შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლამარა ჭყონია![]()
ბიოგრაფიასაოპერო მომღერალი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო, ლამარა ჭყონია დაიბადა 1930 წლის 27 დეკემბერს, თბილისში. მამა, გრიგოლ ჭყონია, თბილისის გამწვანების ტრესტის სამმართველოს უფროსი იყო, ფუნიკულიორის ირგვლივ მიმდებარე ტყეების გაშენებაზე მუშაობდა. 1937 წლის რეპრესიები მათ ოჯახსაც შეეხო. ლამარას ბიძა, აკაკი ჭყონია, რომელიც ოპერის დირექტორი იყო, 1937 წელს პირდაპირ სცენაზე დახვრიტეს, მეორე ბიძა – მიხეილ ჭყონია კი ათი წლით გადაასახლეს ციმბირში. გრიგოლმა გადაწყვიტა თბილისს გასცლოდა და ოჯახით საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა, სადაც კვლავ გამწვანების ტრესტის სამმართველოში მოეწყო, მაგრამ იქაც გააფრთხილეს, რომ დაპატიმრებას უპირებდნენ და ხულოს ტყეში იმალებოდა ერთი წელი... დედა ბუღალტრად მუშაობდა მათი ბინის გვერდით მიმდებარე სკოლაში, თუმცა შვილი სახლიდან მოშორებით მდებარე რუსულ სკოლაში შეიყვანა. ლამარა სკოლის გუნდში მღეროდა, სოლისტი გახლდათ. 1947 წელს თბილისში გამართულ ოლიმპიადაზე პროფესორ ქაშაკაშვილის მოწონება დაიმსახურა და მისი მიწვევით ორი წელი ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა (პედაგ.: ა. აგლაძე-ჩიჯავაძე), შემდეგ კი კონსერვატორიაში ჩააბარა (1951). ლამარა ჭყონიამ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს დაამთავრა. პედაგოგი: გ. გოგიჩაძე (ვოკალ.). მანამდე მეცადინეობდა ვ. ქაშაყაშვილთან. 1956-1960 წწ. და 1968 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1960-1968 წწ. - კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1970); სსრკ სახალხო არტისტი (1976); 1987–1992 წწ.- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1987); მისივე მოწაფეები იყვნენ მისი ქალიშვილებიც - ნატო და ეთერ ჭყონიები, რომლებიც ამჟამად წარმატებით მოღვაწეობენ საზღვარგარეთ. შესრულებული აქვს: ქართული რეპერტუარი - მარო, ეთერი, მარიხი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"); წითელქუდას ბებია (ი. გოკიელი „წითელქუდა“); მჭედელი (ა. ბუკია „სამი მჭედელი“. საკონც. შესრულება, 1970, 22, 12.); ბაქია-ბაჭია (ნ. მამისაშვილი „ბაქია-ბაჭია“, პრემიერა, 1971. 25. 12.); სხვა რეპერტუარი: მარფა (რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“); ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"); ჩიო–ჩიო–სანი (პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი", „მადამ ბატერფლაის“ საერთაშორისო კონკურსის (ოსაკა) I პრემია, 1967), ვიოლეტა (ვერდის "ტრავიატა"); როზინა (როსინი, სევილიელი დალაქი); მარგარიტა (გუნო „ფაუსტი“); მანონი (მასნე „მანონ ლესკო“); ლუჩია (დონიცეტი „ლუჩია დი ლამერმური“) და სხვ.; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, სადაც საოპერო არიების გარდა ასრულებდა კლასიკურ რომანსებსა და რუსულ და უკრაინულ ხალხურ სიმღერებს; 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ცნობილი მომღერალი სცენაზე აღარ გამოსულა. მაშინ მან ყველა დაგეგმილი გასტროლი გადადო, მათ შორის კონცერტები რუსეთში. ლამარა ჭყონია იყო ვოკალისტთა რამდენიმე კონკურსის ლაურეატი: გლინკას სახელობის (1960), პრაღის გაზაფხული (1960), სოფიის საერთაშორისო კონკურსი (1963) და სხვ.; დაჯილდოებულია: საპატიო ნიშნის"ორდენით(1974), თამარ მეფის ორდენით (2011), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და მედლებით; 1995- 2011 წწ. მოღვაწეობდა ესპანეთში, სადაც განაგრძო ვოკალის პედაგოგობა. 2007 წელს თბილისში გამოსცა მოგონებათა წიგნი - „ცხოვრების ტალღებზე": (ნაწყვეტები დღიურიდან), რომელშიც ავტორის შესახებ ბევრი საინტერესო მოვლენა და ფაქტია მოთხრობილი. ლამარა ჭყონიას მეუღლე იყო ბალეტის მოცეკვავე მორის ლეკიაშვილი. უფროსი შვილი, ნატო ჭყონია-ნიკოლი ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, კონსერვატორიის პროფესორია, უმცროსი ქალიშვილი ეთერ ლამორისი კი მოღვაწეობს ესპანეთში, მადრიდში, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჯუზეპე ვერდის სახელობის საზოგადოებამ (იტალია) დააჯილდოვა ქალბატონი ლამარა პრემიით, რომელსაც ეწოდება “ოქროს გედი”. იქ წერია: „ჯილდოვდება ლამარა ჭყონია პრემიით “ოქროს გედი” მსოფლიოში ბელკანტოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. იტალია 2011 წელი.” ღვაწლმოსილი მომღერალი გარდაიცვალა თბილისში, 2024 წლის 14 მარტს, 93 წლის ასაკში. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 574-575 2. https://ka.wikipedia.org/wiki//ლამარა_ჭყონია 3. https://www.ambebi.ge/article/307024-gardaicvala-cnobili-saopero-momgerali-lamara-chqoni/ 4. https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=8219
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |