The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნუცა კობახიძე

ნუცა კობახიძე
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:სოციოლოგი

ბიოგრაფია

ნუცა კობახიძე დაიბადა 1981 წლის 29 იანვარს, ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მაგისტრატურა და ჰონკონგის უნივერსიტეტის (ჩინეთი) განათლების ფაკულტეტის დოქტორანტურა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სკოლაში მასწავლებლად, ასევე, განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ნუცამ 2016 წელს ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე დაიცვა. ქართველი მკვლევარის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა და 2017 წლის 7 მარტს, საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში გაიმართა, მას ოფიციალურად გადაეცა გეილ კელის სახელობის ჯილდო. ნუცა არის პირველი ქართველი, რომელმაც განათლების სფეროში გეილ კელის სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ეს ჯილდო 1994 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურ ენაზე შესრულებულ სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის თემებს ეხება. შერჩევის კრიტერიუმებს შორის არის აკადემიური წარჩინება, ორიგინალურობა, მეცნიერული სიახლე, კვლევის მეთოდოლოგიის სიზუსტე და დარგის განვითარებაში შეტანილი თეორიული წვლილი. Gail P. Kelly-ის ჯილდო ნუცა კობახიძეს აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების (Comparative and International Education Society (CIES) კომისიამ გადასცა, რომელიც ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მეცნიერისგან შედგება.

ამჟამად, ნუცა არის ჰონკონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, განათლების პოლიტიკის მკვლევარი. ის, ასევე, არის განათლების მაგისტრის (MEd) სპეციალობის – შედარებითი და გლობალური კვლევების განათლება და განვითარება (CGSED) – კოორდინატორი. მას ეკუთვნის არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია.

2022 წლის 13 ივლისს ნუცა კობახიძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის შედარებითი განათლების კვლევის ცენტრის (CERC) საპატიო დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.

ნუცა კობახიძე აქტიურად წერს და აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოზე ინგლისურ ენაზე, პერიოდულად კითხულობს ლექციებს და ატარებს სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის საქართველოში. ასევე, ეხმარება ქართველ მეცნიერებს და სტუდენტებს საზღვარგარეთ, კერძოდ, ევროპაში, აზიასა და ამერიკაში, პროფესიული კავშირების დამყარებაში. მისი მიზანია საქართველოს სახელის წამოწევა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გულისხმობს საქართველოს შესახებ სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო პუბლიკაციების ხელშეწყობას.

ნუცა კობახიძე დაოჯახებულია. ჰყავს ქალ-ვაჟი - კესო და დანი.

წყარო:

 1. თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.206

2. https://www.forbeswoman.ge/post/nutsa-kobakhidze

3. https://mastsavlebeli.ge/?p=34083

4. https://mes.gov.ge/content.php?id=7032&lang=geo

5. https://www.radiotavisupleba.ge/a/liberty-diaries-nutsa-kobakhidze/28648961.html

 


გააზიარე: