The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანრი მაჭავარიანი

ანრი მაჭავარიანი
Date of birth:1939  (85 years)
Category:Painter

Biography

ანრი მაჭავარიანი დაიბადა 1939 წელს პარიზში, 1920-იან წლებში საქართველოდან ემიგრირებული ქართველის ოჯახში. მამამისი იმერეთიდან, სოფელ ლაშედან გახლდათ. შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში, ხაშურში, თბილისში. სამედიცინო ფაკულტეტის ბოლო კურსზე იყო, როცა 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო  დააპატიმრეს. ჩასვეს ქუთაისის ციხეში, საიდანაც მალე გაიქცა ათ თანამებრძოლთან ერთად. ისინი თურქეთში გადავიდნენ, სადაც ამჯერად თურქებმა დააპატიმრეს. იქედან ფრანგებმა გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ, როგორც პოლიტიკური დევნილები გაემგზავრნენ საფრანგეთში, რადგან ეს ქვეყანა გამოთქვამდა  მზაობას და კეთილ ნებას მიეღო ემიგრანტები.

ანრი მაჭავარიანის მშობლები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. დედა რუმინელი იყო, ბესარაბიიდან. მალე დაქორწინდნენ და ვაჟი ეყოლათ. ოჯახში რუსულად საუბრობდნენ, ამიტომ ანრიმაც რუსული ისწავლა. ქართული არ იცის, რადგან მამა ბევრს მუშაობდა და არ ჰქონდა დრო, რომ შვილისთვის მშობლიური ენა ესწავლებინა. მამას უნდოდა ანრი ექიმი გამხდარიყო, მაგრამ როცა გაიგო რომ ის სამხატვრო სკოლაში სწავლას აპირებდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ანრი მაჭავარიანი 16 წლის ასაკში ჩაირიცხა პარიზის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სარეკლამო კომპანიის არტ-დირექტორად, შემდეგ კრეატივ-დირექტორად.

1982 წელს შედგა მხატვრის პირველი  პერსონალური გამოფენა მილანში.

ანრი გახდა თავისუფალი ილუსტრატორი, რომელიც ქმნიდა ნამუშევრებს სხვადასხვა რედაქციისა და სარეკლამო სააგენტოსთვის. აკეთებდა პლაკატებს, იწვევდნენ იაპონიაში, გერმანიაში. მისი სტილი ძალიან მოსწონდათ. იგი აღიარებულია საუკეთესო ილუსტრატორად რეკლამის ბიზნესსა და მოდის სამყაროში. მისი ნამუშევრები მრავალჯერ დაჯილდოვდა პრესტიჟული ნომინაციებით.

მხატვრის მიერ შექმნილი ცნობილი ბრენდების უზარმაზარი აფიშები და სარეკლამო ილუსტრაციები წლების განმავლობაში იყო გამოფენილი პარიზის, რომის, მილანის, ჰამბურგის და ტოკიოს ქუჩებში, სადაც მილიონობით მნახველი ჰყავდა. მის კლიენტებს შორის არიან : Salon International du Pret a Porter Feminin, Sony, France Soil, the Japanese Melsa store chain, the International Car Exhibition in Turin, Montedison-Italy, BMW, Woolmark, L’Oreal Hair products, Marie Claire Italy, Joyce (Paris) და ბევრი სხვა.

საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1991 წლის არჩევნებზე, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი. მას შემდეგ რამდენჯერმე იყო. ნათესავებიც გაიცნო.

2016 წელს პირველად ეწვია მამის მშობლიურ ქალაქს, ქუთაისს. მონაწილეობა მიიღო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში „ქარავან არტ ფორუმი 2016“.

2019 წლის 8 სექტემბერს კი საქართველოში პირველად გაიმართა ანრი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა. ექსპოზიცია ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოეწყო და მას აჭარის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის 2008 წელს შექმნილი ნახატები, რომლებიც იმ უიარაღო ქართველებს მიუძღვნა, ვინც რუსული ჯარების მიერ ოკუპაციის გამო დაზარალდნენ. გამოფენას სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოსული საპატიო სტუმარი იუნესკოს მშვიდობის ელჩი მადლენ გობეი დაესწრო და ანრი მაჭავარიანის შემოქმედების შესახებ ისაუბრა.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/m/machavariani-anri.html 

2. https://artinfo.ge/2019/09/anri-matchavarianis-pirveli-gamophena-saqarthveloshi/

3. https://www.kutaisipost.ge/ka/interviu/article/3500-qarthveli-emigrantis-shthamoma


Share: