Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სიმონ ბაგრატიონი![]()
Biographyქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ძმა სიმონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) დაიბადა 1683 წლის 3 თებერვალს, ლევან მუხრანბატონისა (გიორგი XI-ს ძმა) და თინათინ გიორგის ასულ ავალიშვილის ოჯახში. სვიმონი აქტიურად მონაწილეობდა სამეფო კარის საქმიანობაში და მხარში ედგა ვახტანგ VI-ს ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში. 1712 წელს ვახტანგი სპარსეთის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაანში დაიბარა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამიტომ ქირმანში გადაასახლეს. სპარსეთში გამგზავრების წინ ვახტანგმა ქართლის გამგებლად (ჯანიშინად) თავისი თანამოაზრე ძმა დატოვა (1712-1714). სვიმონი ვახტანგის ჯანიშინობის (1703-1712) პერიოდშიც ჩართული იყო ქვეყნის მმართველობაში. ის ხშირად მოიხსენიება იმდროინდელ საბუთებში ვახტანგთან ერთად. სიმონ ბატონიშვილის პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ გარკვეული მინიშნება არის დაცული ფრანგი მისიონერის, რიშარის 1713 წელს კონსტანტინოპოლიდან საფრანგეთის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში. რიშარი, როგორც საფრანგეთის ელჩის წარმომადგენელი, ისპაანში ახლოს გასცნობია ვახტანგს. იგი ნამყოფი იყო თბილისშიც, სადაც ხანგრძლივად სტუმრობდა სიმონ ბატონიშვილთან. ეს ის პირია, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი გაჰყვა საფრანგეთში. ამ ურთიერთობიდან ჩანს, რომ სვიმონიც ევროპისკენ „იხედებოდა“, ისევე, როგორც ვახტანგი და სულხან-საბა. აღსანიშნავია, რომ ქართლის გამგებლობის წლებში სვიმონი ზრუნავდა ვახტანგის მიერ დაარსებულ ქართულ სტამბაზე. მაშინ ეს სრულიად ახალი საქმე იყო და ხელისუფლებისგან დიდ დახმარებას საჭიროებდა. სიმონ ბატონიშვილის განკარგულებითა და ხარჯით თბილისში დაისტამბა „დავითნი“ (1712) და "კურთხევანი" (1713). საეკლესიო წიგნების გამოცემას წინ უძღოდა დიდი სარედაქციო სამუშაოები - ბერძნულ დედნებთან შეჯერება, ენობრივი ნორმების მიხედვით სწორება და სხვა. სიმონ ბატონიშვილი ამგვარი ფართო ფილოლოგიური მუშაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილა. დაახლოებით 1717 წელს სვიმონს თავისი ინიციატივითა და ხარჯით თბილისში აუგია წმინდა გიორგის ეკლესია. ამ ამბავს პლატონ იოსელიანი მის ოჯახურ ტრაგედიას უკავშირებს, რადგან ცოტა ხნით ადრე ეპიდემიას შეუწირავს სვიმონის ცოლ-შვილი და მსახურები. 1716 წელს ვახტანგ VI-მ ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაგრამ სამშობლოში მხოლოდ 1719 წელს დააბრუნა. იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ასეთ ვითარებაში ვახტანგ VI რუსული ორიენტაციის გზას დაადგა და 1720 წელს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა პეტრე I-თან. 1724 წლის ივლისამდე, როდესაც ვახტანგი და მისი ძე, ბაქარი პარტიზანულ ბრძოლებს ხელმძღვანელობდნენ, სიმონ ბატონიშვილიც იბრძოდა მათთან ერთად. 1724 წლის ივლისში ვახტანგ VI ოჯახის წევრებით და თანამოღვაწეების 1200 კაციანი ამალით რუსეთს გაემგზავრა. ემიგრაციაში მას სიმონ ბატონიშვილიც თან გაჰყვა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტაციაზე. ემიგრირებული ქართველები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის მხარდაჭერითა და დამხმარე ჯარით მალე უკან დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. სიმონ ბატონიშვილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. მეუღლესთან, ანა პაატას ასულ ამილახვართან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში. XVIII ს-ის 30-იანი წლებიდან შვილების განსწავლის მიზნით საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, შემდეგ კვლავ მოსკოვში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა 1840 წლის 26 იანვარს. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.352 https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ბატონიშვილი https://qim.ge/svimon%20batonishvili.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |