შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დარეჯან ბერეკაშვილი![]()
ბიოგრაფიადარეჯან ბერეკაშვილი დაიბადა 1952 წელს ლიეჟეში (ბელგია). მისი მშობლები, გაიოზ ბერეკაშვილი და ნინო მგალობლიშვილი, 1921 წლის პირველი პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლები იყვნენ. მამამ სამშობლო ოჯახთან ერთად სამი წლის ასაკში დატოვა, დედა კი საფრანგეთში დაიბადა. დარეჯანი განათლებით იურისტია. 1960 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში. ქანდაკებით 1995 წლიდან დაინტერესდა. ის თავდაპირველად სკულპტურას Croissy sur Seine-ის სახელოსნოში სწავლობდა, სადაც უმცროს შვილთან ერთად ჩაეწერა. შემდეგ სწავლა გააგრძელა Grand Prix de Rome-ში. თიხაზე მუშაობამ იმდენად გაიტაცა, რომ ბოლო წლები მთლიანად ქანდაკებას მიუძღვნა და თავისი გატაცება პროფესიად აქცია. მოქანდაკე ქმნის როგორც პერსონაჟებს, ასევე ცხოველებს. ცდილობს, ყოველთვის განსხვავებული ხედვა ჰქონდეს და შექმნას ინდივიდუალური და გამორჩეული ნამუშევრები, რომელთაც ასლი არ ექნებათ. მუშაობს თიხაზე და თაბაშირზე და შემდგომ მათ შორის საუკეთესოს ბრინჯაოში ასხამს. დარეჯან ბერეკაშვილი საქართველოში, პირველად, 2001 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ მჭიდრო კონტაქტი აქვს სამშობლოსთან. მონაწილეობდა გამოფენებშიც. 2014 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჩატარდა ლევან ჭოღოშვილისა და დარეჯან ბერეკაშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა. დარეჯან ბერეკაშვილი ქმნის სტილიზებულ, მოგრძო, კენარ პერსონაჟებს. ავტორის მიერ უკანასკნელ ოცწლეულში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს საფუძვლად უდევს მის ისტორიასთან, ქართულ სინამდვილესთან და კულტურასთან სულ უფრო მეტი დაახლოების ძლიერი ნება. სკულპტორის აზრით მისი წარმოშობა და ორმაგი კულტურა მის ნამუშევრებს ორიგინალურობას ანიჭებს. დარეჯან ბერეკაშვილის მეუღლეა ოთარ ზურაბიშვილი - საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი. წყარო: https://speech.ge/khelovneba/darejan-berekashvili-moqandake-saphrangethi/ https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/berekashvili-darejan.html https://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=71&info_id=13078
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |