The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი ანთაძე

დიმიტრი ანთაძე
დაბადების თარიღი:1963  (62 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დიმიტრი (დიმა) ანთაძე დაიბადა 1963 წელს, თბილისში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნაშრომის მთავარ თემად ზღაპარი შეარჩია.

იღბლიანი შემთხვევითობის წყალობით, 1990-იან წლებში ახალგაზრდა მხატვარი იაპონიას დაუკავშირდა. იაპონური კულტურა თავისი ხასიათითა და ფორმით საოცრად ახლობელი აღმოჩნდა დიმა ანთაძისთვის, მისმა შემოქმედებამ სრულიად ახლებური გამომსახველობა შეიძინა და წარმატებაც ხვდა წილად.

მხატვარი განსაკუთრებით მოიხიბლა რელიგიურ-სადღესასწაულო ხასიათის კოსტიუმებით. კარნავალი მაცური, რომელიც მრავალფეროვან ნიუანსებზეა აგებული, საუკეთესო საზრდო გახდა შემოქმედისთვის.

დიმა ანთაძე 1995 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა გალერეებთან იაპონიაში. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი შესრულებულია ბრინჯის ქაღალდზე (ვაში) და ახლოსაა ზღაპართან. თავად შეიმუშავა ოქროს ვაშზე წყლის საღებავებით ხატვის ტექნოლოგია.

იაპონურმა კულტურამ მხატვარი ფერის, კომპოზიციის გააზრების თავისებურებებს აზიარა და ახლებური ხედვა და ემოცია შესძინა მის შემოქმედებას.

იაპონიაში დიმა ანთაძის 9 პერსონალური გამოფენა შედგა.

ხელოვანის მხატვრულ სამყაროში მთავარი თემა ზღაპარია. მხატვრის თქმით, ზღაპარი თავად საოცრებაა, ის რეალური ცხოვრების პარალელური სამყაროა, სადაც სივრცის, ფერის და ხაზის საშუალებით ცდილობს აღმოაჩინოს ან გამოხატოს საკუთარი თავი. 

დიმიტრი ანთაძის ტილოები საქართველოშიც ბევრჯერ გამოიფინა. მათ შორის:

2004 წელს შედგა მისი ნახატების გამოფენა თბილისში, გალერეა "კოპალაში;

2021 წლის იანვარში - გალერეაში „ვერე“ (Vere Gallery); 2023 წლის ოქტომბერში - ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში და სხვა.

მხატვრის ნამუშევრებში ასახულია მისი გამოცდილების ყველა სფერო - ფრესკული მხატვრობის მონუმენტალიზმი, ხატწერის ლაკონიზმი და ფორმათა სიმკვეთრე, აღმოსავლური სამყაროს დეკორატიულობა და სიბრძნე.

დიმა ანთაძეს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

წყარო:

ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი:  https://art.gov.ge/ge/portfolio/antadze-dimitri/

ანთაძე, დიმა. ჯადოსნური სამყაროს რომანტიკა / დიმა ანთაძე ; [ესაუბრა] ნინო ხუნდაძე // ამარტა. - თბილისი, 2007. - გაზაფხული. - N27. - გვ.112-115

ანთაძე, დიმა. იაპონია ის ქვეყანაა, სადაც სულ უნდა დავბრუნდე : ინტერვიუ / დიმა ანთაძე ; ესაუბრა მზეხა მახარაძე // 24 საათი. - თბილისი, 2013. - 22 თებერვალი. - N3227 (34). - გვ.12-13. - Weekend. 22-28 თებერვალი, 2013 წ. N6 (119)


გააზიარე: