Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ივერი კეკენაძე![]()
Biographyჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის N 1 სამუსიკო სკოლისა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ივერი კეკენაძემ 100% სახელმწიფო გრანტით ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა 2021 წელს დაამთავრა და ამავე წელს მოიპოვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი კლავიშებიანი საკრავების მიმართულებით. ივერი სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსის პირველი პრემიის თუ გრან-პრის ლაურეატია. 2018-2019 წლებში Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში სწავლობდა ფინეთში, სიბელიუსის აკადემიაში, ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტში. სხვადასხვა სასწავლო კურსები აქვს გავლილი ოქსფორდში (ბრიტანეთი, 2016), ინგესუნდის სამუსიკო აკადემიაში (შვედეთი, 2020-2021), სიენას მუსიკის აკადემიაში (იტალია, 2021). პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა კლასიკური მუსიკის კონცერტებში. მასტერკლასებსა და ფესტივალებში ევროპის მასშტაბით, მათ შორის: Beflugelt (შვეიცარია, 2021), Sound of Lempääla (ფინეთი, 2021)და ა.შ. 2022 წელს შვედეთის მალმოს მუსიკის აკადემიამ, რომელსაც ყველა მიმართულების სტუდენტს შორის ერთი შემსრულებელი უნდა გამოევლინა სიმფონიურ ორკესტრთან კონცერტისთვის, არჩევანი ქართველ პიანისტზე შეაჩერა; მალმოს მუსიკის აკადემიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ივერიმ ბრწყინვალე კონცერტი გამართა (მალმო და ჰელსინბორგი). მუსიკოსმა მაგისტრატურა გაიარა მალმოს მუსიკის აკადემიასა და ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი), ერთი მხრივ, საშემსრულებლო ხელოვნების და ამასთან ერთად, ევროპისმცოდნეობის სპეციალობით. 2020 წლის იანვრიდან ივერი კეკენაძე გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სადაც ერასმუს+ პროექტების კოორდინატორად მუშაობდა. 2021 წელს ის აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, 2022 წლიდან კი დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ახალგაზრდა პიანისტი AEC (ევროპის კონსერვატორიების, მუსიკის აკადემიებისა და სახელოვნებო სასწავლებლების ასოციაციის) საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთა სამუშაო ჯგუფის წევრია, ხელმძღვანელობს კოორდინატორთა ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებას და დგამს ნაბიჯებს კონსერვატორიის ინტერნაციონალიზაციის კუთხით. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია "ერასმუსის" პროგრამით ყოველწლიურად ევროპულ სასწავლებლებში 30-მდე სტუდენტს აგზავნის, როგორც საშემსრულებლო, ასევე კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულებით. ივერი კეკენაძის თაოსნობით კონსერვატორიაში საშემსრულებლო მიმართულებისთვის დაინერგა - სასწავლო კურსი - Performance coaching. ამ საგნის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს იმ უნარების გამომუშავებაში, რაც უპასუხებს თანამედროვე სამუსიკო კარიერისა და საშემსრულებლო ხელოვნების გამოწვევებს. მუსიკოსი მუდმივად ეძებს კონტაქტებს ახალ უმაღლეს სასწავლებლებთან. პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებთან და კონსორციუმებთან, უძღვება სტუდენტების, ადმინისტრაციული თუ პედაგოგიური პერსონალის Erasmus+ მობილობას, ამზადებს ევროკავშირის თუ სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კონსერვატორიის მონაწილეობისთვის აუცილებელ საპროექტო განაცხადებს. ივერი კეკენაძის ჩართულობით განხორციელებული პროექტებისა და სხვა აქტივობების სია ძალიან შთამბეჭდავია. ყოველი ასეთი პროექტი საბოლოოდ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყველა თაობის მუსიკოსის პოპულარიზებას, არამედ, ზოგადად ქართული მუსიკალური გენისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. წყარო: https://www.ambebi.ge/article/292012-25-clis-kartveli-pianistis-saertashoriso-carmateba/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |