The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსი ჯაყელი

ალექსი ჯაყელი
Date of birth:1964  (60 years)
Category:Filmmaker

Biography

ალექსი ჯაყელი 1964 წელს დაიბადა პარიზში, ემიგრანტების ოჯახში. მამა - ოთარ ჯაყელი, არქიტექტორი იყო, დედა - ეთერ რუხაძე-ჯაყელისა, პიანისტი.

ალექსი 5 წლის იყო, როცა მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ჯაყელების ოჯახი, სამი მცირეწლოვანი ბავშვით, ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა. „მამა შეშინდა, შვილები გამიფრანგდებიანო“, – იხსენებს რეჟისორი. 

ალექსი ჯაყელმა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. სულ პატარა იყო როდესაც თქვა – რეჟისორი და მხატვარი უნდა გავხდეო და ამ მიზანს ბოლომდე მიჰყვა. 16 წლის ასაკში ჩააბარა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. დღემდე ეამაყება, რომ მისი პედაგოგები იყვნენ ლილი იოსელიანი, დოდო ალექსიძე, თემურ ჩხეიძე.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გორის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად წავიდა, სადაც 30–მდე სპექტაკლი დადგა. ამ პერიოდში მან შეძლო თეატრის გამოცოცხლება, ამოქმედება,  შემოქმედებითი გუნდის გარშემო შემოკრება და ყველაზე მთავარი – მაყურებლის თეატრში დაბრუნება. პარალელურად, სხვადასხვა თეატრებშიც დგამდა სპექტაკლებს, მათ შორის საფრანგეთშიც.

ალექსი ჯაყელს ახასიათებენ, როგორც ორიგინალური სპექტაკლების ავტორს და ამბობენ, რომ ის არის რეჟისორი, რომელმაც დროს გაუსწრო.

1998 წელს ალექსი ჯაყელმა გორის თეატრი დატოვა. ამის შემდეგ, ერთი წელი გრიბოედოვის თატრის მთავარი რეჟისორი იყო, 1999 წელს კი ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ახალი ჩასული იყო საფრანგეთში, როდესაც ერთ-ერთ თეატრალურ კომპანიაში დადგა შექსპირის „მაკბეტი“ და პირველივე წელს ეს სპექტაკლი,  დაახლოებით, 60-ჯერ გაიყიდა. ეს ძალიან დიდი შედეგია, უამრავი სტატია დაიწერა, საოცარი გამოხმაურება ჰქონდა. ამან განაპირობა, რომ რეჟისორი ამ კომპანიაში 2005 წლამდე დარჩა. ჰქონდა მასტერკლასები, დგამდა სპექტაკლებს. ორ სპექტაკლში ითამაშა კიდეც, როგორც მსახიობმა. 2005 წელს კი ქალაქ ლა ბოლში დაარსა საკუთარი თეატრალური კომპანია "პრესტო-ანდანტე" და მას დღემდე ხელმძღვანელობს.

რეჟისორმა საფრანგეთში დაიცვა სადოქტორო და აიღო საკუთარი სკოლის გახსნისა და დიპლომების გაცემის უფლება. უკვე წლებია, პროფესიონალ მსახიობებსა და რეჟისორებს ამზადებს. ისინი თავის მხრივ სკოლებში, კოლეჯებში, ლიცეუმებში ატარებენ მასტერკლასებს.

ალექსი ჯაყელის თეატრალურ სკოლაში სწავლება მისივე მეთოდით მიდის. დიდი სურვილი აქვს, ეს მეთოდი საქართველოშიც დანერგოს და მსახიობისა თუ რეჟისორის ოსტატობაზე საინტერესო და განსხვავებული მასტერკლასები ჩაატაროს. გარდა ამისა, მან დაწერა წიგნი „რეჟისურის გრამატიკა“. 

2011 წელს ალექსი ჯაყელი ჩამოსული იყო საქართველოში და ზესტაფონის თეატრთან თანამშრომლობის ფარგლებში ოთხი ახალი დადგმა წარმოადგინა.

საფრანგეთში გამგზავრებამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გორის თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, თქვა, რომ გორის თეატრის მსახიობებს აუცილებლად ათამაშებდა საფრანგეთში. წლების შემდეგ ალექსი ჯაყელმა დანაპირები შეასრულა. გორის გარდა, მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდანაც ჩაიყვანა საფრანგეთში სათამაშოდ მსახიობები.

საკურორტო ქალაქ ლა-ბოლში მას პატარა საქართველო აქვს შექმნილი – ქართული სიმღერით, ცეკვით, სამოსით, მიწვეული ქართველი მსახიობებით, რომლებსაც მაყურებელი მისი სპექტაკლების საშუალებით ახლოს ეცნობა.

რეჟისორმა ლა ბოლი-ესკუბლაკში დააფუძნა თეატრალური კომპანია – Djakeli Art Compagnie „ჯაყელის არტ კომპანია“, რომლის დამსახურებითაც 2010 წლიდან 2018 წლამდე საფრანგეთში 47 ქართველი არტისტი მიიწვია, მათ შორის ერთი რეჟისორი, და დაახლოებით 18 ქართულ-ფრანგული პროექტი განახორციელა, დაფინანსების 35% „ჯაყელის არტ კომპანიას“ ეკუთვნოდა, დანარჩენი – ლა-ბოლის მერიას.

გარდა ამისა, დააარსა ორი თეატრალური ფესტივალი: „თეატრალური ღამეები“ და  „ხელოვნება პლაჟზე“, რომელიც პირდაპირ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე იმართებოდა. პლაჟზე 7 სცენა იყო დამონტაჟებული და მსახიობები პირდაპირ იქ თამაშობობდნენ.

ლა-ბოლის გარდა სპექტაკლებს დგამდა ნანტის სფინქსის თეატრში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მთლიანობაში  დადგმული აქვს 270 სპექტაკლი, მათ შორის რამდენიმე ოპერაც.  

ალექსი ჯაყელს სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში ეხმარება მისი ვაჟი - ბექა ჯაყელი.

წყარო:

1. https://jolo.ge/aleqsi-jayeli-rejisori-romelmac-dros-gauswro/ 

2. www.tbiliselebi.ge/?mas_id=15260&year=2012&rubr_id=4...

3. ალექსი ჯაყელის თეატრი = Alex Jakeli's theatre // სახე()ები = Faces & Names : პუბლიცისტური ენციკლოპედია = საგამომცემლო სახლი "სახე()ები". - თბილისი, 2012.  - დამატება "ქართულ-ფრანგული სახე()ები". - გვ.235. 

4. ჯაყელი, ალექსი. "აქეთ საქართველოში მუშაობა მირჩევნია" : ინტერვიუ / ალექსი ჯაყელი ; ესაუბრა პაატა ჩხეიძე // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2014. -  21 თებერვალი. - N4(212). - გვ.4-5.


Share: