The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გაგა შურღაია

გაგა შურღაია
Date of birth:24 August, 1969  (55 years)
Category:Translator, Writer, Philologist

Biography

გაგა შურღაია მრავალმხრივი მოღვაწეა: მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ლ’ორიენტალეს“ პროფესორი, რომის აღმოსავლეთის ინსტიტუტისა და ვენეციის წმინდა ბერნარდის სახელობის ეკუმენიკური ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი.

დაიბადა 1969 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისში. მამა - ეკონომისტი ომარ შურღაია. დედა - ჟურნალისტი ნათელა ქიმერიძე.

1986-1991 წლებში სწავლობდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

იტალიაში გაგა შურღაია შემთხვევით მოხვდა. იტალიურ ენას არ ფლობდა. გატაცებული იყო ინგლისური თანამედროვე ლიტერატურით და სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით აპირებდა. თუმცა ბედმა სხვანაირად ინება. 1990 წელს, მისი ლექტორის  ელგუჯა ხინთიბიძის წარდგინებით, მეცნიერ-პედაგოგთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიგზავნა სტაჟირებაზე ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტ

კა' ფოსკარში (1990 წლის დეკემბერი - 1991 წლის ივნისი). სტაჟირების პერიოდში გაძლიერებით სწავლობდა იტალიურს და პარალელურად მსურველებს ასწავლიდა ქართულ ენას, აცნობდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

“Ca’ Foscari” იტალიაში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ უნივერსიტეტს ქართულის სწავლების დიდი გამოცდილება და ტრადიცია აქვს. აღნიშნული სასწავლო კურსი ჯერ კიდევ 1936 წლიდან ფუნქციონირებს. პირველი პედაგოგი, რომელიც აქ მოღვაწეობდა იყო პროფესორი შალვა ბერიძე.

სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ გაგა შურღაია მალე კვლავ გაემგზავრა იტალიაში. 1991-1994 წლებში სწავლობდა რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტის საეკლესიო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა. სადიპლომო დაიცვა თემაზე - „იერუსალიმის ლიტურგიის ლიტერატურული წყაროები და ბზობის კვირა (IV-VIII სს).“. იქვე გაიარა დოქტორანტურაც და 26 წლის ასაკში გახდა საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის სახელწოდებაა: „ლაზარეს შაბათისა და ბზობის საეკლესიო ტრადიცია მე-11-12 საუკუნეების ბიზანტიურ ხელნაწერებში“.

ამავე პერიოდში იღრმავებდა ცოდნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე (მკვლევარ-სტაჟიორი).

1993 წლის ივლისი-აგვისტოში აიღო სერტიფიკატი ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში ბეზანსონის გამოყენებითი ლინგვისტიკის ცენტრში ( CLA ), რომელიც შედის ფრანშ-კონტეს უნივერსიტეტში.

1993-1996 წლებში გაიარა რომის პონტიფიკალური ბიბლიური უნივერსიტეტის სპეციალიზირებული კურსები ბიბლიურ ბერძნულში.

1996-1997 წლებში სწავლობდა რომის პონტიფიკალურ გრიგორიანულ უნივერსიტეტთან არსებულ ლათინური ენისა და ლიტერატურის უმაღლეს სკოლაში. 

2000 წელს, რომში, იტალიურ ენაზე გამოიცა გაგა შურღაიას წიგნი - Santa Nino e la Georgia: storia e spiritualita cristiana nel Paese dell Vello d'oro : atti de I convegno intern. di studi Georgiani (წმინდა ნინო, ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში), ხოლო, 2003 წელს მისი ფუნდამენტური ნაშრომი - La spiritualita Georgiana : Martirio di Abo, santo e beato martire di Cristo di Ioane Sabanisdze (ქართული სულიერი კულტურა: იოანე საბანისძის „აბო ტფილელის წამება“). ტექსტი იტალიურ და ქართულ ენებზე, მონოგრაფია შედგება ვრცელი გამოკვლევის, დასკვნების, შენიშვნების და საძიებლებისაგან. აღსანიშნავია, რომ გამოცემის დამატებად წარმოდგენილია ქართული ჰიმნოგრაფიის „უძველეს იადგარში“ დაცული უცნობი ავტორის აბო ტფილელისადმი მიძღვნილი ჰიმნის იტალიური თარგმანი, შესაბამისი კომენტარებით.

2005- 2018 წლებში ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტ “Ca’ Foscari”- ს“  აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის კულტურების კათედრას გაგა შურღაია ედგა სათავეში (ლუიჯი მაგაროტოს შემდეგ). ამ უნივერსიტეტში მას მიჰყავდა ქრისტიანობის, ძველი ქრისტიანული ლიტერატურისა და თანამედროვე იტალიური ლიტერატურის სპეციალიზებული კურსი; მიღებული აქვს სერთიფიკატები იტალიურ ენასა და ლიტერატურაში ამავე უნივერსიტეტის ინტერფაკულტეტიდან და დანტე ალიგიერის საზოგადოებისგან.

2018 წლიდან მოღვაწეობს ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტ „ლ’ ორიენტალეში“. ამავე დროს, კითხულობს ლექციების კურსს რომის სახელმწიფო უნივერსიტეტ “ლა საპიენცასა” და ბოლონიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეული პროფესორის რანგში, არის ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის მეცნიერ- კონსულტანტი და ასობით სამეცნიერო პუბლიკაციისა თუ მონოგრაფიის ავტორი.

2003 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში იწვევენ ლექციების წასაკითხად, თემაზე: „ძველი ქართული ლიტურგიული მწერლობა“.

გაგა შურღაიამ მხატვრულ პროზაშიც სცადა კალამი. 2002 წელს გამომცემლობა „მერანმა გამოსცა მისი პირველი ვრცელი მოთხრობა „მარცია“. ქართულად თარგმნილი აქვს ჩეხოვის, სარტრისა და დინო ბუცატის მოთხრობები. 2015 წელს გამოვიდა მისი მოთხრობებისა და წერილების კრებული, სახელწოდებით „ნოსტალგია“.

პროფესორ შურღაიას მონოგრფიას - ,,ქართლის მეფე, ვახტანგ I გორგასალი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სათავეებთან“ (იტალიურ ენაზე, რომი 2018), სამეცნიერო წრეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ამ ნაშრომისადმი მიძღვნილი მრავალი ცნობილი ბიზანტინისტისა და ქართველოლოგის რეცენზია  გამოქვეყნდა სხვადასხვა მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემასა თუ კრებულში (ლუიჯი მაგაროტო, დონალდ რეიფილდი, ჯორჯო ვესპინიანი, ანტონიო კარილე, ჰანს-ქრისტიან გიუნთერი, ჰუბერტ კაუფჰოლდი და სხვ.).

მეცნიერი ფლობს: ქართულ, რუსულ, იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ ენებს. გარდა ამისა, წერს ძველ ბერძნულ, ლათინურ და ძველ სომხურ ენებზე და კითხულობს ესპანურად და გერმანულად.

გაგა შურღაია ხშირად ყოფილა საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების, რომის პაპთა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრებზე ოფიციალური თარჯიმანი.

2020 წელს ქართველ მეცნიერს მთარგმნელობითი საქმიანობისთვის იტალიის ეროვნული პრემია Premio Nazionale per la traduzione გადაეცა.ეს პრესტიჟული პრემია, რომელიც იტალიის კულტურის სამინისტრომ 1988 წელს დააარსა, ყოველწლიურად 8 საუკეთესო იტალიელ და უცხოელ მთარგმნელს და გამომცემელს გადაეცემა.

წყარო: 

https://www.isevenezia.it/it/istituto/collegio-docenti/91-gaga-shurgaia

https://ermes.tv/2024/06/24/italia-zhurnalisti-nina-mamukadze-da-mtserali-phranchesko-trechi-stumrad-prophesor-gaga-shurghaiasthan-saavtoro-gadatsema-la-piazza/

https://sangu.edu.ge/index.php?m=325&news_id=1384

https://www.ghn.ge/news/178819


Share: