Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
პაატა ბერიძე![]()
Biographyმესაყვირე, პედაგოგი და ფოტოხელოვანი პაატა ბერიძე დაიბადა 1988 წლის 10 სექტემბერს, თბილისში. საყვირზე დაკვრა დაიწყო 2004 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ მუსიკალურ ათწლედში (პედაგოგი ლერი ჭეჭელაშვილი). 2005-2008 წწ. სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში). პარალელურად, ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯში ეუფლებოდა სახელოვნებო სკოლის ჩასაბერ საკრავთა პედაგოგის, კონცერტმაისტერის სპეციალობას. 2008 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფაკულტეტზე, საყვირის სპეციალობით. სტუდენტობის პერიოდში უკრავდა კონსერვატორიის ორკესტრში პირველ საყვირს. გავლილი აქვს: გუიდო სეგერსის, ვოლფგან გუგენბერგერის, ვოლფგანგ ჰააგის, ფრიც დამროვის, ურბან აგნასის, მათიას ჰოფსის, ჰოკან ჰარდენბერგერის, გაბორ ტარკოვის, რაინჰოლდ ფრიდრიხის და მაურო მაურის მასტერკლასები. 2015-2018 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ლეოპოლდ მოცარტის ცენტრში სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის კლასში, რომლის დასრულების შემდეგაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საყვირის სპეციალობით (ბაროკოს საყვირი). 2010 წელს მუსიკოსი მონაწილეობდა ჭიათურის "ზამთრის აკადემიის" მასტერკლასებში; ამავე პერიოდში მიწვეული იყო სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაზე სამუშაოდ სამეფო უბნისა და მარჯანიშვილის თეატრებში. პაატა ბერიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში: 2012 წელს შეარჩიეს კავკასიის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალ "მშვიდობის მელოდიების" კონცერტმაისტერად და საერთაშორისო ფესტივალ "მოგზაური ნოტების" სოლისტ მონაწილედ; ასევე, დაუკრა თბილისის ბაროკოს კვირეულში და რევაზ კიკნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო იონას კოხერის, მაქსიმილიან მარკოლის და ერნესტო მოლინარის თანამედროვე კლასიკის იმპროვიზაციის ვორკშოფებში. შემოქმედებით აქტივობებთან ერთად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში; მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის "საქართველოს სინფონიეტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად. 2013 წელს ჩამოაყალიბა ჯაზ-ბენდი. ითანამშრომლა კომპოზიტორ გია ყანჩელთან და აღადგინა მისი ნაწარმოები „ყარაჩოღელის ანდერძი“, რომელიც სცენურად პირველად შესრულდა მისივე სოლო კონცერტზე. ამავე ჩანაწერზე რეჟისორმა მიხეილ ჭიჭიბოშვილმა გადაიღო კლიპი. ამავე წელს პაატა ბერიძემ ანრი ღუდუშაურთან ერთად ჩამოაყალიბა "ბგერის თეატრი", რომელიც თვისობრივად ახალი ჟანრის მუსიკას და თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობს თავის მაყურებელს. მუსიკოსი მუდმივად იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კლასიკურ და ჯაზ-კონცერტებში, როგორც სოლო შესრულებით, ასევე ანსამბლის, ორკესტრის და ბენდის შემადგენლობაში. 2015 წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზურაბ ხუციშვილთან ერთად პაატა ბერიძემ ჩაწერა დისკი, რომელიც კინომუსიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა. ასევე, ამავე წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალლას "ნანა" ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად. 2014 წლიდან მუსიკოსი აყალიბებს 6 კაციან ანსამბლს, რომელთან ერთადაც კოტე მარჯანიშვილის თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას. 2015 წელს ანსამბლ "კონსილიასთან" ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაზე. პაატა ბერიძე „კონსილიას“ უცვლელი წევრია და მისი ინიციატივით არაერთი პროექტი ხორციელდება. მუსიკოსი წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო "მუზასთან". 2015 წელს, გერმანიაში გამოსცა მუსიკალური ალბომი „ჟამე ვუ“. ალბომში შესულია XX და XXI საუკუნის მუსიკა. ამ დისკისთვის არაერთ კომპოზიტორს აქვს შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის: იოსებ ბარდანაშვილი, ნინო ჯანჯღავა, ტობიას ბროსტრომი, ემი დუნკერი და სხვები. 2014-2015 წლებში პაატა ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება. 2016 წელს მუსიკოსმა გამართა სოლო კონცერტი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად გერმანიის ქალაქ აუგსბურგში. აქვე, ისტორიულ ოქროს დარბაზში გაიმართა მისი პირველი მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია და მოეწყო მისი სურათების გამოფენა. 2017 წელს აუგსბურგში შექმნა ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტალისტთა კვინტეტი, რომლის სახელწოდებაც იყო „ლეოპოლდ ბრასი“. 2018 წელს, გერმანიაში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, დასკვნითი კონცერტი გამართა აუგსბურგის ოქროს დარბაზში. მისი მუსიკა გამოირჩევა ბაროკო მუსიკის ავთენტური შესრულებით. ამავე წელს გადაიღო კლიპი ნოდარ გაბუნიას მუსიკაზე (რეჟ.: ზაზა კავთუაშვილი). 2013 წელს მუსიკოსს მიენიჭა ლაურეატის დიპლომი საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის. მისი ინიციატივით აქტიურად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად, რაც, ამავე დროს, ხელს უწყობს საყვირზე დაკვრის პოპულარიზაციას. პაატა ბერიძე გამოირჩევა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც. საყვირზე დაკვრას ასწავლის დამწყებ მუსიკოსებს სამუსიკო სკოლაში. მისი კლასის არაერთ ახალგაზრდას აქვს შესრულებული კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2020 წელს მუსიკოსი პედაგოგად მიიწვიეს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, სადაც დღემდე აქტიურად მუშაობს და მართავს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. პაატა ბერიძე გამოირჩევა მთარგმნელობითი საქმიანობითაც. მან ქართულ ენაზე თარგმნა: ფრიც დამროვის „ფიტნესი ლითონის ჩასაბერი საკრავებისათვის“: ნოტი. - თბილისი. 2014. თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ავტორთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მუსიკოსის ცხოვრება უკავშირდება ფოტო-ვიდეოგრაფიასაც. იგი აქტიურად აწყობს გამოფენებს და მუშაობს არაერთ დოკუმენტურ ფილმზე. 2013 წელს პაატა ბერიძე გახდა გერმანული საყვირის დამამზადებელი ფირმის "შილერის" სახე, როგორც ამ ფირმის ინსტრუმენტების მომხმარებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2017 წელს გახდა საყვირის ჩანთების დამამზადებელი ფირმა "გარდის" სახე. 2019 წელს, კომპანია „გარდ ბაგსმა“ პაატა ბერიძის დიზაინით ბაროკოს საყვირის კეისი შეკერა, რომელიც მუსიკოსის სახელს ატარებს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/პაატა_ბერიძე
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |