The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამუნა სირბილაძე-ვესტი

თამუნა სირბილაძე-ვესტი
Date of birth:12 February, 1971
Date of death:2 March, 2016  (at 45 years)
Category:Painter

Biography

თამუნა სირბილაძე (თამარ ვესტი) დაიბადა 1971 წლის 12 თებერვალს, თბილისში, მუსიკოსი დედის ნუნუ ღურჭუმელიასა და ინჟინერი მამის, ვახტანგ სირბილაძის ოჯახში.

1989 წელს დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა. 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით.

ვენაში გადასვლის შემდეგ, 1997-დან 2003 წლამდე სწავლობდა სახვითი ხელოვნების აკადემიაში (Academy of fine Arts, Vienna), სადაც მისი მასწავლებელი იყო ფრანც გრაფი. 2003 წელს მან სწავლა გააგრძელა ლონდონის სახვითი ხელოვნების სლეიდის (Slade School of Arts, London) სკოლაში. იმ პერიოდში თამუნა შეხვდა მხატვარ ფრანც ვესტს. 2002 წელს ისინი შეუღლდნენ. წყვილი ერთად მუშაობდა მრავალ სამხატვრო პროექტსა და ნამუშევარზე 2012 წლამდე, ფრანც ვესტის გარდაცვალებამდე. 

თამუნა სირბილაძემ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა აქტიურად დაიწყო ვენაში გადასვლის შემდეგ. მისი შემოქმედება მოიცავს ინსტალაციურ ნამუშევრებს, ვიდეოებს, ადგილ-სპეციფიურ პროექტებსა და ნახატებს, რომლებიც გამოიფინა ევროპის მრავალ გალერეასა და მუზეუმში - 2001- Plakatentwürfe გიზელა ქეფითენთან ერთად, კიოლნი, გერმანია (თანამშრომლობითი პროექტი ფრანც ვესტთან ერთად); 2007 - ColletPark Gallery, პარიზი, საფრანგეთი; 2008 - ფერწერა და ელემენტები ჯონათან ვინერთან ერთად, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2010 - Laszive Lockungen, ბერლინი, გერმანია. 

თამუნა სირბილაძემ მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენებში ვენის სეცესიონსა და მაიამიში,  ამავე დროს, რამდენიმე წერილიც დაიწერა მის ორ სოლო გამოფენაზე ნიუ – იორკში (Take it easy, Bill Powers’ Half Gallery  და „საკმარისად საკმარისი“ არასოდეს არის საკმარისი, ჯეიმს ფუენტესის გალერეა). 

თამუნას უფროსი და, ქეთი, პროფესიით ექიმია, მაგრამ დის შემოქმედებას კარგად იცნობს. მისი ცნობებით, თამუნასთვის მნიშვნელოვანი იყო მისი სოლო გამოფენა ლონდონში, ჯონათან ვინერის გალერეაში 2008 წ. “Painting and Elements”, სადაც შემთხვევით მისულმა სააჩიმ (Saatchi) თამუნას 16 ნახატი და მოხატული კედელი შეიძინა. რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ გამოიფინა ეს ნამუშევრები ლონდონში Saatchi gallery-ში.

ასევე საინტერესო იყო თამუნა სირბილაძის ერთ-ერთი პირველი მონაწილეობა საერთაშორისო არტფეარ-Fiac-ზე, სადაც უგო რონდინონემ პირველად გამოფინა მისი ნახატი “მადონა ბემბით” ნიუ-იორკში. უგოს ცოლმა, ცნობილმა და ევროპის გაგოზიანად აღიარებულმა გალერისტმა, ევა პრესნერჰუბერმა  თამუნა ციურიხის გალერეაში გამოფინა. ეს იყო აღმავლობის გზა თამუნას კარიერაში.

მნიშვნელოვანი იყო მხატვრის პირველი სოლო გამოფენები პარიზში 2007 წელს “Inconcurrence” ColletPark Gallery-ში; 2010 წელს, ბერლინში “Laszive Lockungen” Charim Unger გალერეაში.
მაგრამ, ძალიან გამორჩეული იყო ვენის “სეცესიონში” ჯგუფური გამოფენა. აქ თამუნა კვლავ უგო რონდინონემ მოიწვია და დაუთმო ერთი დიდი დარბაზი. სასწაული ინსტალაცია შეიქმნა თამუნას “ანსტრეჩ” გადაუჭიმავ ტილოზე ოილსტიკერით შექმნილი ნახატებით - ისინი ვიტრაჟებივით მოჩანდა დიდი დარბაზის კედლებზე.

ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდა თამუნა ნიუ-იორკის ორ სოლო გამოფენას 2015 წლის აგვისტოში “half gallery“ ბილ პაუერსთან და იმავე წლის ოქტომბერში -Jaims Fuentas Galleryში.halfgallery გამოფენის შესახებ new-yorktymes-ში დაიბეჭდა ცნობილი არტკრიტიკოსის რობერტა სმიტის სტატია მხატვრის შემოქმედების შესახებ.

2015 წლის დეკემბერში, რუბელების ოჯახმა (Rubell family- ცნობილი კოლექციონერები) არტ ბაზელ მაიამიზე წარადგინეს მათ მიერ შეძენილი თამუნას ნახატები. ეს უკვე იყო სერიოზული გარღვევა საერთაშორისო მასშტაბით.

2016 წლის იანვარში ბრიუსელში გაიხსნა თამუნა სირბილაძის ბოლო, მის სიცოცხლეში ჩატარებული სოლო გამოფენა Almin Rech-ის (პიკასოს შვილიშვილის ცოლის) გალერეაში.

2012 წელს ვესტი, რომელსაც წარმატებული კარიერა, სახელი და მნიშვნელოვანი ნამუშევრები დარჩა, გარდაიცვალა და ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ომი არტდილერებსა და თამუნას, როგორც ვესტის ქვრივს შორის.

თამუნას შვილები, ლაზარე და ემილი ვესტები, დაიბადნენ 2008 და 2009 წლებში, ვენაში, მაგრამ თავისუფლად საუბრობენ ქართულად.

სიცოცხლის ბოლო ორი წელი თამუნა სირბილაძე ცხოვრობდა ავსტრიელ პოეტთან ბენედიქტ ლედებურთან ერთად.

2017 წელს ნიუ-იორკში გაიმართა ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნამუშევრების ალბომის „თამუნა სირბილაძე“ (გამომცემლობა David Zwirner Books) პრეზენტაცია. ალბომში ხელოვანის ნამუშევრების გარდა შესულია ბენედიქტისა და თამუნას საუბარი (2006) და ამ წიგნის ავტორების, ცნობილი ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების: მაქს ჰენრის, ჯული რაიანისა და ანა კატსის ტექსტები.

2017 წელსვე თბილისში გამოიცა ბენედიქტ ლედებურის ლექსების კრებული - „ქარის წისქვილი: სონეტების გვირგვინი თამუნა სირბილაძისთვის. ტექსტი გერმანულ და ქართულ ენებზე. წიგნი ილუსტრირებულია თამუნა სირბილაძე-ვესტის ნამუშევრებით.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/s-t/sirbiladze-tamuna.html 

2. http://www.tamunasirbiladze.com/

3. https://news.ge/2021/03/23//თამუნა-სირბილაძე-სადაც-/

4. ფოჩხუა ლადო. თამუნა სირბილაძის დაუსრულებელი სათქმელი // ინდიგო. თბილისი, 2017. სექტემბერი. N22. გვ. 42-51


Share: