The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი მინდიაშვილი

დიმიტრი მინდიაშვილი
Date of birth:4 June, 1933
Date of death:24 May, 2021  (at 87 years)
Category:Athlete

Biography

საქართველოს, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში დიმიტრი (მიტო)მინდიაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 ივნისს, ქ. რუსთავში, შინაგანი ჯარების ოფიცრის, პოდპოლკოვნიკ გიორგი მინდიაშვილის ოჯახში.

მიტოს მამა დემობილიზაციის შემდეგ ადგილობრივ ბაზარში დირექტორად მუშაობდა და 1937 წელს რეპრესირებულ იქნა პოლიტიკური მუხლით. გადაასახლეს არხანგელსკში, საიდანაც 1939 წელს მოითხოვა  საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში გაშვება, 1941 წელს კი მოხალისედ წავიდა დიდი სამამულო ომის ფრონტზე. ომში იმყოფებოდა მისი მეუღლეც, მედდა ანა მინდიაშვილი. მათი ოთხივე შვილი, მიტო, გივი, იოსები და მერი გაიზარდნენ კახეთში ბებია-ბაბუასთან, იასე და ნინო მინდიაშვილებთან.

1947 წლამდე დიმიტრი სწავლობდა ადგილობრივ სკოლაში, რის შემდეგაც, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებით შთაგონებული, ცხვარში წავიდა და მალე გამოცდილი მწყემსების პატივისცემა დაიმსახურა. მწყემსობის მიტოვება უბედური შემთხვევის გამო მოუხდა. ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როცა მის უშუალო სიახლოვეს მეხი ჩამოვარდა. საავადმყოფოში ორი დღის უგონო მდგომარეობაში გატარების შემდეგ, ექიმების რჩევით სოფელში დაბრუნდა, რვაწლედი დაამთავრა და მძღოლის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1952 წელს დიმიტრი მინდიაშვილი ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სარაკეტო ნაწილში, ასტრახანში, იყო რაზმის მეთაური და ოცეულის მეთაურის მოადგილე. ამ პერიოდში ჰქონდა პირველი სპორტული წარმატება - თურქესტანის სამხედრო ოლქის ჩემპიონი გახდა ძალოსნობაში. მოგვიანებით გადაიყვანეს ყაზახეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო წყალბადის ბომბის გამოცდაში.

ყაზახეთში გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელიც კემეროვოდან იყო იქ ჩასული. 1955 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, მას ჩააკითხა ციმბირში და მალე იქორწინეს კიდეც.

დიმიტრიმ მუშაობა დაიწყო მძღოლად „აბაკან-ტაიშეთის“ რკინიგზის მშენებლობაზე. ერთი წლის შემდეგ კი გადავიდა კრასნოიარსკში, სადაც, როგორც მძღოლი მონაწილეობას იღებდა ორ დიდ სამშენებლო პროექტში - კრასნოიარსკის ჰიდროელექტროსადგურისა და ენისეიზე კომუნალური ხიდის მშენებლობაში.

მუშაობის პარალელურად დიმიტრი მინდიაშვილი სერიოზულად იყო დაკავებული  ჭიდაობით. ვარჯიშობდა სპორტულ საზოგადოება «Пищевик»-ში (მწვრთნელი ანატოლი სოლოპოვი). 1957 წელს მან მოიგო კრასნოიარსკის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, ერთი წლის შემდეგ კი რეგიონის უძლიერესი მოჭიდავე გახდა და სსრკ ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ დამსახურებისთვის მას მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება თავისუფალ ჭიდაობაში - პირველს კრასნოიარსკის მხარის ისტორიაში.

1958 წლიდან სპორტსმენი ნებაყოფლობით საწყისებზე ავარჯიშებდა მოჭიდავეებს, რომლებმაც   რამდენიმე წელიწადში წარმატებას მიაღწიეს ჩემპიონატებზე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

ამ მიმართულებით სპეციალიზაციის მიზნით, ახალგაზრდა მწვრთნელ ი შევიდა კრასნოიარსკის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1964 წელს. უკვე 1968 წელს რიგაში გამართულ სსრკ ჩემპიონატზე მისმა შეგირდებმა ერთდროულად მოიპოვეს ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი.

1970 წელს დიმიტრი მინდიაშვილი შეუერთდა სსრკ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შტაბს, უფროსი მწვრთნელის თანამდებობაზე. 1972-დან 2008 წლის ჩათვლით ის მონაწილეობდა, როგორც მწვრთნელი, ზაფხულის ყველა ოლიმპიურ თამაშებში (1984 წლის ოლიმპიადის გარდა, რომელსაც საბჭოთა ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადა).

დიმიტრი მინდიაშვილი აღიარებულია საბჭოდა კავშირისა და რუსეთის XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. ის იყო ექვსი ოლიმპიური ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი, მათ შორის არიან – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბუვაისარ საიტიევი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ივან იარიგინი.

1973 წელს დ. მინდიაშვილის ინიციატივით კრასნოიარსკში ჭიდაობის სახეობებში უმაღლესი დაოსტატების ჭიდაობის სკოლა გაიხსნა, რომელიც 1993 წლიდან მის  სახელს ატარებს, 2009 წელს კი ეს სკოლა გადაკეთდა დიმიტრი მინდიაშვილის სახელობის ჭიდაობის აკადემიად.

1992 წელს სპორტსმენმა კრასნოიარსკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად, ხოლო, 1996 წელს მას მიენიჭა  პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი სანკტ-პეტერბურგის ფიზიკური კულტურის აკადემიაში და დაინიშნა პროფესორის თანამდებობაზე..

დიმიტრი მინდიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი ნაშრომი, 2 ენციკლოპედია და 6 წიგნი, მათ შორის: „დიდი ხალიჩის ოსტატი", „თავისუფალი ჭიდაობის ილეთების ენციკლოპედია" და სხვ.;

ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელია: კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მრჩეველი სპორტისა და ფიზიკური კულტურის დარგში; კრასნოიარსკის მხარის პრეზიდენტი თავისუფალ ჭიდაობაში; ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ოქროს ორდენის კავალერი; კრასნოიარსკის საპატიო მოქალაქე (2011); კრასნოიარსკის მხარის საპატიო მოქალაქე (2013); რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი (2011;  წევრ-კორესპონდენტი 2004 წლიდან), რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი და სხვ.; მას კრასნოიარსკის მხარეში პირველს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის წოდება (2020).

გარდაიცვალა 2021 წლის 24 მაისს, კრასნოიარსკში. დაკრძალულია იქვე, „ბადალიკის“ სასაფლაოს დიდების ხეივანში.

მეუღლე თამარა მიხეილის ასული მინდიაშვილი (1936), შვილები: ვალერი (1957), ელიკო (1961), ნინო (1969), ლიანა (1971).

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Миндиашвили,_Дмитрий_Георгиевич

https://1tv.ge/news/gardaicvala-damsakhurebuli-mwvrtneli-dimitri-mindiashvili-1tvsport/

https://sputnik-georgia.com/20240305/ilia-topuria-tbilisshi-sachempiono-qamars-chamoitans-286701688.html


Share: