The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიამ მაღლაკელიძე

მარიამ მაღლაკელიძე
Date of birth:1995  (29 years)
Category:Architect

Biography

მარიამ მაღლაკელიძე ამბობს, რომ დღევანდელი მისი პროფესია არქიტექტურის, მეცნიერებისა და ლანდშაფტის არქიტექტურის სინთეზია.

არქიტექტურის შესწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. სამი კურსის გავლის შემდეგ ერასმუს მუნდუსის პროგრამით მოხვდა ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე. 

ამ პერიოდში მარიამს გაუჩნდა ინტერესი შეესწავლა გარემო, სადაც მის მიერ შექმნილი ფორმა დაიდებდა ბინას. ამ მიზნით ჩააბარა ესტონეთის უნივერსიტეტში ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. შემდეგ გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გეგმარება შეისწავლა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში და ლანდშაფტის ანალიზი არქიტექტურასთან მჭიდროდ დააკავშირა.

ტარტუ და ტალინი ის პირველი ქალაქებია, სადაც მარიამ მაღლაკელიძეს პირველად ჰქონდა შეხება სამეცნიერო კვლევებთან. აქ ის ჩაერთო  ევროკავშირის სამეცნიერო კვლევაში, რომელიც თავისთავში აერთიანებდა ინტერდისციპლინარულ მიდგომებს და  სწავლობდა ურბანული სივრცეების, კლიმატისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირების გამოვლენას.

მარიამს, გამოწვევების მიუხედავად არ შეუჩერებია ძიების პროცესი. სხვადასხვა ტიპის დაფინანსება თუ სტიპენდიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოიპოვა, განაპირობებდა მის შემდგომ აკადემიურ განვითარებას.

23 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ლექტორის ასისტენტად და სამეცნიერო მკვლევარად აშშ-ში, ვესტ ვირჯინიის უნივერსიტეტში. აქ იგი აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო მეთოდოლოგიურ კვლევებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ანალიზთან დაკავშირებით. მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევაზე მუშაობდა სამ პროფესორთან ერთად დასავლეთ ვირჯინიის, ტეხასისა და ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტებიდან. ნაშრომი გამოაქვეყნდა პეკინის ლანდშაფტის არქიტექტურულ სამეცნიერო ჟურნალში, ასევე, წარდგენილი იქნა კალიფორნიაში CELA პროფესორთა საბჭოზე ლანდშაფტის არქიტექტურაში.

მარიამმა მეორე მაგისტრატურა ლანდშაფტის არქიტექტურის კუთხით დაამთავრა ვესტ-ვირჯინიის უნივერსიტეტში. სტაჟირება ნიუ-იორკში გაიარა და რამდენიმე კომპანიაში არქიტექტურულ დიზაინერად მუშაობის შემდეგ გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურული დეპარტამენტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველი სამეცნიერო მკვლევარი, ნატურალური მასალების ლაბორატორიაში. 

ამასთან ერთად,მან კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწინავე არქიტექტურული დიზაინის სამეცნიერო მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა (Master of Science in Advanced Architectural Design).

დღესდღეობით, მარიამ მაღლაკელიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის, დაგეგმარების და კონსერვაციის სამაგისტრო ფაკულტეტის (GSAPP) ასოცირებული პროფესორია, რომელიც ბოლო წლების სტატისტიკით, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროგრამასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო სამაგისტრო არქიტექტურული პროგრამების სამეულში შედის.

მაგისტრატურის პირველი ორი კურსი არქიტექტურის ძირითად ფუნდამენტებს მოიცავს, მესამე წელი კი, არქიტექტურაში „მოწინავე“ კონცეფციებს ეფუძნება. რომლებიც გარკვეულ წილად მსოფლიოს არსებული თუ სამომავლო პროცესების ანარეკლია.

არქიტექტურულ გეგმარებას კლიმატური არქიტექტურის შესახებ, მარიამი ცნობილ შვეიცარიელ არქიტექტორთან ‒ ფილიპ რამთან ერთად ასწავლის. მათ სტუდიოში სინთეზირებულად ასწავლიან როგორც მიკროკლიმატურ არქიტექტურას, ასევე, ეკოლოგიურ კავშირებს, ფიზიოლოგიური დონიდან მეტეოროლოგიურ დონემდე. სტუდენტები რიგ ფიზიკურ მოვლენებს იკვლევენ, შემდეგ კი მათ ბუნებრივ სისტემებზე დაყრდნობით არქიტექტურულ პროექტებში აინტეგრირებენ.

2023 წლიდან მარიამ მაღლაკელიძე ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე ასწავლის მის მიერ შემუშავებულ საგანს, რომელიც ემყარება ბიოფილიასა და მისი ელემენტების ადამიანის ჯანმრთელობასთან უკუკავშირს. ასევე, ასწავლის ტექნიკურ საგანს - „Tools and Techniques” -მაგისტრატურის საფეხურზე. 

აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად, მარიამმა დააფუძნა კვლევებზე დამყარებული არქიტექტურული ფირმა “MAG Lab Design“, რომელიც არქიტექტურის ლანდშაფტთან მჭიდროდ ინტეგრირებაზე ფოკუსირდება. მისი მიზანია ნატურალური მასალების გამოყენებითა და ეკოლოგიური მიდგომების ინტეგრაციით გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება.

ამავდროულად, “MAG Lab Design” სამეცნიერო დონეზე შეისწავლის არქიტექტურული სივრცის ბიოფილიურ ელემენტებს, რომლებსაც ადამიანის ფიზიოლოგიურ, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.

წყარო:

1. https://www.forbeswoman.ge/post/maghlakelidze 

2. https://venue.ge/2023/03/02/mariam-maglakelidze-niu-jersis-universitetis-asocirebuli-profesori-gaxda/


Share: