შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით კვინიხიძე![]()
ბიოგრაფიაპოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი დავით კვინიხიძე იყო იმერეთის აზნაურთა გვარიდან. მას ეკავა მდივანბეგის თანამდებობა იმერეთის მეფეების: სოლომონ I-სა და დავით გიორგის ძის კარზე. დავით კვინიხიძე ხელმძღვანელობდა იმერეთის სამეფოს ელჩობას რუსეთის იმპერიაში 1769-1771, 1774-1775 და 1784-1786 წლებში. მას დავალებული ჰქონდა რუსეთის მთავრობისათვის ეთხოვა დამხმარე ჯარი ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. პირველი ელჩობის მთავარი დადებითი შედეგი ის იყო, რომ იმერეთში რუსეთის საექსპედიციო ჯარის რაოდენობა გაიზარდა და საქართველოდან გაიწვიეს გენერალი ტოტლებენი, რომელიც თავისი თვითნებური ქმედებებით უპირისპირდებოდა ქართველ მმართველებს. მის ნაცვლად ელჩად სუხოტინი დანიშნეს. 1771 წელს მისი ცდა, აეღო ფოთი, უშედეგოდ დამთავრდა და 1772 წლის მაისში რუსეთმა საქართველოდან გაიწვია გენერალ სუხოტინის კორპუსი. 1774 წელს დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774). ამავე წლის 10 ივლისს მხარეებმა ქუჩუკ-კაინარჯში გააფორმეს საზავო ხელშეკრულება, რომლის 23-ე პუნქტი შეეხებოდა იმერეთს. ეს ქვეყანა კვლავ ოსმალეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, მაგრამ ოსმალეთს ევალებოდა უარი ეთქვა იმერეთიდან ტყვეების მოთხოვნაზე. სოლომონმა დავით კვინიხიძე კვლავ მიავლინა რუსეთის იმპერატორთან საგანგებო დავალებით. იგი ითხოვდა, რომ დადებულ ზავს იმერეთისთვის რეალური შედეგი მოეტანა - ოსმალთა ბატონობა იმერეთში უნდა დასრულებულიყო, სამაგიეროდ მეფე მზად იყო მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა. ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან რუსეთის მთავრობა ოსმალეთთან ურთიერთობის გართულებას მოერიდა. ამის მიუხედავად, ამ ომის შედეგებმა და ყირიმის საკითხის გამწვავებამ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა სოლომონს ოსმალთა ძალმომრეობისგან ქვეყნის დასახსნელად და მან რუსეთის დახმარების გარეშე მოახერხა ოსმალებისიმერეთიდან გარეკვა. 1784 წელს დავით კვინიხიძე კათალიკოს მაქსიმე აბაშიძესთან და ზურაბ წერეთელთან ერთად კვლავ იმყოფებოდა რუსეთში დიპლომატიური მისიით, ამჯერად დავით II-ის დავალებით. ელჩობების საბოლოო მიზანი - იმერეთის მიღება რუსეთის იმპერიის მფარველობაში - შეუსრულებელი დარჩა. მესამე ელჩობიდან დაბრუნების შემდეგ დავით კვინიხიძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1787 წელს მოკლეს ლეკმა მოთარეშეებმა. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_კვინიხიძე საქართველო: ენციკლოპედია ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ.668. ცქიტიშვილი ზ. საქართველოს სახელმწიფო მოღვაწენი XVIII ს. II ნახევარი–XIX ს. დამდეგი.- თბ., 1980. https://qim.ge/davit%20kvinixadze.html /ვებ-გვერდი „ქართველი ისტორიული მოღვაწენი (IV–XVIII სს.)“.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |