The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან მელიქიშვილი

ლევან მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1817
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 1892  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდა, წმ. დავითის ეკლესია, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი დაიბადა 1817 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში.

1833 წელს დაამთავრა ტფილისის საგუბერნიო გიმნაზია.

1835 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო სამოქალაქო სამსახური საქართველოს მთავარმმართებლის კანცელარიაში.

სამხედრო სამსახურში ჩადგა 1837 წელს, პრაპორშჩიკის ჩინით. ჩაირიცხა კავალერიაში.

1837-1869 წწ. მონაწილეობდა ექსპედიციებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. იყო ნ. ბარათაშვილის ახლო მეგობარი. 1844 წელს დანიშნეს ნახიჩევანის მაზრის უფროსად და მოადგილედ თან ჰყავდა წაყვანილი ნიკოლოზ ბარათაშვილი.

კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონებებში ლევან მელიქიშვილი წარმოდგენილია საქართველოს წარსულზე და აწმყოზე მოაზროვნე პატრიოტ ახალგაზრდათა წრის წევრად.

ჰქონდა წარმატებული სამხედრო კარიერა: პორუჩიკი (08.05.1841); შტაბს-კაპიტანი (21.04.1844); კაპიტანი  (29.08.1844); მაიორი (06.07.1845); პოდოლკოვნიკი (26.11.1847); პოლკოვნიკი (25.06.1849).

1841 წლის 8 მაისს თავი გამოიჩინა ციხესიმაგრე ბიგრამ-ბეგლიართან შამილის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1844 წელს მეთაურობდა ცალკე ცხენოსან მილიციას. 1845 წელს დაინიშნა იმერული მილიციის თბილისის ქვეითთა დრუჟინის მეთაურად.

1849 წელს სათავეში ჩაუდგა I ქართულ ქვეითთა პოლკს, 1853 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

მონაწილეობდა 1854-1856 წწ. ყირიმის ომში. იყო ზაქათალის ოლქის ხელმძღვანელი და ლეკთა რაზმის მეთაური.

1854 წელს მისი სარდლობით აიღეს ღუნიბის ციხე.

1857 წელს  საგანგებო დავალებით მიავლინეს სპარსეთის შახის კარზე.

1859 წელს შამილის დატყვევების დროს იბრძოდა თავად ა. ბარიატინსკის რაზმში.

1859 წლის 8 სექტემბერს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის, 1861 წლის 13 სექტემბერს - გენერალ ადიუტანტის, ხოლო, 1869 წლის 30 აგვისტოს კავალერიის გენერლის წოდება. 

1860 წლის 30 მაისს განამწესეს დაღესტნის ოლქის უფროსად.

1863 წელს ჩაახშო აჯანყება ზაქათალის ოლქში.

 1877 წელს დაინიშნა დაღესტნის ოლქის ჯარების სარდლად.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში პირადად უძღვებოდა ჯარს აულ სოგრატლის შტურმით აღების დროს.

1880 წლის 10 იანვარს დანიშნეს კავკასიის არმიის ჯარების მთავარსარდლის მოადგილედ. მისი არყოფნის დროს ასრულებდა მთავარსარდლის მოვალეობას. ამ თანამდებობაზე დაჰყო სიცოცხლის ბოლომდე. 

1882 წლის 1 მაისიდან იყო სახელმწიფი საბჭოს წევრი. 21 მაისიდან კი ნება დართეს მუდმივად ეცხოვრა თბილისში.

დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირისა და წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებით. მიღებული ჰქონდა, აგრეთვე, თეთრი არწივის (1866), წმ. ალექსანდრე ნეველის (1871) და  წმ. ანდრია პიველწოდებულის (1883) ორდენები. 

გარდაიცვალა 1892 წლის 23 თებერვალს, თბილისში. განისვენებს მთაწმინდაზე, წმ. დავითის ეკლესიაში. მისი მეუღლე იყო ალექსანდრა მაკარის ასული ორბელიანი (1836-1914). დაკრძალულია მეუღლის გვერდით.

წყარო:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.558 

2. ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. . 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.70

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Меликов,_Леван_Иванович

 


გააზიარე: