The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსი ჭიჭინაძე

ალექსი ჭიჭინაძე
Date of birth:26 December, 1917
Date of death:3 October, 1994  (at 76 years)
Burial location:სომხურ სასაფლაო, მოსკოვი
Category:Dancer, Filmmaker

Biography

ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი და რეჟისორი ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დაიბადა 1917 წლის 26 დეკემბერს, ქ. თბილისში. მამამისი, ბესარიონ ჭიჭინაძე, პროფესიით ინჟინერ-ჰიდრომშენებელი იყო. 1937 წელს დახვრიტეს. მაშინ მას საკავშირო ტრესტ „ჰიდროენერგოპროექტის“ მმართველის თანამდებობა ეკავა და მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის პროფესორი იყო.

ალექსისაც ტექნიკური საგნები იზიდავდა, სწავლობდა კიდეც შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ მამის რეპრესირების შემდეგ, სასწავლებლიდან გარიცხეს. სამსახურის ძიების პროცესში შემთხვევით მოხვდა მოსკოვის სამხატვრო ბალეტში, რომელსაც ვ. კრიგერი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად სტატისტად აიყვანეს, მაგრამ ამას არ დასჯერდა და დაიწყო სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელთან არსებულ საღამოს კურსებზე (პედ.: ნ. ტარასოვი).

1941 წელს დაამთავრა იმავე სასწავლებლის დღის განყოფილება (პედაგოგი პ. გუსევი), ხოლო, 1953 წელს  მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) საბალეტმაისტერო განყოფილება (პედ.: ლ ლავროვსკი).

1941–1944 წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი; 1944–1966 წწ. - მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის წამყვანი სოლისტი, 1955 წლიდან და 1966–1971 წწ. - ამავე თეატრის ბალეტმაისტერი, 1971–1984 წწ.- მთავარი ბალეტმაისტერი; 1967–1970 წლებში -  ვარშავის "Театр Виельски"–ის მთავარი ბალეტმაისტერი.

ალექსი ჭიჭინაძე ხშირად სტუმრობდა საქართველოს. 1966 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი სამი დადგმა - „ქორეოგრაფიული პოემა“, „დონ ჟუანი“ და „ფრანჩესკა და რიმინი“ იყო წარმოდგენილი.

იგი წერდა საბალეტო და საოპერო ლიბრეტოებს ქუთაისის ოპერის თეატრისთვის, სადაც დადგა ოპერა „იოლანტა“.

1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი.

რეპერტუარი: ქართული სპექტაკლები: ს. ცინცაძე - "პოემა"(1962, თბილისი, 1964, მოსკოვი); მისივე -"რივარესი"(1982, მოსკოვი); "არდავიწყება"(1985, ქუთაისი).

სხვა დადგმები და პარტიები: გლიერი - "კასტილიის ასული"; ეფიმოვი - "ტყის ფერია"(1960); რ. შტრაუსი - "დონ ჟუანი"(1962, თბილისი); პაოლო, ზიგფრიდი (ჩაიკოვსკი - "ფრანჩესკა და რიმინი", "გედების ტბა"); ლიონელი (პეიკო "ჟანა დ'არკი"); ფები (პუნი "ესმერალდა"); რახმანინოვი - "ალეკო"; საკონცერტო სიუიტა დებიუსის მუსიკაზე (1956, პარიზი); "დონ კიხოტი", "ჟიზელი", "კონკია", "რომეო და ჯულიეტა"(1967–1970, ვარშავა) და სხვ.

1965 წელს გახდა რუსეთის დამსახურებული არტისტი.

1966 წ. - საქართველოს სსრ–ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1972 წ. - რსფსრ–ის სახალხო არტისტი.

2012 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კერძო პირისგან შეიძინა ალექსი ჭიჭინაძის კოლექცია, რომელიც 1932-1967 წლებში გადაღებულ ფოტონეგატივებს აერთიანებს. კოლექცია განთავსდა ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში. აქ თავმოყრილია XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საბალეტო სცენის ამსახველი მასალა - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორიგინალური დადგმების ფოტონეგატივები, ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტების - „მთების გული“, „ოტელო“, „ჟიზელი“, ამსახველი მასალები.

ფოტოებს შორისაა საგასტროლოდ ჩამოსულ უცხოელ მოცეკვავეთა (ბერილ გრეი („ჟიზელი“), მაია პლისეცკაია და ნიკოლაი ფადეეჩევი („გედების ტბა“), რაისა სტრუჩკოვა და სერგეი ლაფაური („საკონცერტო ვალსი“), ბორის ხოხლოვი („დონ კიხოტი“) და ა.შ.) წარმოდგენების ამსახველი მასალაც.
კოლექციის შედარებით მცირე ნაწილი ქართული საბალეტო და სამუსიკო სცენის უფრო ადრეულ პერიოდს ეხება. აქ მოქცეულია კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის, დირიჟორ ივანე ფალიაშვილის, მათი ოჯახის სხვა წევრების, ასევე მომღერალ ნადეჟდა ბუზოღლის, ევგენი მიქელაძის, ბალეტმეისტერ დავით მაჭავარიანისა და სხვათა ჯგუფური და ინდივიდუალური პორტრეტები, ასევე რამდენიმე კადრი ალექსანდრე წუწუნავას მიერ დადგმული „აბესალომ და ეთერიდან“.

ალექსი ჭიჭინაძე გარდაიცვალა მოსკოვში, 1994 წლის 3 ოქტომბერს. დაკრძალულია მოსკოვის სომხურ სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსი_ჭიჭინაძე_(ბალეტმაისტერი)

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 569

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Чичинадзе,_Алексей_Виссарионович

4. https://archive.gov.ge/ge/news/erovnulma-arqivma-baletmeister-aleqsi-chichinadzis-koleqcia-sheidzina

 


Share: