The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სარდიონ მენაღარიშვილი

სარდიონ მენაღარიშვილი
Other name:სანდრო  (Acronym)
Date of birth:1 April, 1895
Date of death:20 December, 1959  (at 64 years)
Burial location:ბერძნების სასაფლაო, სტამბოლი
Category:Politician

Biography

სარდიონ (სანდრო) მენაღარიშვილი (მენაღარი) - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი, საზღვარგარეთ ანტისაბჭოთა საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, საქართველოს ეროვნული გათავისუფლების ორგანოს - სტამბოლის კომიტეტის ხელმძღვანელი, პუბლიცისტი.

სარდიონ მენაღარიშვილი დაიბადა 1895 წლის 1 აპრილს, დაბა ლანჩხუთში, სახაზინო გლეხის ჯამულეთ მენაღარიშვილის ოჯახში. სანდროს მშობლებს 8 შვილი ჰყავდათ, 6 ვაჟი და ორი ასული.  

დაწყებითი განათლება სარდიონმა ლანჩხუთში მიიღო. შემდეგ სწავლა ქუთაისში განაგრძო. პროფესიით იყო მიწათმომწყობი. 1918 წელს იქორწინა ბაბილინა ვასილის ასულ ყიფიანზე. 1919 წელს შეეძინათ ვაჟი - ელგუჯა, 1921 წელს კი ქალიშვილი - მუზა. 1918-1921 წლებში სანდრო მენაღარიშვილი იყო შორაპნის მაზრის ერობის თავმჯდომარე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მენშევიკური მთავრობის გადაწყვეტილებით დარჩა სამშობლოში შემდგომი საქმიანობისთვის. ის ნოე ჟორდანიასთან დაახლოებული პირი იყო. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში, რომელიც მარცხით დამთავრდა.

1925 წელს წავიდა ემიგრაციაში. თავდაპირველად, ბათუმიდან გადასულა თურქეთში და იქიდან თურქი გამოუგზავნია თავის ოჯახში. „ნურაფრის შეგეშინდებათ ბავშვები ჩაისვით და წამოდით. მე დაგხვდებითო“, - შემოუთვლია. დედამისს - ქრისტინე გუგუშვილს უთქვამს: „შვილი დავკარგე და ჩემს რძალს და შვილიშვილებს წითელწვერება კაცს შუა ზღვაში ვერ გავატანო“.

ემიგრაციაში იყო მენშევიკების საზღვარგარეთის ბიუროს მდივანი, ნოე რამიშვილის მარჯვენა ხელი.

1930 წლის 7 დეკემბერს, პარმენ ჭანუყვაძის მიერ ნოე რამიშვილის მკვლელობის დღეს იგი  ამგვარად იხსენებდა: „ამოვედით „პლასე დე იტალი“-ზე და „გობლენის“ ქუჩას დავყევით, ნოე მარჯვნივ მომყობა. როდესაც გავუსწორდით მე-13 უბნის თვითმმართველობასთან აგებულ ჯებირებს, ნოე მეკითხება: სანდრო, რას ფიქრობ საქართველოში მუშაობის შესახებ“... და უცებ ორჯერ გავარდა რევოლვერი. ხალხი დაფრთხა და ჩვენს ირგვლივ ქუჩა დაცარიელდა... ვხედავ, ნახევარი მეტრის მანძილზე რევოლვერით ჭანუყვაძეს“.

ნოე რამიშვილზე თავდასხმის დროს სარდიონი თავადაც დაჭრილა და უკვე დაჭრილს მოუხერხებია მკვლელის დაკავება.

ნოე რამიშვილის მკვლელობის შემდეგ საქართველოს ემიგრანტულ მთავრობაში დაზვერვა-კონტრდაზვერვაზე პასუხისმგებელი პირი სანდრო მენაღარიშვილი გახდა. პარალელურად, ის 1935 წლიდან იყო პარიზში მდებარე „კავკასიის კონფედერაციის საბჭოს“ (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი) ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მდივანი.

იგი ხელმძღვანელობდა უცხოეთის დაზვერვასთან ურთიერთობას.

1937 წლიდან კოორდინაციას უწევდა საქართველოს ეროვნული საბჭოს თანამშრომლობას პოლონეთის დაზვერვასთან. 

გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ ლონდონში გაემგზავრა.

1943 წლიდან იყო მიხეილ კედიას („მიშელ კოგლერის“) მუდმივი წარმომადგენელი სტამბოლში და თანამშრომლობდა გერმანიის დაზვერვასთან.

მე-2 მსოფლიო ომის ბოლოს სანდრო მენაღარიშვილს კონტაქტი ჰქონდა პოლონურ და ინგლისურ დაზვერვებთანაც.

თურქეთში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა სტამბოლის ქართველთა სავანეში (მამა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ 1861 წელს საფუძნებული ეკლესია-მონასტერი), ხელმძღვანელობდა საფრანგეთში მოქმედი სეგოს ( საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანოს) სტამბოლის ბიუროს.

საქართველოში დარჩენილ  ოჯახთან მიმოწერა ჰქონდა 1937 წლამდე. ზოგჯერ ამანათის გამოგზავნასაც ახერხებდა.

1951 წლის 26 დეკემბერს სანდრო მენაღარიშვილის 82 წლის დედა, ძმა - პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ათინოგენ მენაღარიშვილი ოჯახით, ვაჟი - ელგუჯა, ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაასახლეს შუა აზიაში, ყაზახეთში.

გადასახლებიდან 1954 წელს განთავისუფლდნენ. სამწუხაროდ, განთავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ელგუჯა ავარიაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების შესახებ სარდიონ მენაღარიშვილმა თურქეთში შეიტყო.

მიუხედავად ბევრი სიძნელისა სანდროს შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღეს. ელგუჯა პროფესიით გეოლოგი იყო. ტყიბულში მუშაობდა. მუზამ 1942 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა ექიმად ქობულეთის რაიონში. 1946 წელს იქორწინა რობერტ სარჯველაძეზე, სამხედრო ექიმზე. მათ ოჯახს გადასახლება არ შეხებია.

სარდიონ მენაღარიშვილი 1959 წლის 20 დეკემბერს სტამბოლში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბერძნების სასაფლაო- მეტამორფოზაზე. მის საფლავს ლათინური ასოებით აწერია - Sandro Menagaroglu.

წყარო:

1. მიქიაშვილი ნინო. ერთადერთი დანაშაული - სამშობლოს სიყვარული // რეზონანსი. თბილისი. – 2000. – 10 ივნისი. – N154. - გვ.12-13.

2. ალადაშვილი ბესიკ. ქართული ემიგრაციის ფარული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ // არსენალი. თბილისი, 2022, N2 (282), გვ. 56-58


Share: