The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სერგო ტარასაშვილი

სერგო ტარასაშვილი
Date of birth:10 November, 1902
Date of death:21 March, 1961  (at 58 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Engineer, Manufacturer, Public Man

Biography

სერგო ტარასაშვილი დაიბადა თბილისში, 1902 წლის 10 ნოემბერს. მშობლები: მიხეილ ტარასაშვილი და ნინო შალაშვილი.

სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. 1924 წლის აჯანყების დროს ის იყო თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მას თანაპარტიელ სტუდენტებზე პასუხისმგებლობა ევალებოდა) და აგრეთვე გახლდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეკავშირე.

ერთ-ერთი შეტაკებისას სერგო ფეხში დაიჭრა და თბილისში იმალებოდა თავის მეგობარ ლევან გოთუასთან ერთად. შემდეგ კი, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და დახმარებით, მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა. 

სერგო ტარასაშვილმა საქართველოდან ლტოლვილთა ტიპური გზა გაიარა – კონსტანტინოპოლის გავლით მარსელში ჩავიდა, მარსელიდან კი – პარიზში. აქ მას დახვდა ტარასაშვილების ოჯახის ახლობელი ლადო გუდიაშვილი, რომელიც იქ სხვა ქართველ მხატვრებთან (დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი) ერთად იმყოფებოდა. მათ პარიზში ერთად გადაიღეს ფოტო, რომელიც სერგომ მამას გამოუგზავნა საქართველოში იმის დასტურად, რომ ყველაფერი კარგად იყო.

ახალგაზრდამ  სწავლა განაგრძო სტრასბურგის უნივერსიტეტში ელექტროინჟინერის სპეციალობაზე. მისი საბოლოო მიზანი კი იყო ესწავლა სტრასბურგში, საფრანგეთის ნავთობის  ინსტიტუტში. 

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცნობილ ამერიკულ ფირმაში, როკფელერების კუთვნილ „სტანდარტ ოილ კომპანიში“ („Standart Oil Company“). მასვე დაავალეს ამერიკელებმა 1934 წელს ნორმანდიაში (ჩრდილოეთ საფრანგეთი), ქალაქ ჰავრთან, პორტ-ჟერომში, ევროპის პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ხელმძღვანელობა. 1936 წელს მშენებლობა წარმატებით დასრულდა და ქარხნის ტექნიკურ დირექტორად სერგო ტარასაშვილი დაინიშნა.

II მსოფლიო ომის დროს დეტერდინგების ოჯახმა, კომპანია „Royal Dutch Shelli“-ის  მფლობელებმა, სურვილი გამოთქვა, რომ სერგო ტარასაშვილს შეესრულებინა როტერდამში "Shelli"- ის ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი. ქართველმა ინჟინერმა  ეს პროექტიც წარმატებით განახორციელა - ააშენა და გამართა ქარხანა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სერგო ტარასაშვილმა დააარსა მეტალურგიის ექსპორტი-იმპორტის ფირმა, რომელსაც გარდაცვალებამდე თავად ხელმძღვანელობდა.

1942 წელს სერგომ იქორწინა თამარ წულაძეზე - საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზინადარის - ვასო წულაძისა და მარგარიტა გორდელაძის ქალიშვილზე. 1944 წელს მათ შეეძინათ ტყუპი ქალიშვილები - ირინა და ნინო, ხოლო 1948 წელს კი ქალიშვილი ელისო.

სერგო ტარასაშვილი სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობდა. ის იყო ინჟინერი, მეწარმე, მეცნიერი და გარდა ამისა დიდი ქველმოქმედიც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში ყოფნისას, ის თავის რამდენიმე მეგობართან ერთად (მათ შორის იყო კოტე ჯაყელი, აკაკი ხოშტარია და ევგენი გეგეჭკორი) იხდიდა ქართული საგანძურის "ბანკ დე ფრანსის" სეიფში შენახვის ხარჯებს, მოგვიანებით კი სწორედ სერგო დაეხმარა ექვთიმე თაყაიშვილს საგანძურის საქართველოში ტრანსპორტირების ორგანიზებაში.

სერგო ტარასაშვილი გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1961 წლის 21 მარტს, პარიზთან ახლოს, სუაზი-სუ-მონმორანსში. განისვენებს ლევილის სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki//სერგო_ტარასაშვილი 

2. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00017110/


Share: