The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე გედევანიშვილი

ალექსანდრე გედევანიშვილი
Date of birth:16 February, 1870
Date of death:1933  (at 62 years)
Category:Military Person

Biography

რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გედევანოვი) 1970 წელს დაიბადა. სამხედროები იყვნენ მისი ძმებიც: გენერალი იოსებ გედევანიშვილი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. სწავლა პეტერბურგის პავლეს სახელობის ქვეითთა პირველ სამხედრო სასწავლებელში განაგრძო, რომლის დასრულების შემდეგ, 1889 წელს, პოდპორუჩიკის (უმცროსი ლეიტენანტის) წოდება მიიღო და სამხედრო სამსახური ბაქოს 153-ე ქვეით პოლკში დაიწყო.

გედევანიშვილს 1893 წელს პორუჩიკის (ლეიტენანტის), 1900 წელს შტაბს-კაპიტნის, ხოლო 1901 წელს კაპიტნის წოდება უბოძეს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1907 წელს იგი პოდპოლკოვნიკი გახდა, ხოლო 1910 წელს, პოლკოვნიკი. დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის ნიკოლაევსკის აკადემია, მეორე თანრიგით. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რომლის დასაწყისში 203-ე ქვეითთა პოლკს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1917 წელს იყო დასავლეთის ფრონტზე მოქმედი 51-ე ქვეითთა დივიზიის მთავარსარდალი.

1915 წელს ალექსანდრე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

რუსულ არმიაში სამსახურის დროს დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის (1910), წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის (1912), წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაფთით (1914), წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით (1915).

1917 წლის ბოლოდან საქართველოში მონაწილეობდა ქართული შეარაღებული ძალების ფორმირებაში. იყო ქართული ჯარის გენერალი. 1918 წლის დასაწყისში იყო ბათუმის გამაგრებული რაიონის და ციხე-სიმაგრის კომენდანტია.

პირველი რესპუბლიკის დროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე სამწყობრო-ოპერატიულ დარგში, სამხედრო საბჭოს წევრი. 1918 წლის ივლისიდან 1919 წლის აპრილის ჩათვლით იყო საქართველოს შეარაღებული ძალების მთავარსარდალი.

აქტიურ მონაწილეობას იღებდა არმიის ჩამოყალიბებისა და რეორგანიზაციის პროცესში არსებულ დისკუსიებში. უპირატესობას ანიჭებდა რეგულარურ ჯარს, თუმცა შესაძლებლად მიიჩნევდა გვარდიის სისტემის შენარჩუნებას, უფრო მეტი კოორდინაციით.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი გედევანიშვილი სამშობლოში დარჩა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა.

გარდაიცვალა 1933 წელს.

წყარო:

1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.87- 88; 

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_გედევანიშვილი

3. https://history.mod.gov.ge/ge/page/92/aleqsandre-gedevanishvili


Share: