The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე ჩაჩხიანი

ივანე ჩაჩხიანი
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორის ივანე (ვანო) ჩაჩხიანის მიერ ექიმის პროფესიის არჩევა ოჯახურმა, შთამომავლობითმა ტრადიციამ განსაზღვრა. იგი ოჯახში მესამე თაობის ექიმია. ბებია და ბაბუა ექიმები იყვნენ. მამამისი, თეიმურაზ ჩაჩხიანი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ქირურგ-ონკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, "აიეტის", სრული პროფესორია. ვანოს დედა,  მარიკა, ექიმი-თერაპევტია.

ვანომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1998 წელს, წითელ  დიპლომზე დაამთავრა. სწავლის გაგრძელება ევროპაში გადაწყვიტა. ჯერ სტაჟირება და სპეციალური ერთწლიანი კურსი გაიარა კლინიკურ იმუნოლოგიაში ლონდონში – UCL /University College London/, სადაც ქართველი მეცნიერის, ნინო ფორაქიშვილისა და ინგლისელი პროფესორის, პეტერ ლიდიარდის ხელმძღვანელობით მუშაობდა. ამ პერიოდშივე გაიცნო მსოფლიო იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ივანე როიტი. ლონდონში დაამუშავა თავისი პირველი თემა ბისპეციფიურ ანტისხეულებზე, პეტერ ლიდიარდის ხელმძღვანელობით. ამ თემამ ტემპუსის გრანტი მოიგო და მისი განხორციელება შემდგომში საქართველოში გაგრძელდა ქართველი ექიმების მონაწილეობით.

ლონდონურმა გამოცდილებამ იმუნოლოგიაში დიდი ზეგავლენა იქონია ვანო ჩაჩხიანის  შემდგომ საქმიანობაზე. ამიტომ, როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა გრანტი დოქტორანტურაში ქირურგიის განხრით, გადაწყვიტა ბედი ეცადა და კონკურსში  მიეღო მონაწილეობა. გაიარა ერთწლიანი ინტენსიური კურსი ჩეხურ ენაში, შემდეგ ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა ცენტრალურ ევროპაში ერთ- ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – კარლოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის   დოქტურანტურაში – საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ქირურგიულ კლინიკაში.

მუშაობდა იმუნოლოგიურ-ქირურგიულ სამეცნიერო თემაზე: „ციტოკინების მნიშვნელობა ანთებითი პოსტოპერაციული გართულებების  დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“, რომლის საფუძველზეც მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი. პარალელურად, ჩააბარა სააპრობაციო საექიმო სალიცენზიო გამოცდა ექიმად მუშაობის უფლების მოსაპოვებლად ჩეხეთსა და ევროკავშირში (3 საფეხური) და გააგრძელა პროფესიული სწავლება რეზიდენტურაში.

ჩეხეთში, ტომას ბატას სახელობის ზლინის უნივერსიტეტში შეისწავლა მედიცინის მართვა.

არის ჩეხეთის ექიმთა პალატის წევრი, მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.

2008 წელს  გაიარა I ხარისხის ატესტაცია ზოგად ქირურგიაში. გავლილი აქვს  სტაჟირება ავსტრიაშიც.

ვანო ჩაჩხიანი 25 წელზე მეტია ჩეხეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. არის სამედიცინო ჯგუფ ვამედ-მედიტერას რეგიონული საავადმყოფოს ქირურგიულ-ტრავმატოლოგიური კლინიკის ქირურგიულ-ორთოპედიული განყოფილების უფროსი. მისი ვიწრო სპეციალიზაციაა მუცლის ღრუს ქირურგია და ქვედა კიდურების ვენების დაავადებები.

იმავე კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მუშაობს ვანოს მეუღლე - ხათუნა შუბლაძე. ჰყავთ სამი შვილი.

ვანო ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი ქართულ მედიცინასთან. ჩამოდის კონფერენციებზე, უზიარებს თავის გამოცდილებას ქართველ კოლეგებს. მისი და საქართველოდან წასული მედიცინის მუშაკების (რომლებიც მრავლად არიან ევროპასა და ამერიკაში) ძალისხმევით, ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, სახელწოდებით „გიმფა“(GIMPHA) - „საქართველოს საერთაშორისო მედიცინისა და ჯანდაცვის ასოციაცია“, რომელსაც საგანმანათლებლო მიზანი აქვს - ქართველი ექიმების, და არა მარტო ექიმების, არამედ საშუალო განათლების მედპერსონალის დახმარება, რათა სხვადასხვა ონკოლოგიური თუ იშვიათი კომპლექსური დაავადებების დიაგნოსტიკა და მათი მეთოდური მკურნალობის წარმართვა სწორად მოხდეს.

წყარო:

1. https://www.radiotavisupleba.ge/a/shtamomavlobiti-ekimebi/27449627.html 

2. http://aqtinterviu.blogspot.com/2012/12/blog-post_9229.html

3. https://speech.ge/meditsina/2705/


Share: