The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ჯაყელი

Other name:საშა  (Acronym)
Date of birth:18??
Date of death:192?
Category:Manufacturer

Biography

საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში (1918-1921), კერძოდ კი 1920 წლის ივნისში ჩამოყალიბდა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემო”, რომელმაც ადგილობრივი სააქციო საზოგადოებები გააერთიანა. 1925 წელს „ჩემომ” შეწყვიტა არსებობა და 12 ივნისს მანგანუმის საბადოს კონცესია გადაეცა ამერიკულ ფირმა „ჰარიმანს”. 

ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი სააქციო საზოგადოება "ჩემოს" პრეზიდენტი იყო ცნობილი მრეწველი ალექსანდრე (საშა) ჯაყელი. მისი მეუღლე გახლდათ ნინო ხუჯაძე. ცხოვრობდნენ თბილისში, სამსართულიან სახლში. მათ ეკუთვნოდა სასტუმრო „ინტურისტი“ და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერი ჩამოართვეს.  

ალექსანდრე ჯაყელი 1915 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი.

გასაბჭოებისთანავე, გასაგები მიზეზების გამო, ალექსანდრე ჯაყელს ოჯახთან ერთად სტამბოლში გადასახლება მოუხდა, თუმცა სულ რამდენიმე წლის შემდეგ, "ნეპის" პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, მისთვის დაბრუნება და საქმის გაგრძელება ეთხოვა, რადგან ჭიათურის მარგანეცის უცხოელი მომხმარებლები უარს ამბობდნენ ბოლშევიკებთან საქმიან ურთიერთობაზე. 
1926 წელს სტალინი პირადად შეხვედრია ალექსანდრე ჯაყელს და ურჩევია მისთვის, სააქციო საზოგადოების მთელი საკუთრება ნებაყოფლობით დართმო  ხელისუფლებისათვის, რაზედაც მტკიცე უარი მიიღო. ალექსანდრე დააპატიმრეს, მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ მის გარეშე მარგანეცის გაყიდვას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ მალევე გამოუშვეს და ამერიკაში გაგზავნეს მოლაპარაკების დასაწყებად. 
პრეზიდენტ ჰუვერთან შეხვედრისას ალექსანდრე ჯაყელმა დაიწყო ობიექტური ინფორმაციის გავრცელება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შესახებ. აშშ-ის ადმინისტრაციაში დაიწყეს მსჯელობა საერთაშორისო სანქციების შემოღების თაობაზე.  

ამან საბჭოთა უშიშროების გაღიზიანება გამოიწვია და ალექსანდრეს შეუთვალეს, ანტისაბჭოურ საქმიანობას თუ გააგრძელებ, შენი ოჯახის ლიკვიდაციის საკითხი დადგებაო.

1929 წელს ნინო ხუჯაძე უმცროს ვაჟთან, 9 წლის ოთართან ერთად, აჭარელი მეგობრების დახმარებით, სტამბოლის გავლით პარიზში ჩავიდა, იქიდან კი დედა-შვილი ბელგიაში გაემგზავრა და ბრიუსელში დასახლდნენ. ოთარ ჯაყელი არქიტექტორი გახდა. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, 1968 წელს ცოლთან და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად სამშობლოში გადმოვიდა. აქვე გარდაიცვალა 2000 წელს. 

ალექსანდრე ჯაყელი ამერიკიდან აღარ დაბრუნებულა. მისი უფროსი ვაჟი, კუკური ჯაყელი, ინგლისში წავიდა გასაბჭოებამდე. მეორე ვაჟი ბათუმის აჯანყების შემდეგ გაუჩინარდა, ალბათ, დახვრიტეს.

მესამე ვაჟი, მიხეილ ჯაყელი (დაბადებული უნდა იყოს 1913 ან 1914 წელს, გარდაცვალების წელი უცნობია) ცხოვრობდა ჯერ ესპანეთში, შემდეგ ბელგიაში და ბოლოს, 1949 წლიდან ჩილეში. სანტიაგოში ჰქონია ფარმაცევტული ლაბორატორია „Prince Michael“;

წყარო:

1. https://kvirispalitra.ge/article/44238-qparizis-arqiteqturuli-dzeglebi-da-brizhit-bardos-sakhlic-othar-jayelis-ashenebuliaq/

2. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=15260 

3. ნაცვლიშვილი პაატა. ქუთაისელი ფრანგის ქართული წერილები ირანიდან არგენტინაში // ქართული ემიგრაცია. - 2018/19. - N5(8). - გვ. 91-111.


Share: