შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
არჩილ გელოვანი![]()
ბიოგრაფიაბიზნესმენი და კინოპროდიუსერი არჩილ ვიქტორის ძე გელოვანი რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დაიბადა 1974 წლის 15 დეკემბერს მოსკოვში. გაიზარდა ინტელექტუალურ ოჯახში. ბაბუა, მისი სეხნია, არჩილ გელოვანი, მარშალი გახლდათ, მამა, ვიქტორ გელოვანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო. დედა, ნანა ანჯაფარიძე მუშაობდა კარდიოლოგად და სამხედრო ექიმად. 1991 წელს არჩილ გელოვანმა სწავლა რუსეთში MGIMO-ში (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტი ) დაიწყო. სამი წლის შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა. 1994 წელს მუშაობდა კომპანია Ascop corporation-ში, ნიუ-იორკში. 1996 წელს სწავლა გააგრძელა ჯერ ჰარვარდის, შემდეგ კი ბოსტონის უნივერსიტეტში, რომელიც 1999 წელს დაამთავრა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, 1999 წელს მეგობრებთან ერთად შექმნა დეველოპერული კომპანია METRA. 2001 წლიდან დაიწყო ინვესტირება მომგებიან მაღალტექნოლოგიურ პროექტებში. დააარსა კომპანია „General Nano Optics“, რომელიც სპეციალიზირებული იყო ნახევარგამტარი ლაზერების შემუშავებასა და წარმოებაში. ასევე, ჩამოაყალიბა ასოციაცია NEOZINC, რომელიც აწარმოებს სპეციალურ დამცავ საფარებს ლითონის პროდუქტებისთვის. მოგვიანებით არჩილ გელოვანმა გადაწყვიტა ბედი კინოინდუსტრიაში ეცადა. 2006 წელს დააფუძნა კ/კომპანია "დამოუკიდებელი კინოპროექტი" (2009 წლამდე-გენერალური პროდიუსერი). 2007 წლიდან დაიწყო მხატვრული ფილმების წარმოება. 2009-დან 2011 წლამდე - საქართველოში ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობდა. მედიის ინფორმაციით, მან თავისი წვლილი შეიტანა კინოსტუდიის ოქროს ფონდის არქივის აღდგენაში. 2009 წლიდან ს/ს "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. პროდიუსერი ფილმებისა: "რუსული სამკუთხედი" (ა. ცაბაძე, 2007); "იგორ სანოვიჩი, ესკიზები პორტრეტისთვის" (დოკ. ა. რეხვიაშვილი, 2008); "ქალები საქართველოდან" (დოკ. ლ. კოღუაშვილი, 2008); "სამი სახლი" (ზ. ურუშაძე, 2008); "სახლი სიხარულისა" (დოკ. მ. კოკოჩაშვილი, 2008); "საუბარი ელდარ შენგელაიასთან" (დ. ცინცაძე, 2008); "კონფლიქტის ზონა" (ვ. ბურდული, 2009); "ქუჩის დღეები" (ლ. კოღუაშვილი, 2010); "რენე მიდის ჰოლივუდში" (ა. ცუბაძე, 2010); "უშენოდ მგონი მოვკვდები" (ვ. უგულავასთან ერთად/ ლ. თუთბერიძე, 2010); "მონადირე" (ს. სელიანოვთან ერთად /ბ. ბაკურაძე, 2011, რუსეთი); „სიყვარული აქცენტით" (რ. გიგინეიშვილი, 2012); „საზღვრების გარეშე (რ. გიგინეიშვილი, რ. პრიგუნოვი, 2015)და სხვა. თავადაც სცადა მსახიობობა. 2006 წელს "ბუმერის" მეორე ნაწილში ითამაშა, ხოლო 2008 წელს - ფილმში "სიხარულის სახლი". არჩილ გელოვანი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, ნიკოლოზი (2009). მეორედ მსახიობ ოქსანა აკინშინაზე დაქორწინდა. შეეძინათ ქალ-ვაჟი: კონსტანტინე (2013) და ემი (2017). არჩილ გელოვანის მრავალმხრივ მოღვაწეობას შორის აღსანიშნავია მისი მეცენატობა. მან თბილისის ხელოვნების სასახლისთვის შეიძინა რარიტეტული წიგნები და ფერწერული ნამუშევრები. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ამ სასახლის რესტავრაციაში, რისთვისაც სახელმწიფო ჯილდო მიანიჭეს. 2021 წლის 17 მაისს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განკარგულება არჩილ გელოვანის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის. წყარო: 1. https://ru.wikipedia.org/wiki//Геловани,_Арчил_Викторович_(продюсер) ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.59; 2. https://24smi.org/celebrity/4027-archil-gelovani.html 3. გელოვანი არჩილ. არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი: ინტერვიუ // ok! საქართველო: თბილისი, 2021. ივლისი. N84. გვ. 36-37.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |