The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იოსებ წილოსანი

Date of birth:1804
Date of death:1873  (at 69 years)
Category:Military Person

Biography

აღმოსავლეთმცოდნე იოსებ ლაზარეს ძე წილოსანი, მაჰმადიანურ სამყაროში ალი-ამედ ეფენდიდ წოდებული, დაიბადა 1804 წელს ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში. 8 წლის ასაკში გაიტაცეს და ფოთში წაიყვანეს. იქ დააწყვილეს მისივე ბედის მქონე ყმაწვილთან, რომელიც სამეგრელოდან იყო გატაცებული. მას ტყვეობაში სელიმი შეარქვეს. (ქართული გვარი–სახელი  უცნობია). თავდაპირველად ისინი ოსმალეთიდან ჩამოსულ დიდ ვაჭარს ჰასან–აღას მიჰყიდეს ორასამდე სხვა ტყვესთნ ერთად და სტამბოლის გზას გაუყენეს.
ტყვეების ნაწილი ჰასან– აღამ სტამბოლში გაყიდა, იოსებ და სელიმი კი ეგვიპტეში,   კაიროში ჩაიყვანა და მუჰამედ -აღას მიჰყიდა, რომელსაც სურდა ისინი მამლუქებად აღეზარდა.

აღას ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი - სეით-ზეინაბი. რადგან მუსულმანური წესით ქალი მემკვიდრედ არ ითვლებოდა, ბიჭებს საკუთარი შვილებივით ზრდიდა, მაჰმადიანურ რჯულზე მოაქცია და ორივეს  ჩინებული განათლებაც მიაღებინა.

მათ შეისწავლეს სამხედრო საქმე, არაბული და თუქული ენები, მაჰმადიანური კანონმდებლობა და ღვთისმეტყველება.
მამობილმა ბიჭები სპეციალური სიგელით მონობიდან გაათავისუფლა. იოსები თავისი ქონების ხაზინადრად დანიშნა და დაწერა ანდერძი, რომ ქალიშვილის სიკვდილის შემთხვევაში, მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონების სრულ მემკვიდრეებად იოსებსა და სელიმს აცხადებდა. იოსები კი თავის პატარა ქალიშვილზე დანიშნა და მათ შეუღლება აღუთქვა, როგორც კი სრულწლოვანნი გახდებოდნენ.

1818 წელს იოსებმა სპეციალური გამოცდები ჩააბარა, მიიღო დიპლომი და ეფენდის წოდება.
იოსებსა და სელამს ყურადღება მიაქცია ეგვიაპტის ფაშამ – მეჰმედ ალიმ და მისი ბრძანებით 1821წ  ბიჭები კაიროს სელიმ კასრანეს პრივილეგიურ სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხეს.

1823 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ისინი ოფიცრის ჩინით არმიაში გაამწესეს. მეჰმედ ალი ფაშას გადაწყვეტილებით ახალგაზრდებს ევროპული განათლება უნდა მიეღოთ. მისი ბრძანებით იოსები და სელიმი იტალიური ენის შესწავლას შეუდგნენ. 1826 წელს კი ისინი სახელმწიფოს ხარჯზე მიავლინეს პარიზში სასწავლებლად.

მეჰმედ აღას ბრძანებით იოსებს სწავლა უნდა გაეგრძელებინა საინჟირო განხრით, სელიმს კი სადაც სურდა იქ შეეძლო ესწავლა.

1826-1832 წლებში იოსებ წილოსანი საინჟინრო საქმეს სწავლობდა პარიზში. უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ გაიგო რა აღმზრდელისა და სასიმამროს მუჰამედ აღას მოულოდნელი გარდაცვალება,კაიროში აღარ წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში უზრუნველყოფილი ცხოვრება ელოდა, სამშობლოში დაბრუნება არჩია.

სელიმი ეგვიპტეში დაბრუნდა,  ეგვიპტის შტაბის უფროსი გახდა და დიდ ქონებასაც დაეუფლა. 

იოსები საქართველოში პეტერბურგის გავლით გამოემგზავრა. თავდაპირველად ლანჩხუთში ჩავიდა, მაგრამ რადგან დედ–მამა ცოცხალი აღარ დახვდა, თბილისისკენ გამოეშურა.

1832 წლის ნოემბრიდან თბილისში, კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიაში და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში აღმოსავლური ენების მთარგმნელად დაიწყო მუშაობა. ამ პოზიციაზე 40 წელი იმსახურა.

უპირველეს ყოვლისა, იოსებმა აღიდგინა თავისი ქართული სახელი და გვარი. სცადა ინჟინრად  მუშაობის დაწყებაც, მაგრამ მისი ფრანგული დიპლომი არ ცნეს.

სამხედრო სამსახურთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობასაც. მჭიდრო კავშირი ჰქონდა აკადემიკოს მარი ბროსესთან, პლატონ იოსელიანთან. მან მაშინდელი თბილისი აქცია აღმოსავლური ენების შემსწავლელ ერთგვარ ცენტრად. 1856 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „აღმოსავლური ენების სახელმძღვანელო“. ამავე წელს დაიბეჭდა რუსულ-ფრანგულ-თურქული სალაპარაკო ენის ლექსიკონი. 1862 წელს კი გამოსცა წიგნი, რომელიც წარმოადგენს მაჰმადიანური ენების თვითმასწავლებელს.

წიგნის სრული სათაურია „ახალი დიალოგები რუსულ, ფრანგულ, თურქულ და თათრულ ენებზე, ბოლო ორი ენის კირილური ასოების ტრანსკრიფციით“. აღსანიშნავია, რომ ავტორი ტერმინს ‹‹Татарском›› წიგნში აზერბაიჯანულისთვის იყენებს. არაბული ასოებით დაწერილი თურქული ნაწილის დიალოგები მოიცავს სხვადასხვა თემატიკას და ჯამში 130 სათაურია გამოყოფილი, მათ შორისაა: ცხოველები, მისალმება, მედიცინა, დრო, წელიწადის დროები, მოგზაურობა და სხვ.

იოსებს შეუდგენია, ასევე, ვრცელი ფრანგულ-არაბული სასაუბრო, რომელიც არ გამოქვეყნებულა, ხოლო ხელნაწერი დაკარგულია.

იოსებ წილოსანი მონაწილეობდა კავკასიის ომებში. 1872 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი.  

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით (1858).

ოჯახი 1940-იანი წლების დასაწყისში შექმნა. ცოლად შეირთო სომეხი დეკანოზის ნიკოლოზ იზმიროვის ქალი ეფემია (1817-1895). სამი შვილი შეეძინათ: მარიამი, ნატალია და ნიკოლოზი.

ნიკოლოზ წილოსანი (1847-1893) იყო სამხედრო ტოპოგრაფი და არქეოლოგი. მას ცოლად ჰყავდა ცნობილი ქველმოქმედის, გიორგი ქართველიშვილის ასული მელანია. მათი შვილი, კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი იოსებ (სოსო) წილოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ ჩაირიცხა ქართულ ცხენოსან პოლკში და დაიღუპა გენერალ ბარათოვის ლაშქრობის დროს სპარსეთში, 1917 წლის 7 მარტს.  

იოსებ ლაზარეს ძე წილოსანი გარდაიცვალა1873 წელს, თბილისში. დაკრძალულია ლურჯი მონასტრის მიდამოებში, საფლავი დაკარგულია.

წყარო:

არჯევანიძე . იოსებ წილოსანის ალი-ამედ ეფენდის საბიოგრაფიო მასალა // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის.- თბილისი, 1946. გვ.21-95.

https://ka.wikipedia.org/wiki/მთავარი_გვერდი

ჯაფარიძე გოჩა. ქართველი სტუდენტების ბედი მუჰამმად ალის მიერ საფრანგეთში გაგზავნილ ეგვიპტელ სტუდენტთა პირველ მისიაში // აღმოსავლეთმცოდნეობა= Oriental Studies /ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. - თბილისი, 2022. N11. გვ. 243-248

https://theskycolors1.blogspot.com/p/blog-page_23.html


Share: