა სოფლის საეკლესიო გუნდში. მისი ცოლი ჟონეთელი (წყალტუბოს რ-ნი) ქორიძეების შთამომავალი იყო და ხალხური სიმღერების კარგი მცოდნე გახლდათ.

პირველდაწყებითი განათლება მელიტონმა მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა–გალობას ასწავლიდა. 

1879 წელს თბილისში გადმოსვლის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში ჩაირიცხა. გუნდის ხელმძღვანელმა ვ. აუშევმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა. 

1880 წლიდან იგი თბილისის ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია ფ. ქორიძემ. მალე ბარიტონის პარტიებიც იმღერა ოპერებში: "ევგენი ონეგინი" (ზარეცკი) და "ფაუსტი" (ვალენტინი).

1882 წელს ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც 1883 წელს თბილისში კონცერტი გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.

1883–1886 წწ. ფ. ქორიძესთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით.

1886 წლიდან მღეროდა ლ. აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს კიდეც ხელმძღვანელობდა მას.

იმავე ხანებში ჩამოაყალიბა ორკესტრი რომელიც ლ. აღნიაშვილის გუნდთან ერთად კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგან შედგენილ "ქართულ პოპურის" ასრულებდა.

1889 წელს მსმენელებს წარუდგინა სამი რომანსი: "ნანა", "შენ გეტრფი მარად"და "ოდესაც გიცქერ" (ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი და კლასიკური ნიმუშები). 

1889–1895 წწ. სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ვოკალის განხრით (პროფ. ვ. სამუსთან), შემდეგ კი კონსერვატორიის დირექტორის ანტონ რუბინშტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი-კორსაკოვთან.

რუსეთში იგი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა. სანკტ-პეტერბურგში ჩამოაყალიბა ქართული გუნდი, რომლის წევრები იყვნენ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები. ზოგი მათგანი შემდგომ გახდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე: კოტე და იოსებ მაყაშვილები, ზურაბ აბდუშელიშვილი, ოსიკო ბარათაშვილი და სხვა.

1895-1917 წწ. გუნდი კონცერტებს მართავდა ცენტრალური რუსეთის ქალაქებში, უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში.

1893-1898 წლებში, ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების  ჩაწერის მიზნით, პერიოდულად ჩამოდიოდა და აწყობდა ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

რუსეთში მოღვაწეობის პერიოდში, მელიტონ ბალანჩივაძე პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას, მართავდა ქართული მუსიკის საღამოებს, გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი.

აქ დაწერა მან ოპერა "თამარ ცბიერის" (ა. წერეთლის, "თამარ ცბიერის" მიხედვით, ლიბრეტო ვ. ველიჩკოსი) პირველი აქტი და მესამე აქტის ცალკეული ნაწილები, რომლებიც პირველად 1897 წლის 20 დეკემბერს, რუსი მსახიობების მონაწილეობით შესრულდა პეტერბურგის კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში.

რუსეთში დადგმულმა პირველმა ქართულმა ოპერამ დიდი მოწონება დაიმსახურა; (განმეორებით შესრულდა 1912 წ. იქვე).

საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. არჩეული იყო მუსიკის მეგობართა პეტერბურგის საზოგადოების „ხაზინადარად“ და აქტიურ მონაწილეობას იღებდა „საზოგადოების“ ყოველგვარ წამოწყებაში.

1906 წელს დაასახელეს მუსიკალური ინსტრუმენტების, მათი წარმოებისა და ხელსაწყოების „პირველი სრულიად რუსეთის გამოფენის“ ჟიურის წევრად. ამ გამოფენისთვის მან საკუთარი ჩონგური და ხალიჩები გამოიტანა.

ამავე წელს პეტერბურგში მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა "დემონის" ქართულ ენაზე დადგმაში.

1907 წელს მისი თაოსნობითა და ხარჯით გამოიცა ცნობილი რუსი კომპოზიტორის მ. ი. გლინკას ეპისტოლარული მემკვიდრეობა (წერილების სრული კრებული (250 წერილი), სანქტ-პეტერბურგი, 1907).

1917 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და ფართოდ გაშალა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

1918 წელს ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში. იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარე, „საქართველოს სამუსიკო საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ხალხური სიმღერის გუნდების დაარსებაში. ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას. მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას. 

1926 წელს დაასრულა მუშაობა ოპერაზე „თამარ ცბიერი“, რომლის პრემიერა იმავე წლის 16 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა.

1937 წელს ეს ოპერა "დარეჯან ცბიერის" სახელწოდებით შესრულდა მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

1927 წელს შექმნა ქართული მუსიკის ისტორიაში პირველი კანტატა „დიდება ზაჰესს“, რომელიც საჯაროდ შესრულდა იმავე წელს. მისი სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: "სტუდენტების სიმღერა" (ქალ-ვაჟთა გუნდისათვის), "ქართული ეროვნული მარში" სიმფონიური ორკესტრისათვის.

1929 წელს გადავიდა ბათუმში და დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

1931 წ. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო, 1933 წელს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1935 წლიდან იყო ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი.

მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდო - შრომის წითელი დროშის ორდენი (1937).

გარდაიცვალა ქუთაისში 1937 წლის 21 დეკემბერს. დაკრძალეს ბაგრატის ტაძრის გალავანთან, მოგვიანებით კი ქუთაისის მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

მელიტონ ბალანჩივაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან, გაიანე ერისთავთან, ორი შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი, აპოლონი, თეთრგვარდიელთა არმიის პოლკოვნიკი იყო. მონაწილეობდა 1918 წლის ყუბანის ლაშქრობაში. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე წელი პატიმრობაში გაატარა. განთავისუფლების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. რადგან თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ქუთაისში დასახლდა, სადაც მღვდლად ეკურთხა.

მეორედ მალიტონი 1905 თუ 1906 წელს დაქორწინდა გერმანული წარმოშობის პეტერბურგელ მარია ფონ ალმენდინგენზე (დედის გვარს ატარებდა - ვასილიევა). მასთან ოთხი შვილი შეეძინა: ნინო — გარდაიცვალა ბავშვობაში; თამარი (1902-1943) — მხატვარი, ცხოვრობდა რუსეთში, დაიღუპა ლენინგრადის ბლოკადის დროს; გიორგი  (ჯორჯ ბალანჩინი) (1904-1983) — ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი; ანდრია (1906-1992) — კომპოზიტორი.

წყარო:

1. ხუჭუა პავლე. მელიტონ ბალანჩივაძე. - თბ. : ხელოვნება, 1961

2. https://ka.wikipedia.org/wiki/მელიტონ_ბალანჩივაძე

3. https://ru.wikipedia.org/wiki//Баланчивадзе,_Мелитон_Антонович 

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბილისი, 2015. - გვ.59-60.

5. https://biography.wikireading.ru/205889


Share: