The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბარბარე შარვაშიძე

ბარბარე შარვაშიძე
Other name:ბაბო  (Acronym)
Date of birth:22 July, 1859
Date of death:27 March, 1946  (at 86 years)
Category:Nobleman

Biography

ბარბარე (ბაბო) შარვაშიძე (შერვაშიძე) - აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძისა (1806-1866) და ალექსანდრა (ცუცუ) დადიანის (1822-1864) უმცროსი ქალიშვილი.

დაიბადა 1859 წლის 22 ივლისს აფხაზეთში, სოფელ ლიხნიში. ოჯახში სამი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი იზრდებოდა. ბაბო სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. გაიზარდა დედობილ-მამობილთან (შვილების აღსაზრდელად მინდობის ადათის თანახმად) აფხაზეთის პატარა ქალაქ ოჩამჩირეში.

ბაბო ექვსი წლის მანძილზე სწავლობდა ტფილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში. როცა 14 წელს შეუსრულდა, ნათესავებთან ცხოვრების უფლება მისცეს. ოჯახი დაახლოებული იყო რუსეთის სამეფო კართან, მაგრამ აფხაზეთში ჩასვლა ეკრძალებოდათ.

1889-1897 წლებშ ბაბო შარვაშიძე გათხოვილი იყო თავად ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე წულუკიძეზე. 1907 წლიდან მისი მეუღლე იყო პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მეიენდორფი (1869-1964).

ცოლ-ქმარი ხშირად ესწრებოდა სამეფო კარის ღონისძიებებს. ბაბო იმპერატრიცას ფრეილინა იყო.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ალექსანდრე მეიენდორფი მეუღლესთან ერთად ლატვიაში წავიდა, რადგან ის ბალტიისპირელ-გერმანული წარმოშობის ბარონი იყო და იქ მამული ჰქონდა. ორივემ მიიღო ლატვიის მოქალაქეობა.

გარკვეული ხნის შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და ლონდონში დასახლდნენ.

1946 წელს, ბაბო შარვაშიძე- მეიენდორფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ლონდონში, ლატვიურ ენაზე გამომავალ გაზეთში - „Londonas Avize“ -გამოქვეყნდა ნეკროლოგი. მასში აღნიშნული იყო, რომ განსვენებულ წარჩინებულ ქალბატონს ძალიან უყვარდა თავისი მეორე სამშობლო - ლატვია და ქართველების და აფხაზების მსგავსად მციერიცხოვანი ლატვიელი ხალხი, რომელსაც გულწრფელად თანაუგრძნობდა.

ემიგრაციაში ალექსანდრე მეიენდორფი კითხულობდა ლექციებს ლონდონის უნივერსიტეტში. 1934-1939 წლებში ცოლთან ერთად ცხოვრობდა ფინეთში, შემდეგ კვლავ - ინგლისში.

შვილები არ ჰყოლიათ.

ბაბო შარვაშიძე გარდაიცვალა 1946 წლის 27 მარტს პეინტონში (დევონი, ინგლისი).

სიცოცხლის ბოლო წლებში მთავრის ქალიშვილი ინგლისურ ენაზე აკეთებდა ავტობიოგრაფიულ  ჩანაწერებს. მისი მეუღლის ძალისხმევით ეს ფოტოებითა და ცალკეული ჩანახატებით გაფორმებული რვეული, დღიურის ტიპის ჩანაწერებით, გადაეცა ბარბარე შარვაშიძის უახლოეს ნათესავებს თბილისში და ამჟამად დაცულია ბაბო დადიანის პირად არქივში.

2019 წელს ბაბო შარვაშიძის მემუარები ქართულად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. 

წყარო:

1. შარვაშიძე ბაბო. მემუარები / ინგლისურიდან თარგმნა, კომენტარები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო მაია ცერცვაძემ. - თბილისი, 2019

2. ჯავახიშვილი ნიკო. ქართული ემიგრაცია ლატვიაში: (1921-1941 წწ.) // შრომათა კრებული / გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი. - გორი .– 2016. –N 12.- გვ. 276


Share: