The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ეგორ ჩილიევი

Legal name:იაგორ ჭილაშვილი
Other name:გიორგი
Date of birth:14 February, 1790
Date of death:5 November, 1838  (at 48 years)
Category:Lawyer

Biography

იაგორე (ეგორ, გიორგი) ჭილაშვილი (ჩილიევ) რუსეთში XIX საუკუნის დასაწყისის გამორჩეული მოაზროვნე, იურისტი, სოციოლოგი, მართლმსაჯულობის თეორიის დემოკრატიული მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი და დეკაბრისტების ერთ-ერთი იდეური წინამორბედია.

დაიბადა 1790 წლის 14 თებერვალს, დუშეთში. მამამისი, გაბრიელ ჭილაშვილი, ვახტანგ ირაკლის ძე ბაგრატიონის ამილახვარი, ჰოფმარშალი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა რუსეთის იმპერიას, ქართველი თავადები იძულებულნი შეიქნენ, რომ რუსეთში გადასახლებულიყვნენ. მათ შორის იყო ვახტანგ ბაგრატიონიც. გაბრიელ ჭილაშვილი და მისი ოჯახი მას თან გაჰყვა.

იაგორი მაშინ თერთმეტი წლისა იქნებოდა. ვახტანგ ბაგრატიონის წყალობით მან სანკტ-პეტერბურგში მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლება მიიღო.

იაგორ ჭილაშვილს ჰქონდა სტატსკი სოვეტნიკის (სამოქალაქო მრჩეველი) წოდება. 1815 წლიდან იყო ალ. ლაბზინის მასონური ლოჟის წევრი. მას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა, როგორც რუსეთში, ასევე, საქართველოში.

აღსანიშნავია მისი მონაწილეობა 1820-1830 იან წლების საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. 1821 წელს იყო საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი. 1826-1832 წლებში სხვადასხვა პოსტზე მუშაობდა თბილისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიაში.

იაგორ ჭილაშვილი თავის დროის უაღრესად განათლებულ ადამიანად ითვლებოდა.

უწინარეს ყოვლისა, იყო სამართალმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი. ოცი წლისამ დაწერა მნიშვნელოვანი თხზულება „ბუნებითი სამართლის მონახაზი“ (სანკტ-პეტერბურგი, 1812 წ.), რომელიც მეტყველებს ავტორის ღრმა იურდიულ და ფილოსოფიურ განსწავლულობაზე.

მანამდე მას უკვე ნათარგმნი ჰქონდა, ფრანგულიდან რუსულ ენაზე, შარლ ლუი მონტესკიეს (1689-1755) რომანი „არზასისა და ისმენიას ნამდვილი ისტორია“ და გაბრიელ ბონო დე მაბლის (1709-1785) საყურადღებო ნაშრომი „ისტორიის შესწავლის შესახებ“ (1778 წ.). 

იაგორ ჭილაშვილი ლიტერატურულ ნაშრომებსაც თხზავდა რუსულ ენაზე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „სიმღერა თავად მ. ი. გოლენიშჩევ-კუტუზოვის აღსასრულის შესახებ“ (1813 წ.) და მისი „სოფლად მოგზაურობის შთაბეჭდილებანი“ (1817 წ.).

იგი ავტორია  მთელი რიგი სამეცნიერო შრომებისა კავკასიის ეთნოგრაფიასა და ეკონომიკაში.  ასევე, აქტიურად მოღვაწეობდა იმ კომისიაში, რომელიც ვახტანგ VI-ის „სამართლის წიგნთა“ ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნის საკითხებზე მუშაობდა.

1832 წლის შეთქმულების მონაწილეების გამარჯვების შემთხვევაში იაგორს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას. შეთქმულების გამჟღავნების შემდეგ იგი ჟანდარმერიის მეთვალყურეობას დაუქვემდებარეს.

1838 წელს ჭილაშვილი სპეციალური დავალებით გაგზავნეს ლენქორანში (აზერბაიჯანი), სადაც გარდაიცვალა კიდეც იმავე წლის 5 ნოემბერს.

იაგორ ჭილაშვილი იყო დიმიტრი ყიფიანის სიმამრი. მისი მეუღლე გახლდათ პრასკოვია პეტრეს ასული პოპოვა.

წყარო:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.399

2. http://encyclopedia.ge/ka/articles/34 

3. https://nobility.pro/ge/statia/7-chilashvili-iagor-giorgi-gabrielis-dze.html

4. ირემაძე თენგიზ. იაგორ ჭილაშვილი (1792-1838 წწ.). სამართლის ფილოსოფია / თენგიზ ირემაძე, უდო რაინჰოლდ იეკი // ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები : (XVIII ს-ის მე-2 ნახევრიდან XIX ს-ის მ-2 ნახევრამდე) / თენგიზ ირემაძე და სხვ.. - თბილისი, 2014. - გვ.91-100.

5. მთიბელაშვილი თიმურაზ. სოციალურ-პოლიტიკური და სოციალური აზრი : სოციალ-პოლიტიკური აზრი / თეიმურაზ მთიბელაშვილი, პაატა ჩხეიძე, მერი ჭელიძე // ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია : ტ. 3 / ბათუმის შოთა რუსთაველის უნ-ტი, ფილოსოფიის დეპარტამენტი. - თბილისი, 2013. - გვ. 359-388.


Share: