The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თეონა იამანიძე

თეონა იამანიძე
Date of birth:3 March, 1988  (36 years)
Category:Painter

Biography

თეონა იამანიძე ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელია. დაიბადა 1988 წლის 3 მარტს მოსკოვში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. საქართველოში მალევე წამოვიდნენ, მაგრამ როცა სამოქალაქო ომი დაიწყო, იძულებული გახდნენ რუსეთში გაბრუნებულიყვნენ.

თეონა ბავშვობიდან ხატავდა. მოსკოვში დაამთავრა სამხატვრო სკოლა, 2009 წელს კი -  თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. აშშ–ში მოხვდა  “ფულბრაიტის პროგრამის” საშუალებით. ისტორიულად ის იყო პირველი მხატვარი რუსეთიდან, ვინც ეს გრანტი მოიპოვა.

ნიუ-იორკში 2015 წელს ჩავიდა და სწავლა დაიწყო სირაკუზის უნივერსიტეტის ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში, სადაც გაიარა ფერწერის მაგისტრატურის პროგრამა.

სწავლის პროცესში მიენიჭა მრავალი პრესტიჟული სტიპენდია, მათ შორის, მასკის პროგრამისა და ელიზაბეტ გრინშილდის ფონდის გრანტები. 2018 წელს მხატვრობის მიმართულებით ხელოვნების სფეროს მასტერის წოდებაც მიიღო. სწავლების კურსი მულტიდისციპლინური იყო, სადაც მას კინოინდუსტრიისა და მულტიმედიის სფეროს წამყვანი პედაგოგები ასწავლიდნენ.

მხატვარს ბევრ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული მათ შორის:  

მოსკოვის ვინზავოდის კულტურის ცენტრში, ბერლინის საერთაშორისო ხელოვნების კვირეულსა და მოსკოვის თანამედროვე კულტურის ცენტრში.

თეონა იამანიძის ნამუშევრები განთავსებულია საჯარო და კერძო კელექციებში. იგი მონაწილეობდა ევერსონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტში "ის დღე ახლა: ჰიროსიმას ჩრდილები”, რომელიც მიეძღვნა იაპონიაში ჰიროსიმას ატომური დაბომბვიდან 70 წლისთავს.

2017–2018 წლებში ნიუ იორკისა და ჩიკაგოს გალერეებში რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, 2018 წელს კი ჩიკაგოს ბიენალეზე წარსდგა თავისი ნამუშევრით - ახალგაზრდა პატარძლის პორტრეტი სახელად – “დამალული”, რომელიც ექსპოზიციისთვის კურატორმა შეარჩია.

2019 წლის 18 აპრილს თეონა იამანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა საქართველოს საკონსულოში, ქალაქ ნიუ-იორკში. ექპოზიციაზე, სახელწოდებით - “ყოფნა”, წარმოდგენილი იქნა მხატვრის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი დიდი ფორმატის ფერწერული ტილოები, რომლებიც ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩევიან. ხელოვანი იკვლევს ისეთ თემებს როგორიცაა იდენტურობა, კოლექტიური მეხსიერება, დევნილობა და გაუცხოება. მის ნამუშევრებზე ხშირად გამოსახულია ქალები, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტის გამო ან ტრავმული შემთხვევების გადატანის შედეგად. 

2022 წლის 16 ოქტომბერს საქართველოში, კაჭრეთის "არტ გალერიაში" გაიხსნა თეონა იამანიძის გამოფენა სახელწოდებით - "ქვიშის მარცვალი". ექსპოზიცია აერთიანებს იმ ემიგრანტი ქართველი ქალების პირად გამოცდილებას, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე რუსეთთან ომი შეეხო.

ქართველი მხატვარი საქველმოქმედო ღონისძიებებშიც მონაწილეობს. მან Watermill Center – ისთვის გამართულ აუქციონშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამ არაკომერციული ორგანიზაციის დაარსების 25 წლისთავს მიეძღვნა. ცენტრის მიზანია მხატვრების მოზიდვა, თეონას ნახატის გაყიდვით მიღებული თანხა კი ახალგაზრდა მხატვრების მხარდაჭერას მოხმარდა.

ამჟამად, თეონა იამანიძე ცხოვრობს ნიუ-იორკში და მხატვრობის გარდა კურატორულ საქმიანობასაც ეწევა. არც საქართველოს ივიწყებს, რადგან ეს მისი სამშობლოა და თბილისში ძმა და მშობლები ეგულება.

წყარო:                                                                                                                                                              1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/i-l/yamanidze-teona.html

 

2. https://blogs.netgazeti.ge/2018/09/23/ხელოვნების-ვიზუალური-ფო/

3. https://tia.ge/140394-teona-iamanidzis-nashromebis-gamofena-saqartvelos-sakonsuloshi-niu-iorkshi.html

                                                


Share: