The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სანდრო გეგეჭკორი

სანდრო გეგეჭკორი
Date of birth:2001  (23 years)
Category:Musician

Biography

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალების გამარჯვებულია. დაიბადა ჭიათურაში. მშობლები მუსიკოსები არ არიან, თუმცა, მათგან განსხვავებით, ბებიას ხარკოვისა და თბილისის კონსერვატორიები აქვს დამთავრებული და დიდი ხნის მანძილზე პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა.

2006 წელს, 6 წლის ასაკში შეიყვანეს სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის N1 მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს კლასში. მისი პირველი მასწავლებელი ლუდა ნადირაძე იყო, მოგვიანებით - ვლადიმერ შერმაზანაშვილი და დარეჯან კაპანაძე.

2007 წელს  აიღო თავისი პირველი გრან-პრი საბავშვო კონკურსზე, რომელსაც ერქვა „საყმაწვილო დელფიადა”. 10 წლის იყო, როცა მუსიკალური ნაწარმოებების წერა დაიწყო.

სანდრო გეგეჭკორს უჭირს იმის თქმა, თუ რომელ ასაკში გააცნობიერა კლასიკური მუსიკის მიმართ თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ამბობს, რომ როგორი გენიოსიც უნდა იყოს ადამიანი, ბავშვობაში მაინც ვერ შეიგრძნობს კლასიკური მუსიკის ღრმა შინაარსს ისე, როგორც მოზარდობისას. ალბათ უფრო 14-15 წლის ასაკში მიხვდა, რომ შეძლებდა, საზოგადოებისთვის კლასიკური მუსიკის გენიალურობა ეჩვენებინა.

მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში გააგრძელა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედში“, პროფესორ ალექსანდრე გარბერის კლასში.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია და მისი პედაგოგი, კვლავ, ალექსანდრე გარბერია.

სანდრო გეგეჭკორმა მცირე ასაკში მიაღწია საერთაშორისო წარმატებას და თავი დაიმკვიდრა კლასიკური მუსიკის მსოფლიო არენაზე. იგი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორისაა:

ლაურეატობა და რამდენიმე სპეციალური პრიზი ბრეშას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ბრეშა);

გამარჯვებულის ტიტული კლოდიტ სორელის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ნიუ იორკი);

მესამე პრემია შოპენის პიანისტთა რესპუბლიკურ კონკურსში (თბილისი);

მესამე პრემია თ. ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ბორჯომი);

პირველი პრემია და სპეციალური პრიზი ა. ბაბაჯანიანის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ერევანი, 2015);

გრან-პრი და სპეციალური პრიზი ფოირიხის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ვენა, 2018);

მარია კალასის საერთაშორისო კონკურსი (პირველი პრემია, 2021); ამავე კონკურსზე, ასევე, დაჯილდოვდა სპეციალური პრემიით - კომპაქტ დისკის ჩაწერა მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობ Naxos CD პლატფორმაზე და გადაეცა აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

2017 წელს, ს. რახმანინოვის ოფიციალურმა საერთაშორისო სახლ - მუზეუმმა „ივანოვკა“,  დააარსა ახალი მუსიკალური ფესტივალი - "სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან“.

2022 წლის დასაწყისში სანდრო გეგეჭკორი „საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის“ (WFIMC, ჟენევა) არტისტი გახდა.

მუსიკოსი სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან და მუდმივად მართავს სოლო კონცერტებს საერთაშორისო მასშტაბით ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორებიცაა: ამსტერდამის სამეფო “კონცერტგებაუს”, კაიზერის (ვენა, ავსტრია), ნანჯინგის (ნანჯინგი, ჩინეთი), ვენის მოცარტ-ჰაუსის საკონცერტო დარბაზები და სხვა.

კონკურსებში გამარჯვების შემდეგ ამ კონკურსების ორგანიზატორები თავადვე იწვევენ ახალგაზრდა პიანისტს თავიანთ ქვეყნებში. სანდრო გეგეჭკორს ბევრ ქვეყანაში უკვე ჰქონდა წარმატებული გამოსვლები  - ავსტრია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, ჩინეთი და ა.შ. შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი 17 კონცერტი აქვს დაგეგმილი ევროპისა და აზიის მასშტაბით. ამას ემატება კონცერტები საქართველოში და მიწვევები სხვა ფესტივალებიდან...

წყარო: 

1. http://conceptart.ge/ge/artist/member/Sandro%20Gegechkori/102 

2. https://nostal.ge/tag/სანდრო-გეგეჭკორი/

3. https://tbiliselebi.ge/ka/news/society/rogor-gakhda-20-tslis-sandro-gegechkori-msophlios-udzlieresi-musikaluri-konkursis-pirveli-kartveli-gamarjvebuli 

4. https://sarkenews.ge/2020/03/19-tslis-tchiathureli-virtuozi-msophlios-stsenebs-ipqhrobs/

 




Share: