Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ცირა ახობაძე![]()
Biographyცირა ახობაძე დაიბადა 1972 წელს საქართველოში. წარმოშობით ხობიდანაა. დაამთავრა ქუთაისის სამხატვრო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი, სადაც მის შემოქმედებასა და პიროვნებაზე წარუშლელი კვალი დატოვა პროფესორმა ია ფიცხელაურმა. აკადემიის დამთავრების შემდეგ თბილისში სამხატვრო კოლეჯში მუშაობდა ტანსაცმლის მოდელირებისა და ფერწერის პედაგოგად (2000-2001). ხელოვანმა თავისი ფერწერული ნამუშევრები პირველად წარადგინა გალერეა „ქარვასლაში“, შემდეგ იყო „ცისფერი გალერეა“, რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზი, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი და სხვა. 2002 წლიდან დღემდე ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში. ამერიკაში თავისი ნახატების გამოფენაზე ჩავიდა. ფიქრობდა რომ რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ ისე მოხდა,რომ დიდი ხნით დარჩა. თბილისში არეულობა იყო, კოლეჯი, სადაც ასწავლიდა დროებით დაიხურა, ამერიკაში კი შემოქმედისთვის მრავალმხრივ საინტერესო გარემო დახვდა. დღესდღეობით ცირა ახობაძე მოთხოვნადი და რეალიზებული ხელოვანია. მოღვაწეობს რამდენიმე მიმართულებით, როგორც თავისუფალი ხელოვანი, მხატვარი და დიზაინერი. გარდა მხატვრობისა დაკავებულია ინტერიერის დიზაინით, ტანსაცმლისა და სამკაულის კოლექციების, სხვადასხვა ულამაზესი აქსესუარის შექმნით. მუშაობს ინტერიერის დიზაინის მიმართულებითაც. უკანასკნელ წლებში რამდენიმე სოლო გამოფენა ჰქონდა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში. ასევე სისტემატურად მონაწილეობს ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში. ხელოვანი MadArt-ის წევრი არტისტია და აქტიურად არის ჩართული კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პროექტებში. 2016-2017 წლებში მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო ემანუელ ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში და ნიუ-იორკის არტექსპოზე. 2017 წელს კომპანია MadArt-ის ორგანიზებით მისი სოლო გამოფენა „The Symphony Of My Soul” (ჩემი სულის სიმფონია) გაიხსნა ნიუ-იორკში. 2018 წელს ჰქონდა გამოფენა სიუზან ელის Fine Art Gallery-ში, ნიუ-იორკის World Trade Gallery-ში. ასევე, მონაწილეობა მიიღო REVEAL International Contemporary Art Fear-ში, ხოლო 2019 წელს George Bill Gallery-ში იყო გამოფენილი მისი ნახატები. გარდა ამისა, აქვს საქმიანი ურთიერთობა რამდენიმე არტ-სალონსა და გალერეასთან. ცდილობს ფეხი აუწყოს ამერიკული ცხოვრების რიტმს და ამავდროულად, არ დაკარგოს ინდივიდუალურობა. 2021 წელს მანჰეტენზე, არტპრომოუშენ კომპანია MadArt-ის ორგანიზებით, მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო. ამ გამოფენის შემდეგ ცირა ახობაძის ნამუშევრების გაყიდვებისა და შეკვეთების რაოდენობამ 60%-ით იმატა. დღეს, ცირას ნახატებს არაერთ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციონერთან შეხვდებით - შვეიცარიაში, რუსეთში, თურქეთში, საფრანგეთში, პოლონეთში და სხვა. ცირა ახობაძე მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების ძიების პროცესშია, სწორედ ამიტომ მისი საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება ამოუწურავია და სულ ახალი მიგნებებით ივსება. მან თავისი ნახატები პრინტად გადაიტანა მაისურებზე, რაც ფრიად ორიგინალურია და მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს. მხატვრული ფოტოგრაფიითაც დაინტერესდა. უკანასკნელ წლებში კი ქმნის ხელნაკეთ საახალწლო სათამაშოებს, სადაც საქართველოს დროშის ფერებს და ქართულ ორნამენტებს იყენებს. ამ სათამაშოებს თავიდან თავისთვის, გასართობად ქმნიდა და არა გასაყიდად, მაგრამ უამრავი შეკვეთა მიიღო და უკვე გააფორმა რამდენიმეწლიანი კონტრაქტები. ქართველი მხატვრის ნახატები, მსოფლიოში ხელოვნების ყველაზე დიდ ბაზრობაზე Art expo New York-ზე გამოიფინა და მალევე ამ საერთაშორისო გამოფენის ვებ. გვერდზე განთავსდა. ნიუ-იორკის არტ ექსპო ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ მხატვრებს მასპინძლობს. ვებ. გვერდზე მოხვედრა კი ცნობილი მხატვრებისთვისაც სირთულეს წარმოადგენს. წყარო: https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/akhobadze-tsira.html http://khobi-info.blogspot.com/2017/07/blog-post_6.html ახობაძე ცირა. ნიჭიერი ხელოვანის მრავალფეროვანი ცხოვრება /ინტერვიუ: ესაუბრა თაკო გვაზავა // OK! საქართველო: ჟურნალი. თბილისი, 2020. იანვარი.N66. გვ.36-38. ახობაძე ცირა. მეუბნებიან ამერიკაში ხარ და აქ რა გინდაო: ქართველი მხატვრის წარმატებები და ოცნება...: ინტერვიუ // პრაიმტაიმი. თბილისი. 2017. 21 აგვისტო. N32. -გვ. 22-23.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |