The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შალვა ჟიჟილაშვილი

შალვა ჟიჟილაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1913
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1992  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პრეობრაჟენსკოეს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

შალვა ნიკოლოზის ძე ჟიჟილაშვილი - საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1954), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1962).

დაიბადა 1913 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისში, რკინიგზელის ოჯახში.

1933 წელს დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკუმი მიმოსვლის გზათა ტექნიკოსის კვალიფიკაციით;

1934 წლიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა სარკინიგზო ჯარებში. იყო ოცეულის მეთაური, ტექნიკური სადგურის ბატალიონის უფროსი;

1939 წელს დაამთავრა მეთაურთა კვალიფიკაციის ამაღლების ხუთთვიანი კურსები;

1942 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. თებერვლის თვიდან ასრულებდა ბრიანსკის ფრონტის სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი ინჟინერ-ხიდმშენებლის მოვალეობას. ამავე წლის სექტემბერში მაიორის წოდებით დაინიშნა 82-ე სამშენებლო-საგზაო სარკინიგზო ბატალიონის მეთაურად; სარკინიგზო გზების აღდგენასთან ერთად, მისი ბატალიონი უზრუნველყოფდა ჯარების გადმოსროლას სტალინგრადიდან იელც-ვერხოვიესა და იელც-კასტორნაიას მონაკვეთებზე;

1943 წლის ზაფხულში ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ორლოვის სარკინიგზო კვანძის, ბრიანსკი-2 სადგურის აღდგენაში და მოქმედებდა ვორონეჟის, შემდეგ კი ცენტრალური ფრონტების შეტევის ზონაში. იმავე წლის შემოდგომაზე მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს კიევის რაიონში დნეპრზე დაბალწყლიანი სარკინიგზო ხიდის მშენებლობაში;

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებით, ომის  რთულ პირობებში სარკინიგზო ეკონომიკის აღდგენის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მაიორ ჟიჟილაშვილს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება;

ომის დასასრულს პოლკოვნიკი ჟიჟილაშვილი იყო სარკინიგზო ბრიგადის მეთაური; შემდგომ წლებშიც გააგრძელა სამსახური სარკინიგზო ჯარებში. მისი მეთაურობით 35-ე სარკინიგზო ბრიგადამ დიდი წვლილი შეიტანა ომისშემდგომ წლებში დონბასის აღდგენაში;

1950 წელს დაამთავრა სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია; იყო მე-4 და მე-7 სარკინიგზო კორპუსების მეთაურის მოადგილე, პირველი სარკინიგზო კორპუსის მეთაური;

1964-1973 წწ. - სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი;

1973 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით გადაყვანილ იქნა ტექნიკური სამსახურის თადარიგში;

დაჯილდოებული იყო ორდენებითა და 16 მედლით;

შალვა ჟიჟილაშვილი ცხოვრობდა მოსკოვში.

გარდაიცვალა 1992 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია პრეობრაჟენსკოეს სასაფლაოზე. მისი სახელი მიკუთნებული აქვს ქუჩებს ციმბირსა და უკრაინაში.

წყარო:

საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483-484 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: .8.-თბ.,1984.-გვ.252

https://ru.wikipedia.org/wiki/Жижилашвили,_Шалва_Николаевич


გააზიარე: