The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1830
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1894  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იმერეთის ბაგრატიონების სამეფო შტოს წარმომადგენელი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონი დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, 1830 წლის 30 დეკემბერს. მამამისი, კონსტანტინე ბატონიშვილი (1789-1844) რუსეთის მთავრობამ 1810 წელს დედასთან ანა მამუკას ასულ ორბელიანთან ერთად საქართველოდან რუსეთში გადაასახლა. ისინი მოსკოვში დიდი პატივით მიიღეს. კონსტანტინე დავითის ძეს, როგორც მეფის შვილს, ბატონიშვილობა შეუნარჩუნეს, ჩასვლისთანავე 10 000 მანეთი პენსია დაუნიშნეს და სამხედრო სამსახურშიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა.

მოსკოვში კონსტანტინე ბაგრატიონმა იქორწინა პორტუგალიის გენერალური კონსულის შვილზე ანა დენისის ასეულ ლოპეს-დე-სილვაზე. ამ ქორწინებიდან ჰყავდა ორი ვაჟი: კონსტანტინე და ნიკოლოზი. მესამე ვაჟი, შემდეგში ცნობილი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე - ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი მას ეკატერინე სერგის ასულ სტრახოვაზე ქორწინების შედეგად შეეძინა.

კონსტანტინე დავითის ძის შვილებს დაუკანონეს თავადი იმერეტინსკების წოდება, რაც შემდგომში მათ გვარად იქცა. 1865 წელს კი მიენიჭათ უგანათლებულესი თავადის ტიტული.  

 ნიკოლოზ ბაგრატიონ-იმერეტინსკი პაჟთა კორპუსის დასრულებისთანავე მიავლინეს პოდპორუჩიკის ჩინით პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის პოლკში, სადაც 13 წელი იმსახურა. შემდეგ, ის, როგორც ასეულის მეთაური, ჩაირიცხა გენერალური შტაბის ნიკოლაევის აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა.

1863-1864 წწ. იყო ვილნოს მაზრის სამხედრო ხელმძღვანელი. აქტიური მონაწილეობა მიიღო1863 წლის პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში.

1866-1869 წწ. არჩეულ იქნა ვოლინის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად. შემდეგ მსახურობდა დონის ჯარების საოლქო სამმართველოს თავმჯდომარის თანაშემწედ, 1872 წლიდან კი იყო იმპერატორის ამალის გენერალ-მაიორი.

1881 წელს მიენიჭა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

სამხედრო  სამსახურიდან 1886 წელს გადადგა და თავი მიუძღვნა ლიტერატურულ მოღვაწეობას, გახდა ცნობილი ისტორიკოსი და მემუარისტი. მან დაწერა, მაგალითად, ნარკვევი „მოგონებები გრაფ მ. ნ. მურავიოვზე ", რომელშიც, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, განიხილავს გენერალ მ. მურავიოვის როლს პოლონეთის ამბოხის სასტიკ ჩახშობაში. მის კალამს ეკუთვნის, ასევე, ეკონომიკური გამოკვლევა „თავადაზნაურობა, რაზნოჩინელები და გლეხობა თანამედროვე რუსულ მიწათმფლობელობისას“. ამ გამოკვლევაში თავადი, ვოლინის გუბერნიის მაგალითზე, მიმოიხილავს იმ დროისთვის არსებულ რუსული მიწათმფლობელობის ფორმებს. გამოქვეყნებული აქვს ისტორიული ხასიათის ნარკვევებიც.

ნიკოლოზ ბაგრატიონ-იმერეტინსკი გარდაიცვალა 1894 წლის 20 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში.

 წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018.- გვ. 248-249

გონიკაშვილი მიხეილ. ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში. - თბილისი, 1986. - გვ. 258-264. 


გააზიარე: