The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ანდრონიკაშვილი

ნინო ანდრონიკაშვილი
Date of birth:1906
Date of death:2003  (at 97 years)
Burial location:თეირანი, ირანი
Category:Nobleman

Biography

თავადმა  ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა სამედიცინო ინსტიტუტი ოდესაში დაამთავრა, სადაც შეხვდა კიდევაც თავის მომავალ მეუღლეს მარია ლვოვას. სამხედრო ექიმსა და მარიას უფროსი ქალიშვილი ნინო 1906 წელს ოდესაშივე შეეძინათ, 1910 წელს - თამარი, ნაბოლარა ეთერი ათი წლის შემდეგ თბილისში დაიბადა.

თბილისში ანდრონიკაშვილები ბორჯომის ქუჩაზე დასახლდნენ. ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი საავადმყოფოში მუშაობდა და კერძო პრაქტიკაც ჰქონდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში არ წასულა. ექიმი ცდილობდა თავი შორს დაეჭირა პოლიტიკისგან და სამედიცინო საქმიანობით ყოფილიყო დაკავებული. თუმცა საბჭოთა წყობით უკმაყოფილო უფროსი ქალიშვილი ნინო ოცნებობდა საზღვარგარეთ წასვლაზე და ამას არც მალავდა მშობლებთან.

22 წლის ასაკში ნინომ თბილისში გაიცნო საქართველოში ირანის კონსული მირზა ალი სოხეილი. კონსული განათლებული კაცი იყო, თავისუფლად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს. მას პირველივე ნახვით შეუყვარდა ნინო და და როდესაც საქართველოდან წასვლის დრო მოვიდა საყვარელ ქალს მასთან ერთად წასვლა შესთავაზა. ნინო ანდრონიკაშვილმა ეს შეთავაზება საბჭოთა კავშირიდან წასვლის შესაძლებლობად ჩათვალა და სუხეილს დათანხმდა ქორწინებაზე. გათხოვების შემდეგ ნინომ მუსლიმანობა მიიღო და სახელად ტუბა-ხანუმი უწოდეს. წყვილს შეეძინა ვაჟი ირაჯი (ქართული ვარიანტით ირაკლი). მირზა ალის წარმატებული კარიერა ჰქონდა. ირანში დაბრუნების შემდეგ ტრანსპორტის მინისტრად დანიშნეს,  შემდეგ ისევ დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდადა. 1937  წელს ინგლისში დანიშნეს ირანის ელჩად. იმ პერიოდში ირანი ინგლისს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა და იქ ელჩად სუხეილის მივლინება შაჰის მისადმი დიდ ნდობაზე მიანიშნებდა.

ნინო ანდრონიკაშვილი ლონდონში დაკავებული იყო მიღებების, დიპლომატიური საუზმეებისა და საღამოების მოწყობით. მას შეეძლო ინგლისში ოჯახის წევრების მიწვევა და პირველი ვინც ლონდონში მიიწვია უმცროსი და ეთერი იყო. მიუხედავად იმისა რომ 1937 წელი იყო და საბჭოთა კავშირში რეპრესიები მძვინვარებდა, ეთერს ნება დართეს ლონდონში წასულიყო, ვინაიდან ამ დროისთვის ლავრენტი ბერია უკვე ეძებდა ირანთან დაახლოების გზებს. ეთერმა ლონდონში ერთ წელზე მეტი იცხოვრა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სუხეილი საგარეო საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერ-მნისტრად დანიშნეს. ამ პერიოდისთვის ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი (1919-1980) საკმაოდ ახალგაზრდა იყო და ქვეყნის მმართველობის სადავეები მირზა ალის ხელში იყო. ტუბა ხანუმი კი შაჰის ულამაზეს მეუღლისთან, სორაია ისფაინდიარ ბაჰთიართან მეგობრობდა და მის უახლოეს გარემოცვშვი ტრიალებდა.

სუხეილს შაჰი და ქვეყნის პოლიტიკური ძალები უჭედნენ მხარს, ამიტომაც იყო რომ პრემიერ-მინისტრად სამჯერ დანიშნეს. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ირანმა ომი გმოუცხადა ფაშისტურ გერმანიას და გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი იაპონიასთან.

სუხეილის ორგანიზებით მომზადდა თეირანის 1943 წლის კონფერენცია, რომელმაც უმასპინძლა ჩერჩილს, რუზველტსა და სტალინს. ეჭვგარეშეა, რომ სტალნმა იცოდა სუხეილის მეუღლის ქართული წარმომავლობის შესახებ. ალბათ ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის მიერ მოწყობილ მიღებებზე სტუმრებს ყოველთვის დავით სარაჯიშვილის ქარხნის კონიაკით მასპინძლობდნენ. იმ დავით სარაჯიშვილისა, ვინც დააფინანსა თავის დროზე ტუბა ხანუმის მამის სამედიცინო განათლება.

1944 წელს ნინომ თეირანში პრემიერ-მინისტრის კერძო თვითმფრინავით გადააფრინა მამა და შუათანა და თამარი. მამა-შვილმა სამი თვე იცხოვრეს თეირანში და გაოცებულები იყვნენ იმ სიმდიდრითა და ფუფუნებით რომელშიც პრემიერ-მინისტრის ოჯახი ცხოვრობდა.

50-იან წლებში სოხეილი ისევ დიდ ბრიტანეთში გაუშვეს ელჩად, სადაც 1957 წელს გარდაიცვალა კიდეც კიბოთი. ნინო ირანში დაბრუნდა. მომდევნო წლები მძიმე იყო. ბოლშევიკურ რევოლუციის საშინელებებს გაქცეული ნინო ირანის რევოლუციის მომსწრე გახდა. ირანის რევოლუციის შემდეგ ნინოს ჩამოართვეს სასახლე და მისცეს პატარა ოთახი. გარდაცივალა 2003 წელს, მისი საფლავი თეირანშია.

გათხოვების შემდეგ იმის შიშით, რომ უკან აღარ გაუშვებდნენ, დააპატიმრებდნენ და გადაასახლებდნენ ნინო ანდრონიკაშვილი სამშობლოში არასდროს აღარ ჩამოსულა.

ნინოს უმცროსი და ეთერი ცნობილი მხატვრის დავით კაკაბაძის მეუღლე გახლდათ.

წყარო:

1Оболенский Игорь. Сестры Андроникашвили // Судьба красоты : Истории грузинских жен / И. Оболенский. - Тбилисию 2010. - ст. 81-85.

 


Share: