The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ სევერსკი

ნიკოლოზ სევერსკი
Legal name:ნიკოლოზ გედევანიშვილი
Other name:სევერსკი  (Pseudonym)
Date of birth:2 November, 1875
Date of death:1 April, 1941  (at 65 years)
Category:Singer, Actor/Actress

Biography

რუსული და ბოშური რომანსების ცნობილი შემსრულებელი, კომპოზიტორი და მსახიობი ნიკოლოზ გედევანიშვილი (ფსვდონიმი სევერსკი; რუსულ წყაროებში - პროკოფიევ-სევერსკი) დაიბადა თბილისში, 1875 (ან 1870) წლის 2 ნოემბერს. მამამისი, თავადი გიორგი გედევანიშვილი სამხედრო იყო, პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა და საინჟინრო ჯარებში მსახურობდა. მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაში კავკასიის ტერიტორიაზე.

ნიკოლოზმა ტრადიციას არ უღალატა, მამის კვალზე წავიდა და ისიც სამხედრო სამსახურში ჩადგა. პორუჩიკის ჩინს ატარებდა, მაგრამ პოლკში დიდხანს ვერ გაძლო, რადგან გატაცებული იყო მუსიკით, ბრწყინვალედ უკრავდა გიტარაზე და ასრულებდა ბოშურ რომანსებს.

20 წლის ასაკში დაანება თავი სამხედრო სამსახურს და მუსიკოსების პატარა ჯგუფთან ერთად გასტროლებით მოიარა რუსეთის პროვინციები. სწორედ მაშინ დაიბადა მისი სცენიური ფსევდონიმი - სევერსკი.

1893 წელს თბილისის თეატრალური სამყაროც დაიპყრო თავისი რომანსებით. სცენაზე მისი დებიუტი შედგა "თბილისის სამუსიკო წრეში".

საკონცერტო გამოსვლების დროს გაიცნო თავისი პირველი მეუღლე, ვერა პრესმანი. მათ ორი ვაჟი შეეძინათ - ალექსანდრე და გიორგი. ბავშვები მოზარდები იყვნენ, როცა მშობლები განქორწინდნენ. მეორედ სევერსკიმ ბარბარა ჩოვიკინი მოიყვანა ცოლად. მასთან ერთი ქალიშვილი ჰყავდა - ნიკა.

ნიკოლოზ სევერსკი წერდა საესტრადო ჟანრის ნაწარმოებებს. გრამფირფიტაზე ჩაწერილია მისი ქართული სიმღერები, მათ შორის "გული მაწუხებს". რომანსებს თავადაც ქმნიდა და სხვა კომპოზიტორებიც უძღვნიდნენ, როგორც უბადლო შემსრულებელს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მობეზრდა კაფეშანტანების ესტრადა და პეტერბურგის ოპერეტის თეატრის დაპყრობა გადაწყვიტა. 

მომღერლის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მას სასიამოვნო ბარიტონი და კარგი გარეგნობა ჰქონდა, მისი კარიერა სწრაფად მიიწევდა წინ და 1890-იანების შუა წლებში უკვე ძალიან პოპულარული გახდა. თეატრალურ წრეებში მას უწოდებდნენ "რუსული ოპერეტის ვარსკვლავს " და "ოპერეტის მეფეს".

როგორც რეჟისორმა ნიკოლოზ სევერსკიმ მოსკოვის შარლ ომონის თეატრში დადგა სპექტაკლი „ბოშური სიმღერები სახეებში“ (1895) და პეტერბურგის თეატრ "Буфф"-ის სცენაზე კი საკუთარი ოპერეტა–მოზაიკა "ახალი ბოშური სიმღერები სახეებში" (1900).

1899 წლიდან თეატრ "Буфф"-ის წამყვანი მსახიობია.

1897 წელს თავის ბენეფისისთვის შეარჩია დეკერ შენკის ოპერეტა "ჰაჯი მურატი".

მხოლოდ მუსიკას არ სჯერდებოდა, მოღვაწეობდა ხელოვნების სხვა სფეროებშიც.

მოსკოვის "მცირე თეატრში" თამაშობდა სმერდიაკოვს (დოსტოევსკი, "დანაშაული და სასჯელი").

1906 წელს პეტერბურგში დააარსა მუსიკალური თეატრი "Екатерининский".

გრამოფონზე ჩაწერის პიონერიცაა. გრამოფონის ფირფიტებზე წერდა რომანსებს და არიებს ოპერეტებიდან.

XIX საუკუნის მიწურულს თბილისში დააარსა ჟურნალი "თეატრი და ხელოვნება".

1914 წელს თბილისში გაიმართა მისი ერთ–ერთი უკანასკნელი კონცერტი. 

1900-იანი წლების ბოლო მონაკვეთი პროკოფიევ-სევერსკის ოჯახისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ერთ კვირა დღეს, როცა ისინი გატჩინაში მიდიოდნენ, დაინტერესდნენ იქვე მდებარე გატჩინის აეროდრომით. საფრენ აპარატებზე დაკვირვებამ ისე გაიტაცა ნიკოლოზ სევერსკი, რომ მან პროფესია შეიცვალა, 1911 წლის სექტემბერში საფრენოსნო სკოლა დაამთავრა, აეროკლუბის დიპლომი აიღო და რიგით მეთერთმეტე რუსი მოყვარული-მფრინავი გახდა. 1913 წელს კერძო თვითმფრინავიც შეიძინა.

1914 წლიდან ავიაციაში მოღვაწეობდა. მფრინავები გახდნენ მისი ვაჟებიც.

პირველი მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზი პორუჩიკის ჩინით მსახურობდა ინსტრუქტორად გატჩინის საფრენოსნო ოფიცერთა სკოლაში. მასთან ერთად ომში მისი შვილებიც მონაწილეობდნენ. ალექსანდრე საზღვაოსნო მფრინავი გახდა და მიჩმანის წოდება ჰქონდა. მან ბრძოლის დროს ფეხი დაკარგა, მაგრამ გამოჯანმრთელებისთანავე კვლავ მწყობრში ჩადგა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მომენტისთვის ლეიტენანტი ალექსანდრე პროკოფიევ-სევერსკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მფრინავი-ასი იყო. სწორედ ის გახდა კუპრინის მოთხრობის -„საშკა და იაშკა“- გმირის პროტოტიპი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია რევოლუციის შემდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელთა რიგებში. სამმოქალქო ომის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა სტამბოლში, მონაწილეობდა იქაური ოპერეტის თეატრის წარმოდგენებში. 1923 წლიდან  პარიზში გადავიდა. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე, უმცროსი ვაჟი, გიორგი და ქალიშვილი, ნიკა.

საფრანგეთში ნიკოლოზ სევერსკი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსი ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებაში. იყო "რუსი მფრინავების კავშირის" ვიცე–თავმჯდომარე (1924); შედიოდა მონარქისტების ლიგის გამგეობაში.

როგორც მსახიობი და რეჟისორი 1927 წლიდან მოღვაწეობდა პარიზის "რუსულ თეატრში"; დადგა სპექტაკლები: გოგოლის "რევიზორი", ბულგაკოვის "თეთრი გვარდია"(1927) და სხვა.

მონაწილეობდა მუნჯ კინოფილმებში. 1925 წელს გამოვიდა შვედური ისტორიული დრამა ორ ნაწილად - „კარლ XII“ (რეჟ.: ბრუნიუსი), რომელშიც ნ. სევერსკიმ პეტრე I განასახიერა. ამავე წელს ითამაშა ფილმში: "ადვოკატი" ( რეჟ.: გ. რაველი, სტუდია «Le Tout-Cinéma»).
საკონცერტო ნომრებით გამოდიოდა რუს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის კლუბში გამართულ საღამოებზე, ხშირად, თავის ვაჟთან ერთად.

დადგა ოპერეტა "ბოშური რომანსები სახეებში", რომლის პრემიერაც გაიმართა რუსული ოპერეტის თეატრში, 1938 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღადგინეს და კვლავ წარმატებით იდგმებოდა.

1933–1941 წწ. იყო ქ. ანერეს (პარიზის მახლობლად) ქრისტე–მხსნელის ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრი. 1933 წელს - ხაზინადარი.

1936–1941 წწ. "მრევლის ფურცლის" გამომცემელი და უცვლელი რედაქტორი გახლდათ.  სულ გამოსცა 53 ნომერი;

გამოშვებული აქვს რამდენიმე ათეული გრამფირფიტა; მისი ჩანაწერები შესულია დისკში "კლასიკა. 100 ყველაზე ცნობილი რუსი შემსრულებელი".

ნიკოლოზ გიორგის ძე სევერსკი გარდაიცვალა საფრანგეთში, 1941 წლის 4 აპრილს. დაკრძალულია კომუნა კურბევუას სასაფლაოზე, პარიზის გარეუბანში.

ნიკოლოზ სევერსკის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე პროკოფიევ-სევერსკი (1894—1974), ამერიკაში დამკვიდრდა და ცნობილი გამომგონებელი, ავიაკონსტრუქტორი გახდა. 1927 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. დაარსა კორპორაცია "Seversky Aircraft Corporation", სადაც ის იყო პრეზიდენტი, მთავარი ინჟინერი, დიზაინერი და გამომცდელი პილოტი. იქვე მუშაობდა მისი თანამემამულე, ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი. სწორედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ალ. ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედად.

ნიკოლოზ სევერსკის უმცროს ვაჟს, გიორგი პროკოფიევ-სევერსკის, მამის მუსიკალური ნიჭი გამოჰყვა და მანაც გამოიჩინა თავი ძველი რუსული რომანსებისა და პოპულარული დასავლური სიმღერების შესრულებით. 1950 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადასახლდა და მისი ძმის, ალექსანდრეს, საავიაციო კომპანიაში დაიწყო მუშაობა ექსპერტად. პარალელურად საკონცერტო მოღვაწეობასაც აგრძელებდა „ჟორჟ სევერსკის“ ფსევდონიმით. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ფირფიტა.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Прокофьев-Северский,_Николай_Георгиевич

3. https://russianshanson.info/?id=811&attr=1#biography 

4. http://xn--80afe9bwa.xn--p1ai/severskiy-nikolay-georgievich


Share: