Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალექსანდრე ბოროდინი![]()
Biographyკომპოზიტორი და ქიმიკოსი ალექსანდრე ბოროდინი 1833 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. ის იყო ქართველი თავადის, ლუკა გედევანიშვილისა (გედეონოვის) და ევდოკია ანტონოვას უკანონო ვაჟი. მაშინ ლუკა 62 წლის იყო, ევდოკია კი – მხოლოდ ოცდახუთის. დაბადებისას ალექსანდრე ყმა გლეხის, თავადის მსახურის პორფირი ბოროდინის შვილად ჩაწერეს. 7 წლამდე პატარა ალექსანდრე თავისივე მამის ყმა გლეხად ითვლებოდა, რომელმაც მხოლოდ სიკვდილის წინ, 1840 წელს გაააზატა უკანონო შვილი, თუმცა ბავშვზე ზრუნავდა, მას და ევდოკიას ოთხსართულიანი სახლი უყიდა და კარგი საცხოვრებელი პირობები შეუქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის ზნეობრივ ნორმებში უკანონო შვილი არ თავსდებოდა, მშობლების რეალურ ვინაობასა და სახელებს საგულდაგულოდ მალავდნენ და ბავშვს საზოგადოებაში პორფირი ბოროდინისა და ევდოკია კონსტანტინეს ასულის შვილად ასაღებდნენ. ამ დაფარული წარმომავლობის გამო მას გიმნაზიაში ვერ მიაბარებდნენ და ამიტომ გიმნაზიის მთელ კურსს ის სახლში გადიოდა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ შეესწავლა ენები და ბრწყინვალე განათლება მიეღო. შემდგომ წლებში ახალგაზრდა მეცნიერმა განათლება დასავლეთ ევროპაში სრულყო და რუსეთში დაბრუნებისთანავე მიიღო სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის ადიუნქტ-პროფესორის თანამდებობა. 1874 წლიდან იყო სამედიცინო-აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1878). 1877 წლიდან ის უკვე სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის აკადემიკოსია. მის მიერ არის აღმოჩენილი ბრომის მოქმედებით ბრომჩანაცვლებული ცხიმოვანი მჟავების მიღება, რომელიც ცნობილია ბოროდინ-ჰუნსდიკერის რეაქციის სახელით, მანვე, 1862 წელს, მსოფლიოში პირველმა აღმოაჩინა ფტორორგანული შენაერთი – ფტორული ბენზოილი, გამოიკვლია აცეტალდეჰიდი და აღწერა ალდოლი. ჯერ კიდევ სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში სწავლისას დაიწყო ალექსანდრე ბოროდინმა რომანსების, საფორტეპიანო პიესების, კამერულ-ინსტურმენტული ანსამბლების შექმნა. 1862 წელს მან გაიცნო მ. ბალაკირევი და შევიდა მის წრეში („მძლავრი ჯგუფი“). აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა კომპოზიტორის, როგორც მ. გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიკური შეხედულებანი. ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში. გამოირჩევა ეპიკური სიდიადითა და ღრმა ლირიზმით. კომპოზიტორის ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოებია ოპერა „თავადი იგორი”, რომელიც მუსიკაში ეროვნული ჰეროიკული ეპოსის მაგალითად ითვლება. ბოროდინი ოპერაზე თვრამეტი წლის განმავლობაში მუშაობდა და დაუმთავრებელი დარჩა (მისი სიკვდილის შემდეგ დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ა. გლაზუნოვმა. დაიდგა 1890 წ. მარიას თეატრში, პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმენტური მთლიანობით, ძლიერი ხალხური საგუნდო სცენებითა და ეროვნული კოლორიტით. ალექსანდრე ბოროდინი ითვლება კლასიკური ჟანრების – სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთ დამფუძნებლად რუსეთში. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის ერთ-ერთი მწვერვალია II (ე.წ. „გოლიათური“) სიმფონია (1876). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია 1878 და 1881 წლებში დაწერილი პირველი და მეორე კვარტეტები. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია „შორეული სამშობლოს ნაპირებისათვის“ (პუშკინის სიტყვებზე), „უღრანი ტყის სიმღერა“ და სხვ. კომპოზიტორს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. გერმანიაში ყოფნისას მან გაიცნო ახალგაზრდა ლამაზი გოგონა, ეკატერინა პროპოტოვა, რომელიც ასთმით იტანჯებოდა და გერმანიაში სამკურნალოდ იყო ჩასული. მათი სიყვარული ხანმოკლე დაშორებების შემდეგ ქორწინებით დასრულდა, თუმცა, თანაცხოვრება იოლი არ იყო. ეკატერინა იტანჯებოდა ასთმით, რთულად იტანდა პეტერბურგის ნესტიან კლიმატს და ამიტომ დიდ დროს მოსკოვში ატარებდა. ქმართან მხოლოდ ზამთარში ჩადიოდა, მშრალ, გაყინულ ამინდში. ასთმის შეტევების დროს ალექსანდრე მისი ექიმი და მომვლელი იყო. შვილები, სამწუხაროდ, არ ჰყავდათ. მიუხედავად ყველაფრისა, ბოროდინი ყოველთვის მოსიყვარულე ქმრად რჩებოდა. პარალელურად ამ სირთულეებისა, მეცნიერსა და კომპოზიტორს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა მატერიალური სიდუხჭირე. თავის სარჩენად იძულებული იყო ლექციები ეკითხა სატყეო აკადემიაში და ეთარგმნა უცხოური ლიტერატურა. ალექსანდრე ბოროდინი 1887 წლის 15 თებერვალს, პეტერბურგში გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია იქვე, ალექსანდრე ნეველის ლავრის, ტიხვინის სასაფლაოზე., დღესდღეობით რუსეთში ალექსანდრე ბოროდინის სახელს ატარებს სახელმწიფო კვარტეტი, ქუჩები, ბავშვთა სამუსიკო სკოლები. წყარო: ალექსანდრე ბოროდინი 1833-1887 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.78-79. ქუთათელაძე, ზურაბ. ალექსანდრე ბოროდინი (1833-1887) : სახელგანთქმული კომპოზიტორი და ქიმიკოსი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია - თბ., 2011. - გვ.46-47. იმედაშვილი იოსებ. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი. ტ. I, ა-დ .-თბ.,2018.-გვ.405; http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=14425
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |