The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იოსებ ბარდანაშვილი

იოსებ ბარდანაშვილი
Date of birth:23 November, 1948  (75 years)
Category:Composer

Biography

კომპოზიტორი იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი დაიბადა 1948 წლის 23 ნოემბერს, ქ. ბათუმში, ცნობილი მხატვრის იუზა ბარდანაშვილის ოჯახში. 

1973 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი, 1985 წელს ასპირანტურა (ხელმძღვანელი ა. შავერზაშვილი).

1973 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს (კომპოზოცია, პოლიფონია, ინსტრუმენტობა) ქ. ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში.

1986-1991 წწ. იყო ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1991-1993 წწ. – აჭარის მუსიკალური საზოგადოების სამხატვრო ხელმძღვანელი, 1993-1994 წწ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე.

შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე დაინტერესდა ებრაული სინაგოგური მუსიკით. გარდა წმინდა პროფესიული მოღვაწეობისა სოსო ბარდანაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. თავის მშობლიურ ბათუმში იგი  არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალისა თუ საინტერესო წამოწყებების ინიციატორი და განმახორციელებელი იყო.

1975 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი;

1986 წელს გახდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

1987 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია;

1995 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში, სადაც მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა წარმატებების ფონზე განვითარდა: კომპოზიტორს მიღებული აქვს - ისრაელის საავტორო უფლებათა სააგენტოს პრიზი „წლის საუკეთესო კომპოზიტორი“ (1998, 2002, 2004 წწ.); ისრაელის პრემიერ – მინისტრის პრიზი (2000, 2011 წწ.); პრიზი „ცხოვრებისეული მიღწევებისთვის“ (2002 წ.); ისრაელის თეატრალური „ოსკარი“ საუკეთესო თეატრალური მუსიკისთვის (1999, 2003, 2010, 2011 წწ.); თელ-ავივის მერიის სპეციალური პრიზი (2005 წ.); ლანდაუს პრიზი (2006 წ.); ი. შტერნის პრიზი (2009 წ.);

კითხულობს კომპოზიციის კურსს თელ-ავივის რუბინის აკადემიაში;

სხვადასხვა დროს იყო: ისრაელის წამყვანი სიმფონიური ორკესტრების მიწვეული კომპოზიტორი; თელავივის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ბიენალეს მუსიკალური ხელმძღვანელი (2002-2006); ისრაელის კულტურის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი (1999-2010);

2010 წლიდან არის ქ. იერუსალიმის „კამერატას“ მიწვეული კომპოზიტორი;

იოსებ ბარდანაშვილი 100-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია. მათ შორის: 4 ოპერა, 2 ბალეტი, 3 სიმფონია; დაწერილი აქვს მუსიკა 40 კინოფილმისა და 50 თეატრალური წარმოდგენისთვის (საქართველოში: მუსიკა კ/ფ: „სიყვარული ყველას უნდა“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „მეტიჩარა“, „უკვდავების თეთრი ვარდი“, „გაღმა ნაპირი“ და მრავალი სხვ.);

შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ერთაქტიანი ბალეტი "ბალადა ქალზე"(1972), როკ–ოპერა "ალტერნატივა"(1976, ორ მოქმედებად, ლიბრეტო რ. სტურუასი, სიმღერების ტექსტი ნ. ერგემლიძის, რ. ბარძიმაშვილის. პრემიერა – 1977, ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "75");

სიმფონიური და ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონიური პოემა (1971), ვოკალურ–სიმფონიური პოემა შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1973), კონცერტი ფორტეპიანოს, ვიოლონჩელოსა და ჩასაბერი საკრავებისათვის (1981);

კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პრელუდია ფლეიტასა და ფორეპიანოსათვის (1968), ვარიაციები ფორტეპიანოსათვის (1969), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1971), საფორტეპიანო კვინტეტი (1973), სონატა ფორტეპიანოსათვის (1974), ოთხი საფორტეპიანო პიესა ებრაულ ხალხურ თემებზე (1975), საფორტეპიანო ტრიო "ბიზეს ხსოვნას"(1976), კონცერტი ექვსსიმიანი გიტარისა და კამერული ორკესტრისათვის (1978), სერენადა–კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის (1983);

კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის (1968), ვოკალური ციკლი მეცო–სოპრანოს, ვოკალური სექსტეტისა და ფორტეპიანოსათვის (1971), ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის (1972), ვოკალური სცენა ხმისა და ორი ვიოლინოსათვის (1976);

საგუნდო ნაწარმოებები – ოთხი მინიატურა ებრაული პოეზიიდან შერეული გუნდისათვის ა–კაპელა (1978), კანტატა შერეული გუნდისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1984);

მუსიკა დრამატული თეატრების სპექტაკლებისათვის (ბათუმის, ოზურგეთის, თბილისის ა. გრიბოედოვის სახ., შ. რუსთაველის სახ., კ. მარჯანიშვილის სახ.), მუსიკა  ტელეფილმებისათვის.

კომპოზიტორის ნაწარმოებები წარმატებით სრულდება  მთელს მსოფლიოში.

სოსო ბარდანაშვილს ისრაელში გადასვლის შემდეგაც არ გაუწყვეტია კავშირი ქართველ ხელოვანებთან. კვლავ წერს სიმღერებს, მუსიკას ქართული სპექტქკლებისა და კინოფილმებისთვის.

2000 წლის დეკემბერში საავტორო კონცერტი გამართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში.

მან, ერთ-ერთმა პირველმა, დააარსა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელობითი სტიპენდია;

2005 წელს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება;

იოსებ ბარდანაშვილი სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე”. 2011 წელს, VI ფესტივალის ერთ-ერთ კულმინაციად იქცა მისი საავტორო კონცერტი, სადაც მუსიკოსის მრავალმხრივი შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა. შესრულდა მისი "ოცდამეერთე ფსალმუნი".

2012 წელს, VII ფესტივალი დასრულდა კომპოზიტორის საავტორო საღამოთი, რომელიც ჩატარდა ბათუმში, მის მშობლიურ ქალაქში. ამავე წელს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, იოსებ ბარდანაშვილს საპატიო ბათუმელის ტიტული მიენიჭა.

ამასთან ერთად, იგი აირჩიეს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად;

2016 წელს საქართველოში პირველად შესრულდა ბ-ნი სოსოს კონცერტი ალტისა და ორკესტრისათვის  - POSTLUDIUM.  შემსრულებლები: ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი - გიორგი ცაგარელი (ალტი) და დირიჟორი - არიელ ცუკერმანი.

კომპოზიტორის თქმით, მისი მუსიკა ქართული კულტურის ნაწილია: „მე ვარ ქართველი კომპოზიტორი, ჩემი ერისათვის დამახასიათებელი არტისტიზმითა და ტემპერამენტით. თუმცა, ამავე დროს, ებრაელი ერისთვის დამახასიათებელი აღქმისა და შინაგანი სმენის უნარით“, - აღნიშნავს იოსებ ბარდანაშვილი.

2018 წელს, ბათუმი-თბილისის X საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “ღამის სერენადები”, ხელოვანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდა კომპოზიტორის “სერენადა” ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის. ღონისძიების დასასრულს ბათუმის მერმა იოსებ ბარდანაშვილი დამსახურებული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვა.

წყარო: 

1. https://misa.ge/ge/invited-guest/ioseb-bardanashvili

2. Композитор музыкоы иведы грузии. – тб., 1984. - გვ. 50 

 


Share: