The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარი-ელენ რუხაძე

მარი-ელენ რუხაძე
Other name:ჩიტო
Date of birth:19 July, 1939  (85 years)
Category:Writer

Biography

მარი-ელენ (ჩიტო) რუხაძე დაიბადა 1939 წლის 19 ივლისს, საფრანგეთში, ქ. ნიცაში, ქართველი ემიგრანტის ლადო რუხაძის ოჯახში. დედა -  მარი სანტრო, ფრანგია.

იმავე წლის 6 აგვისტოს სენ პიერ დე ფერიკში შედგა ნათლობა. ნათლია - პრინცესა ანტუანეტ მიურატი.

პატარა ჩიტოს ნათლობის სუფრას თამადობდა პრინცი ნაპოლეონ მიურატი, რომელმაც, ქართული წესის თანახმად, სათითაოდ შესვა ოცდაათივე თანამეინახის სადღეგრძელო. მათ შორის იყვნენ თავადი თენგიზ დადეშქელიანი, პრინცი და პრინცესა დადიანები, ახვლედიანები, ბატონები: ქოჩაკიძე, მაღლაკელიძე, ჭეიშვილი, გურგენიძე, შავგულიძე და სხვ.

ლადო რუხაძის შვილები აღნიშნავენ, რომ მათი ოჯახი ხელოვნების პატარა ტაძარი იყო: მუსიკა, სიმღერა, ხატვა, ფოტოხელოვნება და, საერთოდ, გამოყენებითი ხელოვნების თითქმის ყველა სფერო. ჩიტოს მოწოდება მწერლობა აღმოჩნდა.

ჰუმანიტარული განათლება მარი-ელენმა სორბონის უნივერსიტეტში მიიღო. სანამ მწერლობას ოფიციალურად დაიწყებდა ეწეოდა სხვადასხვა საქმიანობას: მასწავლებლობდა, მუშაობდა განათლების სისტემაში, გამომცემლობებში, გაზეთების რედაქციებში, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლობაში მოსკოვში. ასევე, თარგმნიდა მამის კორესპონდენციებს.

ბოლოს, ორი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საგამომცემლო და კულტურის განყოფილებებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. ქართველი ოლიმპიელები მუდამ გრძნობდნენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და გულშემატკივრობას სოკ-ის მაღალჩინოსანი ფრანგი ქალბატონისაგან ქართული გვარით.

ჩიტო რუხაძის სტიქია ყოველთვის იყო და არის მოგზაურობა. მას ბევრი ქვეყანა აქვს მოვლილი, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც საქართველოს სტუმრობს. იცის, რომ აქ მას განსაკუთრებულად ელიან. მისი წერილები ამ მოგზაურობების შთაბეჭდილებებით - საინტერესო დაკვირვებებით, ზუსტი შეფასებებით, ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშებად გამოდგება.

2013 წელს თბილისში გამოქვეყნდა ჩიტო რუხაძის რომანი „ფამადიჰანა“. წიგნში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის აუცილებლობაზეა გამახვილებული ყურადღება. განსაკუთრებულად, სულიერი კულტურული მემკვიდრეობაა ხაზგასმული, რაც, ძირითადად, განაპირობებს ადამიანის ცხოვრების წესს. ამასთან, ზნე-ჩვეულებები, წინაპართაგან რომ გადმოგვეცემა, გონივრულად უნდა გავიაზროთ, ზოგი მტკიცედ შევინარჩუნოთ, ზოგზეც შეგნებულად ვთქვათ უარი.

რომანის გარდა, ჩიტო რუხაძეს ეკუთვნის რამდენიმე ნოველა, რომელთაგან ორის ("კონცერტი" და "ქლიავის ყვავილობა") თარგმანი ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" 2012 წლის 29 ივნისის ნომერშია დაბეჭდილი.

წყარო:

 ელექტრონული წიგნების სახლი "საბა": 

 https://saba.com.ge/books/details/1556


Share: