The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გელა თევზაძე

გელა თევზაძე
Date of birth:27 April, 1966
Date of death:8 August, 2012  (at 46 years)
Category:Biologist

Biography

გელა თევზაძე დაიბადა 1966 წლის 27 აპრილს . თბილისში. მამა - ფილოსოფოსი გურამ თევზაძე, დედა - ფილოლოგი, ინგლისური ენის პედაგოგი რუსუდან ენუქიძე.

1988 წელს დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გენეტიკის სპეციალობით და იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, სადაც მისი ჯგუფი, ვადიმ გლაზერის ხელმძღვანელობით, მუშაობდა საფუარში დნმ-ის ორივე გაწყვეტილი ჯაჭვის შეკეთების შესწავლაზე.

ამ თემას მიეძღვნა მათი პირველი სტატია, რომელიც 1989 წელს დაიბეჭდა რუსულ ჟურნალში „მოლეკულური გენეტიკა, მიკრობიოლოგია და ვიროლოგია“. 1990 წელს ცნობილ საერთაშორისო ჟურნალში „Current Genetics“ დაიბეჭდა ამავე თემისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი სტატია.

1992 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, გელა თევზაძე მიიწვიეს სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ჩიკაგოს (აშშ, ილინოისის შტატი) უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტში (1992–2001), სადაც გაიარა პოსტდოქტორანტურა (1998-2001). მუშაობდა ცნობილი მეცნიერის როშელ ისტონ-ესპოსიტოს ლაბორატორიაში;

2001 წ. - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

2001-2006 წლებში იყო ამავე დეპარტამენტის პროფესორი;

გელა თევზაძის სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობა მოიცავდა მოლეკულური გენეტიკის, ასევე მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის თანამედროვე საკითხების სწავლებას აკადემიური განათლების ყველა დონეზე;

2007-2008 წწ. - ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის მიწვეული მეცნიერი;  

2010-2012 წწ. - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სადაც დააარსა მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორია, რომელიც დღეს მისივე სახელობისაა;

გელა თევზაძე არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის თანაავტორი. მათგან უმეტესობა გამოქვეყნებულია აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებსა და შვეიცარიის სამეცნიერო ჟურნალებში.

როგორც მეცნიერმა და პედაგოგმა მან წარუშლელი კვალი დატოვა თავისი კოლეგებისა და სტუდენტების ცნობიერებაში.

გელა თევზაძე მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო: ბრწყინვალე ლიტერატორი, ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი... ზედმიწევნით კარგად იცნობდა ქართულ ლიტერატურას, როგორც ძველ, ასევე თანამედოვე მწერლობას, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. ქართულ ლიტერატურაზე არანაკლებად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას. თანაბარი წარმატებით შეეძლო ესაუბრა შექსპირზე, შაჰნამესა და რამაიანაზე; ბეთჰოვენზე, ვაგნერზე, მის საყვარელ ჩიკაგოს ოპერაზე, სადაც წარმოდგენას არ ტოვებდა; ბიზანტიის, აზიისა თუ ამერიკის ისტორიაზე; მისი საყვარელი საკალათბურდო გუნდის, მაიკლ ჯორდანისეული „Chicago Bulls”-ის წარმატებებზე…

ჩიკაგოს ქართული კულტურის ცენტრში გახსნის დღიდან არსებობს გელა თევზაძის სახელობის ბიბლიოთეკა, სადაც მისი კუთვნილი ქართული წიგნებია განთავსებული.

გელა თევზაძე გარდაიცვალა 2012 წლის 8 აგვისტოს, უბედური შემთხვევის შედეგად (გასხვლის დროს ხიდან ჩამოვარდა) გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოხეთში, რომელიც ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარდა და შვებულების ნაწილს ყოველთვის ამ სოფელში ატარებდა.

დასაფლავებულია ქ. თელავში. დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი, ბენიამინი.

წყარო:

 1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბილისი, 2014.-გვ.644

2. https://georgianencyclopedia.ge/pdf-export/26113 

3. თევზაძე გელა. საუბრები ბიოლოგიაზე / შემდგენლები: ირაკლი ბათიაშვილი, ალექსანდრე ალადაშვილი. - თბილისი, 2017.



Share: