Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გულნარა გვარჯალაძე![]()
Biographyმუსიკოსი გულნარა (გულიკო) მიხეილის ასული გვარჯალაძე დაიბადა 1932 წლის 3 იანვარს, ქ. ბათუმში. 1947 წელს დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილება; 1956 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსმცოდნეობა). პედაგოგი: შ. ასლანიშვილი; მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (თეორიული საგნები); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაცია - "Типологические особенности ритмических основ грузинской народной песни", დაიცვა 1982 წელს; 1982 წლიდან იყო კონსერვატორიის თეორიის კათედრის დოცენტი; სისტემატურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში: 1984 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა კონფერენცია “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები”, სადაც გულნარა გვარჯალაძემ წაიკითხა მოხსენება - “რიტმის ორგვარი ასპექტი ქართულ ტრადიციულ სიმღერაში”. 1986 წელს ბორჯომში ჩატარებულ ხალხური მრავალხმიანობის პრობლემებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე ის კვლავ გამოვიდა მოხსენებით იმავე თემაზე: “რიტმის ასპექტები ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობაში”. სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: ქართული ხალხური კილოების საფუძველზე სმენის განვითარების საკითხისათვის ( თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შრომების კრებული, თბილისი, 1976. - N4. - გვ.172-207); რევაზ ლაღიძის სიმღერების ზოგიერთი სტრუქტურული და კილო-ჰარმონიული თავისებურება (მუსიკის თეორიის საკითხები. - თბილისი, 1982. - გვ. 10-36) და სხვ,; 1992-2007 წლებში, მეუღლესთან, ვიოლონჩელისტ ილარიონ ჭეიშვილთან ერთად გულიკო გვარჯალაძე იმყოფებოდა ეგვიპტეში. იყო კაიროს კონსერვატორიის პროფესორ-ექსპერტი (თეორიული საგნები); ეგვიპტეში მოღვაწეობის პერიოდში მუსიკოსებმა საფუძველი ჩაუყარეს თეორიულსა და ჩელოს სკოლებს. როგორც კაიროს კონსერვატორიის რექტორმა ბრძანა, მათ ისეთი ძლიერი ადგილობრივი კადრები დაუტოვეს ეგვიპტეს, უცხოთა მოწვევას აღარ საჭიროებენ. გულიკო გვარჯალაძე გარდაიცვალა თბილისში, 2009 წლის 4 ოქტომბერს. 2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში აღნიშნეს ილარიონ ჭეიშვილის დაბადებიდან 85 წელი. მოგონებებით გამოვიდნენ მისი მოწაფეები. ილარიონთან ერთად გაიხსენეს ქალბატონი გულიკოც. ითქვა ძალიან ბევრი თბილი სიტყვა. ცოლ-ქმარმა ორი შვილი აღზარდა - ლალი და რევაზ ჭეიშვილები. ორივე მუსიკოსია. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 108 განუყოფელი წყვილი, რომელმაც კონსერვატორია დაამშვენა [გულიკო გვარჯალაძე და ილარიონ ჭეიშვილი] // მუსიკა=Musika: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2018. N4 (37). გვ.71-75
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |