შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლევან ტიელიძე![]()
ბიოგრაფიადამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლევან ტიელიძე პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ანტარქტიდაზე გაემგზავრა. ანტარქტიდა ბევრი მკვლევრის აუხდენელი ოცნებაა და მას მართლაც რომ გაუმართლა, თუმცა ადვილად არაფერი მოსულა - მან ჯერ ახალ ზელანდიაში დაიცვა სადოქტორო, რომელიც ანტარქტიდულ კვლევებს უკავშირდება, შემდეგ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი გახდა და მისი კვლევის საგანი კვლავ ანტარქტიდაა. ექსპედიციაში ჩართულია 27 მეცნიერი, ძირითადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან - ბიოლოგები, ეკოლოგები, გეოლოგები, გეოფიზიკოსები და გეოგრაფები. მათი მიზანია აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი, დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა. გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი. სპეციალურ კვლევით პროგრამაში გაერთიანებულია ავსტრალიის რამდენიმე დიდი უნივერსიტეტი, მათ შორის მონაშის უნივერსიტეტიც, სადაც ლევანი ამჟამად მოღვაწეობს მკვლევარის პოზიციაზე (პარალელურად, იგი წარმოადგენს საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ასევე აკადემიურ თანამდებობას იკავებს). ლევან ტიელიძე დაიბადა 1986 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში. 2003 წელს დაამთავრა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის თბილისის 164-ე საშუალო სკოლა. 2007 წელს - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით; 2009 წელს - ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობით. მეცნიერის კვლევის სფეროა: მთის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური შესწავლა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე. მყინვარების კარტოგრაფირება GIS და Remote Sensing-ის გამოყენებით. პლეისტოცენური,ჰოლოცენური და მცირე გამყინვარების რეკონსტრუქცია. 2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. არის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გეომორფოლოგია-გლაციოლოგიის მიმართულებით. სტაჟირება და სამეცნიერო ვიზიტები: 2019 წ. - დედამიწის, ატმოსფეროს, და გარემოს მეცნიერებების ფაკულტეტი. მონაშის უნივერსიტეტი. ავსტრალია; 2018 წ. - ციურიხის უნივერსიტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი. შვეიცარია; 2015-2017 წწ. - ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს კვლევის ფაკულტეტი. კანადა, ბრიტანეთის კოლუმბია; 2014-2015 წწ. - მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტი. ამერიკის შეერთებული შტატები, მეინი. 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად, 2009-2018 წლებში მუშაობდა ამავე განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო 2018-2020 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 2019 წელს მოიპოვა სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სრული 100% - იანი დაფინანსება მეორე სადოქტორო დისერტაციაზე სამუშაოდ ანტარქტიკის კვლევით ცენტრში (უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტი), ახალი ზელანდია. დაფინანსება მოიცავდა ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის საფასურს, საველე კვლევებს, სამეცნიერო ვიზიტებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სხვა აქტივობებს. ახალგაზრდა მეცნიერი პირველი ქართველი დოქტორანტია, რომელმაც უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში ისწავლა და სადოქტორო დაიცვა. ამჟამად, ის გეოგრაფიის ორგზის დოქტორია გლაციოლოგიის მიმართულებით. ლევან ტიელიძე არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ამასთან ერთად, ახერხებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული ქართულ სამეცნიერო ცხოვრებაში: მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (ციურიხი, შვეიცარია) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში; საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების წევრი (კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო); კრიოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში; Global Land Ice Measurements from Space-ის (GLIMS) რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში; მუდმივი მზრალობის მკვლევართა ახალგაზრდა ქსელის ეროვნული კორესპონდენტი საქართველოში; ვროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი (მიუნხენი, გერმანია); ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრი (ბოულდერი, კოლორადო, აშშ); სამთო კარტოგრაფიული კომისიის წევრი (საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი; ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი და თანადამფუძნებელი. 2012-2013 წწ. - მოწვეული ლექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. სალექციო კურსი - მყინვართა დინამიკა. 2018-2019 წწ. - მოწვეული ლექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტი. სალექციო კურსი - გლაციოლოგია. 2022 წ. - ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი. 2014 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით, 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისემტყველო მეცნიერებათა დარგში, 2017 წლის იანვრიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში მიაკუთვნეს საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდება. ლევან ტიელიძე არის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის ცხრა მონოგრაფიის) ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე - საქართველოში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში, ამერიკაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ჰოლანდიაში. წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ტიელიძე 2. https://www.ambebi.ge/article/305248-am-mqinvaris-gadnobis-shemtxvevashi-okeanis-done-ai/ 3. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი: geography.tsu.ge 4. https://faculty.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/02/Levan_CV_GEO.pdf 5. https://speech.ge/metsniereba/levan-tielidze-metsnieri-akhali-zelandia/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |