Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ირინე დადიანი![]()
Biographyირინე (ბებე) დადიანი 1904 წელს, ბაქოში დაიბადა. ირინეს მამა, იოსებ დადიანი (1863-1937) პროფესიით სამთო ინჟინერი იყო და ემიგრაციამდე ბაქოში, ნობელების ფირმაში მუშაობდა. დედა - თამარ გრიგოლის ასული თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, 1876-1942) გახლდათ სოლომონ I-ის შთამომავალი, განათლებული და მეტად პატივსაცემი მანდილოსანი. დადიანები ოჯახში ექვსი ასული იზრდებოდა - ელისო, ირინე, ელო, სალომე, ეკა და რუსუდანი. დები, რომელთა სილამაზეზე და განსწავლულობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მუდმივად ამშვენებდნენ მაღალი საზოგადოების სალონებსა და თავყრილობებს. 1921 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ იოსებ დადიანი და თამარ თარხნიშვილი ხუთ შვილთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრნენ. საქართველოში დარჩა მხოლოდ ელენე დადიანი (1899-1978) მეუღლესთან- იაკობ კობიაშვილთან (1885-1962) ერთად იმ იმედით, რომ მალე ჩავიდოდნენ საფრანგეთში. საუბედუროდ, ცოტა ხანში საბჭოთა კავშირი რკინის კარებით დიდი ხნით ჩაირაზა. ელენე დადიანმა საქართველოდან გაღწევა ვერ შეძლო! ირინე დადიანი 1927 წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერს დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარს.მათი ჯვრისწერა ჩატარდა პარიზში, ალექსანდრე ნეველის რუსულ ეკლესიაში, მთელი ქართული ელიტის თანდასწრებით. II მსოფლიო ომის დაწყებამდე ოჯახი დროგამოშვებით ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობდა, სადაც დიმიტრი მსახურობდა. მათ სამი შვილი შეეძინათ - გიორგი, ოთარი და თამარი. გიორგი (1928-1929) ჩვილობაში გარდაიცვალა ალჟირში, სიდი-ბელ-აბესში. ოთარი მაროკოში, ქალაქ აგადირში დაიბადა, თამარი - პარიზში. 1942 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ამილახვარი ეგვიპტეში ელ–ამაინთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ეს თავზარდამცემი ამბავი ირინემ ლონდონში შეიტყო, სადაც ის შვილებთან ერთად დის, ელისოს ოჯახში ცხოვრობდა 1944 წლის დეკემბერში უცხოური ლეგიონის ხელმძღანელობამ ირინე დადიანი მეუღლის ხსოვნის საღამოზე დაპატიჟა. საფრანგეთის პრეზიდენტი (1944 წელს დროებითი მთავრობის მეთაური) შარლ დე გოლი ოფიციალურად იწვევდა დიმიტრი ამილახვრის ოჯახის წევრებს პარიზში, ქართველი ემიგრანტის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. საღამოზე დასასწრებლად დები ბავშვებთან ერთად ინგლისიდან საფრანგეთში სამხედრო მანქანით გაეშურნენ. საუბედუროდ, მათი ავტომობილი ავტოკატასტროფაში მოხვდა და ელისო და ირინა დადიანები დაიღუპნენ. ბავშვები გადარჩნენ. ობლები "საფრანგეთის შვილებად" გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა. ოთარ (1931-2002) და თამარ (1935-2019) ამილახვრები გაზარდა დეიდამ, ეკა დადიანმა. სახელმწიფომ ბავშვებს მეურვედ დაუნიშნა დიმიტრი ამილახვრის თანამებრძოლი და შემდგომში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი გენერალი კენინგი. ოთარმა და თამარმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს. ოთარი დიპლომატი იყო. დაამთავრა პარიზის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი, შემდეგ ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა. საკმარისია ითქვას, რომ მისი მეგობრები და კურსდამთავრებულები ( l'ENA) იყვნენ: ჟაკ შირაკი (საფრანგეთის პრეზიდენტი), მიშელ როკა (საფრანგეთის პრემიერ მინისტრი), ჟან კლოდ ტრიშე (ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი), მიშელ კამდესიუ (საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი). ოთარ ამილახვარი სხვადასხვა დროს მუშაობდა ალჟირში - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივნის მრჩევლის პოზიციაზე, ბრიუსელში - ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივ მისიაში და ა. შ.; ბოლო წლებში იყო "Banque Populaire" -ის ვიცე პრეზიდენტი. დაქორწინებული იყო მარგერიტ ჟანე მაიეზე. შთამომავლობა არ დარჩენია. თამარ ამილახვარი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში მუშაობდა - ვენაში იყო საფრანგეთის ელჩი ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციაში. თამარმა გრაფინიას წოდება და გვარი კინსკა გრაფ რადსლავ კინსკიზე (1928-2008) გათხოვების შემდეგ მიიღო. დაქორწინდნენ 1958 წლის 12 ნოემბერს პარიზში. ეს ქორწინება განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ ქალბატონი თამარი დედით დადიანი გახლდათ, რადსლავ კინსკის დიდი ბებია კი იყო იფიგენია დადიანი, მე-17 საუკუნის ბოლოს საქართველოდან ავსტრიაში ემიგრაციაში წასული დადიანების შტოდან. იფიგენია დადიანი ლევან დადიანის პირდაპირი შთამომავალი იყო.მისი ბაბუა ნაუმ დადიანი 19-ე საუკუნის დასაწყისში დასახლდა უნგრეთში, სადაც შეიძინა მამული Gyülvész -ში. მას ავსტრო უნგრეთის იმპერატორმა ფრანც I-მა გრაფის წოდება მიანიჭა 12.8.1808 წელს. უნგრელებმა დადიანების გვარს მისცეს უნგრული ფორმა – დადანიი (Dadányi) და ამ წლიდან მოყოლებული დადიანების უნგრული შტო მოიხსენიება როგორც Dadányi de Gyülvész! რადსლავ კინსკი გახლდათ ჩეხეთის დიდგვაროვანი, რომლის ოჯახიც ემიგრაციაში იმყოფებოდა საფრანგეთში. იგი იყო ცნობილი იმუნოლოგი, 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ორგანოთა გადანერგვის ცენტრში წამყვან იმუნოლოგად და ასევე, იყო მსახიობი. გადაღებულია ოთარ იოსელიანის ფილმებში ("ორშაბათ დილას" და "შემოდგომის ბაღები"). 1992 წელს, რესტიტუციის შედეგად, "ხავერდოვანი რევოლუციის" მერე, კინსკების ოჯახი საფრანგეთიდან ჩეხეთში გადავიდა საცხოვრებლად. მათ დაუბრუნდათ წინაპრების საგვარეულო ციხე-დარბაზი მორავიაში, ქალაქ ჟდიარ ნად საზავოუში (Žďár nad Sázavou), მთელი ქონება და გრაფის ტიტული. თამარისა და მისი მეუღლის ვაჟები არიან: კონსტანტინ ნორბერტ (1961) და კარელ მიკულაშ (მიშელ ნიკოლა, 1965) კინსკები. ირინე დადიანი, მისი მშობლები, დები - ელისო (1902-1944), სალომე (1912-1957), ეკატერინე (1907-1973), რუსუდანი (1917-1982) და შვილები, თამარი და ოთარი დაკრძალულნი არიან პარიზის ბანიოს სასაფლაოზე (Cimetière de Bagneux). წყარო: https://www.facebook.com/100070221796281/posts/374104717750967/Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია https://www.ambebi.ge/article/311148-cinascarmetqveleba-auxda-da-avtokatastropashi-daig/ https://diaokh.wordpress.com/2012/01/07/გრაფინია-თამარ-ამილახვარ/ ლაბაძე რუსუდან. ვინ იყო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდარული გმირის დიმიტრი ამილახვრის პაპა? // მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია.– 2021. – N2. გვ.59-79.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |