Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ირაკლი ნასიძე![]()
Biographyირაკლი ნასიძე დაიბადა 1973 წელს, თბილისში. დედა - ანი თორია-ნასიძე, მამა - ვახტანგ ნასიძე. ჰყავს და - ნინო ნასიძე. ხატვა 5 წლის ასკში დაიწყო. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ აქცენტს ყოველთვის სამოსზე აკეთებდა. 15 წლისამ უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ კოსტიუმების მხატვარი გახდებოდა. 1996 წელს ირაკლი ნასიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და გაემგზავრა პარიზში. საფრანგეთში ერთხელ უკვე ნამყოფი იყო. პირველად ეს მოხდა სტუდენტური გაცვლითი პროგრამის წყალობით, როდესაც ფრანგმა დიდგვაროვანმა ოჯახმა საქველმოქმედო პროექტით სხვადასხვა ინსტიტუტის 23 სტუდენტი თავის შატოში წაიყვანა ფრანგული ენის დასახვეწად. ირაკლი ფრანგულს ბავშვობიდან სწავლობდა და სამხატვრო აკადემიის ოთხ გამორჩეულ სტუდენტთან ერთად იღბლიანთა სიაში მოხვდა. ეს ირაკლის პირველი გასვლა იყო საბჭოთა ქვეყნიდან. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ყმაწვილის ემოციები, როდესაც საქართველოს რთული რეალობიდან ბრეტანში, პირდაპირ კონტესას სასახლეში აღმოჩნდა. სამშობლოში დაბრუნებისას, უკვე, გადაწყვეტილი ჰქონდა საფრანგეთში სამუშაოდ წასვლა. ირაკლი ნასიძის პარიზში ჩასვლის მიზანი იყო პროფესიას სრულყოფილად დაუფლებოდა და პერსონალური კოლექციები შეექმნა. მან დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოეპოვებინა ადგილი მოდის სამყაროში, და რადგან ძალიან უყვარდა ქსოვილების დამუშავება, მოხატვა, არა მხოლოდ ნაქარგით, არამედ, ვთქვათ, პირდაპირ აკრილით, გადაწვიტა დაკავშირებოდა ფრანგული მოდის სახლებს, რომლებიც მაღალი მოდის, ანუ HAUTE-COUTURE-ის კოლექციებს ქმნიდნენ. მას სურდა მათთვის წარედგინა ნამუშევრები, რომლებიც ქსოვილის ნაქარგებისა და მოხატულობის სხვადასხვა ტექნიკას მოიცავდა. ირაკლის ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და დამწყებ დიზაინერს მიეცა შანსი შესულიყო იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც HAUTE-COUTURE-ი ჰქვია. მის მიერ შექმნილი ნაქარგები ამშვენებდა ისეთი მაღალი მოდის სახლებს, როგორებიცაა: ჟან ლუი შერერი, კრისტიან ლაკრუა, ივ სენ ლორანი, დიორი, შანელი, ფრანსუა ლესაჟი... 2002 წელს ირაკლი ნასიძემ, ლიეტუველ კონსტრუქტორთან ერთად, ფრანსუა ლესაჟის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, თავისი სახელით პირველად წარადგინა მაღალი მოდის კოლექცია, რომლის პრეზენტაცია გაიმართა პარიზის მოდის მუზეუმში PALAIS GALLIERA-ში. LESAGIE-ს სახლი განთქმულია ნაქარგობის ხელოვნებით. ამჟამად ეს სახლი ეკუთვნის შანელს. ირაკლის პირველი კოლექციის 2 სამოსი წარწერით: IRAKLI ART-COUSU P, დღეს, პარიზის მოდის მუზეუმის მფლობელობაშია. 2010 წლამდე ირაკლი ნასიძეს წარმოდგენილი აქვს არანაკლებ 10 მაღალი მოდის კოლექცია. ქართველი დიზაინერი წლების განმავლობაში იყო პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი და აგრძელებდა თანამშრომლობას მაღალი მოდის სახლებთან. ამაყობს, რომ ჰქონდა პატივი, 3-ჯერ ემუშავა მოდის ლეგენდა ივ სენ ლორანთან HAUTE-COUTURE-ის კოლექციაზე. აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია ჩოპარდთან 2006 წლის აქსესუარების კოლექციაზე. 2011 წელს ირაკლი ნასიძემ შექმნა ახალი ხაზი IRAKLI -Paris. prêt-à-porter-luxe (ანუ ყოველდღიური ტანისამოსი). მისი მაღაზია პარიზის პრესტიჟულ უბანშია. პირველი, რაც თვალში გეცემა, საგვარეულო გერბია, რომლითაც ირაკლი ამაყობს. იქვეა სახელოსნო, სადაც ყველა მისი იდეა ხორცს ისხამს. ირაკლის შექმნილი მოდელები დახვეწილი და მდიდრულია. მის ხარისხსა და ფასს განაპირობებს ქსოვილის ხარისხი და შესრულების ტექნოლოგია. ყველა მოდელი იტალიაში, ლიეტუვასა და პორტუგალიაში იკერება. პარიზში ტექნიკურად მხოლოდ ot couture იქმნება. დიზაინერის მიზანია, შექმნას მყიდველისთვის სასიამოვნო და მისაღები პროდუქცია და ჰქონდეს დრო კრეატივისთვის. მისი სამოსი იყიდება ისეთი ბრენდების გვერდით, როგორებიცაა chloe, celini... ირაკლი ნასიძეს იწვევენ კონსულტაციების და მასტერკლასების ჩასატარებლად მსოფლოს მოდის უმნიშვნელოვანეს ცენტრებში: საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია, ბელგია... ის არც სამშობლოს ივიწყებს. ჩამოდის მოდის კვირეულებზე და მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში. ირაკლის მეუღლეა ციაო ცი, ჩინელი მოდელი და ფერმწერი. ჰყავთ ორი ვაჟი. წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Irakli_Nasidze 1. ნასიძე ირაკლი. ირაკლი ნასიძე მეუღლეზე, დედასა და მაღალ მოდაზე: ინტერვიუ / ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე // გზა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. 2013. 3-9 ოქტომბერი N 40 (1009). გვ. 13 2. ნასიძე ირაკლი. დღეს დიდი ფუფუნებაა, იყო შემოქმედებითად დამოუკიდებელი: ინტერვიუ / ესუბრა ეთერ ერაძე // კვირის პალიტრა. თბილისი. 2022. 3-9 იანვარი. N1 (1432). გვ.19.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |