The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ჩაჩავა

ალექსანდრე ჩაჩავა
Date of birth:1979  (45 years)
Category:Businessmen

Biography

ალექსანდრე ანატოლის ძე ჩაჩავა დაიბადა 1979 წელს, თბილისში, ინჟინრების, კერძოდ, ავიაკონსტრუქტორების ოჯახში. 14 წლამდე ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდა.

1994 წელს, იმ დროისათვის საქართველოში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და რთული კრიმინალური მდგომარეობის გამო, მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

1997 წელს ალექსანდრემ მამის რჩევით სურსათის წარმოების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა თავად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტზე სწავლა ჰქონდა დაგეგმილი. ამის მიუხედავად, მშობლების რჩევის გაზიარებას არ ნანობს.

მისი სამუშაო კარიერა ინსტიტუტის პირველივე კურსიდან იწყება. მუშაობდა მესაწყობედ, მიმტანად, კომივოიაჟორად, ანუ სავაჭრო აგენტად, ასევე, გაყიდვების კონსულტანტად, ტექნიკურ მთარგმნელად და ა.შ.

2000 წლის ნოემბერში მან ჟურნალ „ინფობიზნესში“ და პარალელურად გამომცემლობა Extra-M-ის ერთ-ერთ ინტერნეტპროქეტში, კოპირაიტერად დაიწყო მუშაობა. ნახევარი წლის შემდეგ მხოლოდ „ინფობიზნესთან“ თანამშრომლობით შემოიფარგლა.

2002 წლის მაისში, როცა მე-4 კურსის სტუდენტი იყო, მედია-ჰოლდინგ RBC-სთან წამყვან ანალიტიკოსად მოეწყო და ჰოლდინგის პირველი IPO-ს მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.

პარალელურად, წერდა სტატიებს „ინფობისზნესისთვის“ და CIO-სთვის.

ჟურნალისტიკასთან გამომშვიდობების შემდეგ დაიწყო ალ. ჩაჩავას, როგორც IT-ანალიტიკოსის კარიერა.

2003 წელს მას გაუჩნდა იდეა, პარტნიორებთან ერთად საკუთარი IT-კომპანია, LETA დაეარსებინა, რომლის სასტარტო კაპიტალს 5000 დოლარი შეადგენდა.

ამ სფეროში ძლიერი კონკურენციის გათვალისწინებით, ბიზნესმენმა მიწოდებული სერვისების ტიპიზაციაზე გააკეთა ფსონი და ორიგინალური HR-GRID-ის მოდელი აირჩია. კერძოდ, ღირებულებით მუდმივად მზარდი ასობით სპეციალისტისთვის სამუშაო შტატის გამოყოფის ნაცვლად, გადაწყვიტა შეექმნა კონკრეტული პროექტების გამტარებელი ჯგუფები, რაც მსხვილი კომპანიების IT-დეპარტამენტებიდან საჭირო კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების დროებით დაქირავებას გულისხმობდა.

ასე გახდა ალექსანდრე ჩაჩავა ახალი ბიზნესმოდელის, HR-GRID-ის ავტორი, რომელმაც  LETA-ს საშუალება მისცა, როგორც დიდ, ისე მცირე საწარმოებში პროექტების განხორციელებით ბაზარზე ფეხი მოეკიდა.

დაფუძნებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2008 წელს, LETA შევიდა CNews-ის რეიტინგში, რომელიც რუსეთის ტოპ 50 უმსხვილეს IT-კომპანიას მოიცავდა.

2005 წელს ალექსანდრე ჩაჩავამ საერთაშორისო ანტივირუსული კომპანია ESET-ის რუსული ოფისი დააარსა, ხოლო 2008 წელს ჰოლდინგი, Leta Group შექმნა, რომელიც არაერთ კომპანიას, მათ შორის, Leta-ს, ASK-ს, Damask-ს, Avanpost-ს აერთიანებდა.

2012 წელს IT-სექტორში ინვესტიციებისთვის ბიზნესმენმა დააარსა პირველი ვენჩურული ფონდი, LETA Capital-ი, რომელიც evergreen მოდელით მუშაობდა. ფონდის კაპიტალი 25 მლნ დოლარს შეადგენდა. ექვსი წლის შემდეგ მან 50 მლნ დოლარის კაპიტალით მეორე ვენჩურული ფონდი Leta Capital l შექმნა.

დღეისთვის Leta Capital-ის საინვესტიციო პორტფელი 20-ზე მეტ სტარტაპს მოიცავს. მათ შორის არის inDrive, Double Data, Wakie, Bright Box, Unomy, MyBuddy და Novakid. მაგალითად, ეს უკანასკნელი 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ალექსანდრე ჩაჩავა საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდა.

2022 წლის 27 სექტემბერს ბიზნესმენმა იყიდა TAdviser-ის სათამაშო მიმართულება MY.Games-ის 100%-იანი წილი, ხოლო, 2024 წელს მისი ვენჩურული ფონდი გახდა ჰოლანდიური  Yandex-ის რუსული ბიზნესის ერთ-ერთი მფლობელი.

მიუხედავად იმის, რომ ალექსანდრე ჩაჩავა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მას არასდროს გაუწყვეტია ფესვები სამშობლოსთან და  ყოველთვის თავისი ერის და ხალხის სამსახურში იყო საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

მან, როგორც ქველმოქმედმა და მეცენატმა, ენებისა და პროფესიული განვითარების საერთაშორისო ცენტრში უსასყიდლოდ დააფინანსა ინგლისური ენის ინტეგრირებული კურსის სწავლება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რაც ხელს უწყობს რეგიონებში ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებას, დასაქმებას, ტურიზმის განვითარებას და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში ინტეგრირებას.

რაც შეეხება ბიზნესმენის გატაცებებს, ალექსანდრე ჩაჩავა ფეხბურთის ფანია და აქტიურად მონაწილეობს საავტომობილო რბოლებში.

წყარო:

1. https://www.bpn.ge/article/119946-opiciantobidan-mecarmemde-vin-aris-rusetshi-mogvace-kartveli-biznesmeni-romelic-yandex-is-mecile-gaxda 

2. https://commersant.ge/news/busuness/yandex-ma-rusuli-biznesi-475-mlrd-rublad-gayida-ert-erti-mflobeli-aleqsandre-chachavas-venchuruli-fondia 

3. https://akhali.ge/2023/11/27/19213/

4. https://www.forbes.ru/forbeslife/397875-mne-nravitsya-oshchushchat-sebya-prostym-chelovekom-pravila-potrebleniya


Share: