The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაკა ანთიძე

მაკა ანთიძე
Date of birth:27 April, 1970  (54 years)
Category:Journalist

Biography

მაკა ანთიძე დაიბადა 1970 წლის 27 აპრილს, თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სწავლის პარალელურად, 1987-1988 წლებში მუშაობა დაიწყო გაზეთში „Молодежь Грузии“. მალევე გახდა თარჯიმანი ჟურნალისტთა იმ პირველი ნაკადისთვის, რომლებიც 1980-იანი წლების ბოლოს კავკასიის რეგიონით დაინტერესდნენ.

რეპორტიორობა 17 წლის ასაკში დაიწყო. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სპეციალურ კორესპონდენტად აიყვანა (1989-1996) პოპულარულმა საინფორმაციო სააგენტომ „ИМА ПРЕСС“-მა (მოსკოვი). შემდეგ მუშაობდა „იბერვიზიაში“, 1992-1993 წწ. იყო პირველი არხის საინფორმაციო სააგენტო "კონტაქტის" რედაქტორი.

1996 წელს მეგობრებთან ერთად გახსნა საკუთარი სააგენტო „BS-Press“-ი.

1996-1999 წწ. გახლდათ სააგენტოების - BS-Press-ის, Associated Press-ის, Reuters-ის კორესპონდენტი.

Reuters-ის კავკასიის ბიურო, რომლის ცენტრიც თავიდანვე თბილისში იყო, შეიქმნა 1994 წელს. აქ იყო ჩამოსული ამერიკელი ჟურნალისტი ლოურენს შიტსი, რომელმაც 1995 წელს მაკა ანთიძეს შესთავაზა Reuters-ში მუშაობის დაწყება. ჟურნალისტს უარის თქმა მოუხდა, რადგან მაშინ მთავარ კორესპონდენტად მუშაობდა ერთ-ერთ ადგილობრივ სააგენტოში, რომელიც სულ ახალი შექმნილი იყო და იმ პერიოდში იქიდან წამოსვლა სწორი არ იქნებოდა.

ერთი წლის შემდეგ ლოურენს შიტსმა შემოთავაზება გაიმეორა და ამჯერად მაკა უყოყმანოდ დათანხმდა, რადგან მისი სააგენტო უკვე გამართულად მუშაობდა.

Reuters-ში 1996 წლის სექტემბერში გადავიდა, ჯერ როგორც კორესპონდენტი, 2001 წლიდან კი უფროსი კორესპონდენტი გახდა.

Reuters-ის კავკასიის ბიურო აშუქებდა მოვლენებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კორესპონდენციები იწერებოიდა ინგლისურ და რუსულ ენებზე. მაკა პირველივე თვეებიდან ცდილობდა ინგლისურად მეტი ეწერა, ამიტომ სულ კითხულობდა და სწავლობდა ‒ ლოურენსისგან, რომელიც ბიუროს შეფი იყო, ასევე სხვა კოლეგებისგან, დადიოდა ტრენინგებზე და სულ უფრო და უფრო მეტს წერდა ინგლისურად.

1999 წლიდან მაკა ანთიძემ Reuters-ის კავკასიის ბიუროს რედაქტორის თანამდებობა დაიკავა. იგი მრავალი წლის მანძილზე კორესპონდენტიც იყო და სააგენტოსაც ხელმძღვანელობდა. მუშაობის დროს ხან მოწვეულ სპიკერად პატიჟებდნენ, ხან ლექციებს კითხულობდა, ერთი-ორი ტრენინგიც ჩაატარა და ცხოვრების სტილის შეცვლას არ ფიქრობდა, მაგრამ 2020 წლის ბოლოს Reuters-ის კავკასიის ბიურო სხვადასხვა მიზეზის გამო დაიხურა და ქართველ ჟურნალისტს მოღვაწეობის სფეროს შეცვლა მოუხდა.

დღეს მაკა ანთიძე თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს. ასწავლის GIPA-ში, კითხულობს ლექციებს და ატარებს ტრენინგებს. გარდა ამისა, მუშაობს პროექტზე, რომელსაც ჰქვია - 64. ეს პროექტი მოიფიქრა ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ და მაკა მიიწვია თავის გუნდში მთავარ რედაქტორად.

პროექტი 64-ის მთავარი მიზანია, არა უბრალოდ ფაქტების მოყოლა, არამედ ამბის ახსნა მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ.

მაკა ანთიძის მეუღლეა ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი. ჰყავს ერთი ვაჟი, ზუკა ბაბუნაშვილი.

წყარო:

1. https://www.forbeswoman.ge/post/antidze

2. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 19 

3. ანთიძე, მაკა. ძლიერი სქესი : ინტერვიუ / მაკა ანთიძე ; ესაუბრა ნინო დარასელი // XII=თორმეტი. - თბილისი, 2015. - მაისი. - N1. - გვ.66

3. ბაბუაძე, თამარ. რეპორტაჟი რეპორტიორის ცხოვრებიდან / თამარ ბაბუაძე // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2008. - მარტი. - N36. - გვ.90


Share: